საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მასშტაბურად გავრცელებული დაავადებები და ბრძოლა ე.წ ღორის გრიპთან | Allnews.Ge

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მასშტაბურად გავრცელებული დაავადებები და ბრძოლა ე.წ ღორის გრიპთან

საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ე.წ. ღორის გრიპმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოწვია. ამ დრომდე H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 292 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის ინტენსივობამ კი, 100 000 მოსახლეზე 357 შეადგინა. გარდაიცვალა ვირუსით დაინფიცირებული 13 ადამიანი. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა თანმდევ დაავადებებსა და ექიმთან დაგვიანებით მისვლას უკავშირდება.

ამასთან ამავე ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე Allnews.ge - სთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გრიპის ვაქცინა ისეთივე ეფექტიანი არ არის, როგორც სხვა ვაქცინები.

"გრიპის ვაქცინის მაქსიმალური დაცვა არის 60%, იგი სამწუხაროდ, არ არის ისეთივე ეფექტური ვაქცინა, როგორც სხვა ვაქცინები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით მეტი ადამიანი იცრება, გრიპი მაინც არის ხოლმე. გრიპის ვაქცინა უფრო ინდივიდუალური დაცვის საშუალებაა, ვიდრე საზოგადოებრივი. შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მძიმედ - არა. ამიტომ არის რომ გრიპი, მთელ მსოფლიოში ჯერჯერობით მასობრივია. გრიპი ყველას ჰქონია, მაგრამ ძალიან იშვიათია, გამოიწვიოს ფატალური შედეგები. როდესაც 10 ათასობით და 100 ათასობით ადამიანი ავად გახდება, ვიღაცას ყოველთის გაურთულდება", - ამბობს პაატა იმნაძე.

სახელმწიფოს როლი: გრიპის ვაქცინით აცრა ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ჩატარდეს. სახელმწიფო პროგრამით, პაატა იმნაძის ინფორმაციით, წელს აცრილია ბავშვთა სახლების ბავშვები, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, დიალინზე მყოფი პაციენტები, დიაბეტიანი ბავშვები. ასევე, ექიმების დიდი ნაწილი. სახელმწიფო აცრების ჩატარების ორგანიზებას მაღალი რისკის ჯგუფებში ახდენს. დანარჩენი, პაატა იმნაძის თქმით, ადამიანის ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის სეზონი გრძელდება. თებერვალში, მათი ვარაუდით, ზომიერი მატება იქნება, თუმცა ეპიდემიურ ზღურბლს ავადობის მაჩვენებელი არ გადააჭარბებს. ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ უკვე მოუწოდა და გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვა ურჩია.

პაატა იმნაძე კი Allnews.ge - ისთან საუბრისას გრიპის სეზონურობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ გრიპი ზამთართან ერთად დაგვტოვებს.

საქართველოში მასშტაბურად გავრცელებული დაავადებები: გრიპის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართევლოში 2009 წელს დაფიქსირდა. პაატა იმნაძის თქმით, მაშინაც სწორედ H1N1 გავრცელდა, მაგრამ ეს ვირუსი ახალი იყო მთელ დედამიწაზე და პანდემიური სახე ჰქონდა. საქართველოშიც, თითქმის დაიწყო ეპიდემია, მაგრამ ეპიდემიური ზღვრიდან სწრაფად დაეცა მაჩვენებელი: "2009 წლის ერთი კვირა იყო, როდესაც მაჩვენებელს გადააჭარბა, მაგრამ მაშინვე დაეცა. იმიტომ, რომ ამ დროს ყველაფერი იკეტება ხოლმე, ავადობა დავარდა", - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება სხვა დაავადებებს, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე შემთხვევა იყო. მაგალითად, 2004-2005 წლებში წითელას ეპიდემიური ხასიათი ჰქონდა. ასევე, 2013-1014 წლებში. ხოლო 1994-1996 წლებში საქართველოში დიფტერია გავრცელდა. ამ ფაქტს პაატა იმნაძე იმით ხსნის, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, აცრები მოიშალა. თუმცა, იმუნიზაციის პროცესის აღდგენის შემდეგ, ორჯერ ჩატარდა მასობრივი კამპანია: "მაშინ საქართველოში 3 მილიონი კაცი აიცრა დიფტერიაზე და დიფტერია ძალიან მალე დავამარცხეთ", - იხსენებს პაატა იმნაძე.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz