რამდენად უსაფრთხოა თბილისში სასმელი წყალი
XIX საუკუნეში, თბილისში 5 მცირე სიმძლავრის წყალსადენი მოქმედებდა. მაშინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 1 სულ მოსახლეზე 4 ლიტრი წყალი მოდიოდა. 1862 წელი თბილისის ცენტრალიზებული წყალმომარაგების ჩამოყალიბების თარიღად არის მიჩნეული, როდესაც მტკვრის ფილტრატების ბაზაზე მცირე სიმძლავრის, ყორღანოვის სახელით ცნობილი, ცენტრალიზებული წყალსადენი აშენდა. ის რუსეთის იმპერიაში წყალმომარაგების რიგით მე-11 სისტემა იყო, რომელმაც მხოლოდ 1887 წლამდე იარსება. 1880-იანი წლების ბოლოს ავჭალის წყალსადენი აშენდა, რომელიც, 46 წლის მანძილზე, თბილისის წყალსადენის ერთადერთ ცენტრალიზებულ სისტემას წარმოადგენდა.
XIX საუკუნის ბოლოს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება გამახვილდა მდინარე არაგვის ფილტრატებზე - ნატახტრისა და ბულაჩაურის მიწისქვეშა წყაროებზე. არაგვის ხეობაში საძიებო სამუშაოებს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ.
დღეს თბილისის წყლით მომარაგებაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ზრუნავს. რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ვსვამთ, რა პერიოდულობით ხდება წყლის ანალიზი და კიდევ სხვა კითხვებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თინათინ მაკარიძეს მივმართეთ:
- სასმელი წყალი, პროდუქტი, რომელსაც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის მოსახლეობას აწვდის არის სუფთა, ხარისხიანი და მისი მოხმარება სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასმელი წყლის ხარისხი თბილისში მთლიანად აკმაყოფილებს როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს, ასევე, სასმელი წყლის ეროვნული რეგლამენტის ყველა მოთხოვნას. თბილისი ევროპის იმ დედაქალაქების ათეულში შედის, სადაც ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოფიციალურად ნებადართულია. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და მდიდარია მინერალებით.
- რამდენ ხანში ერთხელ ხდება წყლის ლაბორატორიული ანალიზი?
- როგორც წესი, თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის, როგორც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ ხდება. ეს უწყვეტი ციკლია და კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ 24 საათის განმავლობაში ხორციელდება. კომპანიის ლაბორატორიები განთავსებულია ყველა სათავო ნაგებობაზე, საიდანაც დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. წყლის სინჯების აღება ხდება ყოველ საათში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ყველა აუცილებელი პარამეტრის მიხედვით ხდება - ასეთი კი 53-ია. ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული პარამეტრის კონტროლი გაწერილი პროცედურაა და თავისი დრო და ვადები აქვს. ასევე, წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება თბილისის სხვადასხვა უბნის წყალსადენის ქსელებში და რეზერვუარებში. მნიშვნელოვანია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისადაა აკრედიტებული და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. გარდა ამისა, მეტი გამჭვირვალობისთვის ტარდება ლაბორატორიათშორისი ანალიზები, რაც ISO-17025-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა. კომპანიის ლაბორატორიები, სასმელი წყლის ხარისხის განმსაზღვრელ ყველა ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრთან დაკავშირებით, საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდაში წელიწადში რამდენჯერმე იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფარგლებში კი, წყლის ხარისხის კონტროლის გადამოწმება, გარკვეული პერიოდულობით, ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

- რა მასალისგანაა დამზადებული მილები, რითაც ხდება წყლის მიწოდება?
- წყალსადენის მაგისტრალური მილდენები, ანუ დიდი დიამეტრის მილები, დამზადებულია ფოლადისა და თუჯისაგან, ხოლო გამანაწილებელი ქსელები არის როგორც ფოლადის და თუჯის, ასევე პოლიეთილენის. ახალი მილები, რომლებსაც კომპანია წყალსადენის ქსელების განახლება-რეაბილიტაციისთვის იყენებს, არის მაღალი ხარისხის, გამოირჩევა გამძლეობით და დამოწმებულია შესაბამისი სერთიფიკატით.
- რატომ წარმოიქმნება ძალიან ხშირად ამა თუ იმ უბანში, წყლის მილების რემონტის საჭიროება?
- იმის მიუხედავად, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რეგულარულად ახორციელებს წყალსადენის ქსელების ანუ მილების განახლება-რეაბილიტაციას - მაგალითად 2015 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, მთლიანად განახლდა 150-მდე ქუჩა თბილისის სხვადასხვა რაიონში - დედაქალაქში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოძველებული კომუნიკაციები, რომელიც ეტაპობრივად ახლდება. პერიოდულად სწორედ ასეთი მილები ზიანდება და მათი შეკეთების საჭიროებაც სწორედ ამიტომ იჩენს თავს. ასეთ ქსელებს კომპანია ოპერატიულად არემონტებს ან ახლით ცვლის.
კომპანიის ახალი მენეჯმენტის ინიაციატივით, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი პროექტი, რაც გულისხმობს თბილისის წყალსადენის ქსელების სტანდარტიზაციას ანუ ქსელების თანამედროვე სტანდატების მიხედვით ექსპლუატაციას. პროექტის ფარგლებში ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის წნევის რეგულატორები. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდება ავარიული დაზიანებები.
- რამდენად შეესაბამება GWP-ის სისტემა თანამედროვე სტანდარტებს?
- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნოლოგიური სისტემები მთლიანად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ეტაპობრივად გადადის ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე. შესაბამისად, კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა და წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანია და აჩქარებს კომპანიის განვითარებასაც და ტექნიკური პროცესების მართვასაც.
- როგორ ხდება წყლის ფილტრაცია?
- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნედლ წყალს ჯერ ჟინვალის წყალსაცავში აყოვნებს, საიდანაც 42 კმ სიგრძის გვირაბული მაგისტრალით წყალი თბილისში ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობების გავლით ხვდება, კოაგულანტით მუშავდება, ილექება და ბუნებრივი ფილტრების სხვადასხვა შრეებს გადის. ამ წყალს უერთდება არაგვის ხეობის - ნატახტრის, ბულაჩაურის, საგურამოსა და ჭოპორტ-მისაქციელის მიწისქვეშა წყაროების წყლები, იგივე არაგვის ფილტრატები. შემდეგ, სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში ლაბორატორიულად მოწმდება და თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.
ლადო გოგოლაძე