უიმედოდ დარჩენილი "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა | Allnews.Ge

უიმედოდ დარჩენილი "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა

ბათუმის მიმდებარედ თვითნებური დასახლება "ოცნების ქალაქი" 2 400-მდე უკანონო ნაგებობას ითვლის. სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე ხის ფიცრულები და ძველი ვაგონები 2012 წლის ოქტომბრიდან გაჩნდა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობის შეცვლით "დრო იხელთეს" და მიწები სამომავლოდ დაკანონების იმედით დაიკავეს:

"შამპანურებს ხსნიდნენ და თანამდებობებს ინაწილებდნენ. ჩვენთვის არავის ეცალა, გვიჭირდა თუ გვილხინდა, სახელმწიფო მიწებს დავეპატრონეთ თუ ჩვენი იყო ეს ტერიტორია, თვეების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. შევარდნაძის დროს "ჭაობის" დასახლებაში შეჭრილებს მიწები სააკაშვილმა არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ დაურეგისტრირა. წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხმების მოსაპოვებლად ეს მთავრობაც რამეს მოიფიქრებს", - აცხადებს "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ნარგიზ ბერიძე.

როგორ გაჩნდა და როგორია "ოცნების ქალაქი"?

უკანონო დასახლების სახელი "ოცნების ქალაქი" მმართველი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნების" სახელწოდებიდან მოდის. "ოცნების მთავრობა" გვყავს და ჩვენც "ოცნების ქალაქი" უნდა ავაშენოთო, - ამბობდა ამ "ქალაქის" მოსახლეობა სამი წლის წინ მიწების დანაწილების დროს.

თვითნებური დასახლება, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების 53-ე და 25-ე ბატალიონების და "ოპიზრების" მიწებზე გაჩნდა. თავდაპირველად, 100-მდე ოჯახი ერთ გუნდად შეიკრა და ამ ტერიტორიაზე დასახლდა. მათ წაქეზებაში ზოგი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს, ზოგი კი ბათუმის მაჟორიტარ მურმან დუმბაძეს. თვითნებურად დასახლებულებმა ქოხების მშენებლობა წამოიწყეს, ზოგმა კი ძველი ვაგონები ჩადგა. მალე ფიცრულების რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ღამე აშენებდნენ, დილაობით კი ქოხები როგორც "ნაწვიმარზე ამოსული სოკოები" ისე ჩნდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფაქტით აჭარის მთავრობა დაინტერესდა და სამთავრობო კომისიას ნაგებობების აღწერა და დანომრვა დაავალა. აჭარის მთავრობის ახალბედა თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თავიდან ყველას ჰპირდებოდა დახმარებას, ამ საკითხს მედიაც აქტიურად აშუქებდა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას გაუჩნდა მისწრაფება - როგორმე მათაც ჩაედგათ ფიცრული ამ ტერიტორიაზე და მთავრობის დახმარება მიეღოთ. ზოგიერთმა პირველმოსახლემ ბიზნესის გაკეთებაც მოინდომა, რამდენიმე ქოხი ააშენა, შემდეგ კი ფასიც დააწერა - "იყიდება 3 000 ლარად".

ფიცრულები სახელდახელოდ, მიწის ზედაპირზე არის აგებული, რის გამოც ყოველი წვიმის დროს წყალი საცხოვრებელში შედის და საყოფაცხოვრებო ნივთებს ანადგურებს. "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლებს წყაროს რიგში დგომა და წყლის სახლამდე მიტანა სათლებითა და ბოთლებით უწევთ. ენერგოკომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მათ საერთო მრიცხველის დაყენება და შუქის ჩართვა შეძლეს, თუმცა, კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის გამო დენი ყოველი თვის ბოლოს რამდენიმე დღით ეთიშებათ. ამჯერადაც, 437 ლარიანი დავალიანების გამო უშუქოდ დარჩნენ. "ოცნების ქალაქის" ელექტრიკოსი ამბობს, რომ თითოეულ მცხოვრებს 3-5 ლარი აქვთ გადასახდელი, თუმცა ხშირად ამ თანხის თავმოყრასაც ვერ ახერხებენ.

პრობლემატურია საპირფარეშოების საკითხიც. არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც, ერთ კვარტალში მცხოვრები 50-70 ოჯახი ხის ფიცრებით აგებული საპირფარეშოთი სარგებლობს. "ოცნების ქალაქში" ცხოვრება რთულია ზაფხულში, როცა ცხელა და ზამთარში, როცა ცივა, რადგან ფიცრულები ვერ იჭერს ვერც სიცხეს და ვერც სიცივეს. აქ მცხოვრებლები ხშირად უჩივიან ორივე სეზონისთვის დამახასიათებელ ვირუსებს. ისინი ნახევრად ხუმრობითაც ამბობენ, "ვირუსებს ვჩეკავთ და მერე მთელ ქალაქში ვამრავლებთო".

ვინ ცხოვრობს "ოცნების ქალაქში"?

"ოცნების ქალაქი" რამდენიმე ათას ადამიანს ითვლის. მათი უმრავლესობა აქ სოციალური პრობლემების გამო დასახლდა. ზოგი მაღალმთიან აჭარაში მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა და სახლის დატოვება მოუწია. ეკომიგრანტის სტატუსით წალკაში მცხოვრები აჭარლები სახლების ბერძენმა მეპატრონეებმა გამოასახლეს და მათაც აქ დაიდეს ბინა. ნაწილს ბანკმა წაართვა საცხოვრებელი, ზოგი ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. ზოგიერთს სოფლად სახლი აქვს, მაგრამ ქალაქში "ცხოვრების ასაწყობად" გადმოვიდა. არიან ისეთებიც, ვისაც ფიცრული "ყოველი შემთხვევისთვის" აქვს ჩადგმული და ამბობენ, "თუ სხვას დაუკანონებენ, ჩვენც შეგვხვდება წილი საშვილთაშვილო ქონებაზე". დასახლებაში საკმაოდ მრავლადაა მსუბუქი ავტომობილები. სწორედ ასეთი ოჯახების მიმართ ისევ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები გაღიზიანებით საუბრობენ: "ჯიპი რომ მყავდეს ბინის დასაქირავებელი თანხაც მექნება და ამ ანტისანიტარიაში არ ვიცხოვრებ. მანქანების გამოა, რომ ვისაც გვიჭირს, იმათაც არ გვეხმარებიან".

თამარ კოკობინაძე მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად "ოცნების ქალაქში" 3 წლის წინ დასახლდა. მეექვსე შვილი ახალშეძენილი ჰყავდა, ქირის გადახდას ვეღარ ახერხებდა და რომ გაიგო, სოციალურად დაუცველები "ბატალიონების მიწებს" ინაწილებდნენ, ოჯახთან ერთად ისიც აქ მოვიდა. თამარი 35 წლის არის. ინტერვიუს ჩაწერის დღეს ის აკვანს ამზადებდა, მეორე დღეს კი მერვე შვილი შეეძინა. ამბობს, რომ მესამე ჩვილის გაზრდა მოუწევს იმ პირობებში, სადაც ჰიგიენის დაცვა წარმოუდგენელ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თამარს და მის მეუღლეს სამხედრო სახლებში ადგილი საპირფარეშოების ნაწილში შეხვდათ, სადაც კედლები დახეთქილია, ჭერიდან წვიმს და ნესტის გამო ყველაფერი სველია:

"აქ ყველაზე რთული ჰიგიენის დაცვაა. 30 კვადრატულ მეტრში 10 სული ვცხოვრობთ.

ხალხმა უცებ დაიტაცა ადგილები, ჩვენ ფიცრულის ჩადგმის საშუალებაც არ გვქონდა და რაც დარჩა იქ შემოვსახლდით. სულ უფროსი 17 წლის არის, ადრე გათხოვდა და უკვე ბებიაც გავხდი. მომდევნოები 13-ის, 10-ის, 8-ის, 6-ის, 4-ის, 2-ის და ბოლოც ახალშობილი. სულ 5 გოგონა და 3 ვაჟი. ჩემი მეუღლე არ მუშაობს. 400 ლარი სოციალური დახმარება გვაქვს და მერიის სასადილოდან მოგვაქვს საჭმელი", - აცხადებს თამარ კოკობინაძე.

34 წლის ია ბოლქვაძეს 7 შვილი ჰყავს. ისიც უკვე ბებიაა, რადგან მისი უფროსი შვილი 13 წლის გათხოვდა და შვილიც შეეძინა. მომდევნო შვილები 14-ის, 10-ის, 5-ის, 4 წლის ტყუპები და წლინახევრის ჰყავს. მის ორ შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა, მათ მკურნალობას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. ია ბოლქვაძე მთავრობას შვილების სამკურნალოდ თანხას და საცხოვრებელს სთხოვს:

"ყველა სასულიერო პირი ერის გამრავლებას ქადაგებს.

ქვეყანას 7 შვილი გავუჩინე და უსახსრობის გამო ჯანმრთელობის პრობლემებით და ულუკმაპუროდ უნდა დამეხოცონ.

როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს სახლშიც. ყველაზე მეტად მჭირდება თავშესაფარი. მიწაზე, ნესტში რომ გეყოლება ბავშვები ჯანმრთელობა როგორ უნდა შეუნარჩუნო. ერთი შვილი ასთმიანია. ყოველ კვირას საავადმყოფოში გადასხმები რომ არ გაუკეთონ, ვერ იცოცხლებს. წლინახევრის ბავშვს ჩირქი სდის ყურიდან. საავადმყოფოში მივედით, მაგრამ ექიმთან შესასვლელად 25 ლარი იყო გადასახდელი და უკან წამოვედით. ვინმეს თუ შეუძლია დახმარება, სარეცხის მანქანა მჭირდება, 8 ადამიანის ტანსაცმლის რეცხვა ძალიან რთულია, ჯანმრთელობაც აღარ შემრჩა",- ამბობს ია, რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხულოს სოფელ ირემაძეებიდან ჩამოვიდა.

ხერხემლისა და მხედველობის პრობლემის მქონე ტყუპების მკურნალობისთვის დახმარებას ითხოვს 26 წლის თეა ძნელაძეც. ის და მისი მეუღლე ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, ბინის ქირა ვეღარ გადაიხადეს და "ოცნების ქალაქში" შესახლდნენ.

"დღენაკლულობის გამო ხერხემლის გამრუდება აქვთ, ვერ დაიდან და მხედველობაც არ აქვთ. ექიმებმა დღენაკლულთა რეტინოპათია დაუდგინეს, რაც ბადურის ჩამოშლას გულისხმობს. თავიდან დაფინანსება გვქონდა და თბილისში ვმკურნალობდით, შემდეგ გვითხრეს, რომ დაფინანსება აღარ გვეკუთვნოდა. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი, საკვები მერიის სასადილოდან მოგვაქვს, შეშას გაწვიმების შემდეგ მდინარე ჭოროხზე ვაგროვებთ. ვართ ბედის ანაბარა, უქონელი და უსახლკაროები", - ამბობს თეა ძნელაძე.

36 წლის ავთანდილ მაკარაძე "ოცნების ქალაქში" მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. ახლა მას მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, თუმცა ბავშვებისგან იზოლირებულად ყოფნა იმის გამო არ შეუძლია, რომ მისი საცხოვრებელი მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება. მაკარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია და გულნატკენია იმის გამო, რომ ჯარიდან დაითხოვეს:

"ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან ვიბრძოდი. შემდეგ ჯარიდან გამომიშვეს, ალბათ აღარ ვჭირდებოდი. მხოლოდ საბუთი მომცეს იმის დასტურად, რომ ომის ვეტერანი ვარ. ჩვენ ყველას ერთი თხოვნა გვაქვს მთავრობის მიმართ - საკუთარი ჭერი გვინდა", - ამბობს ავთანდილ მაკარაძე, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტიდან სახლის დაწვის შემდეგ წამოვიდა.

28 წლის სამშვილიანი სოსლან ტუნაძე "ოცნების ქალაში" კაპიტალურ სახლს აშენებს. სახლის სახურავზე მყოფი მთავრობას ურჩევს, მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები გაჭირვებულ ხალხს მოახმაროს. სოსლან ტუნაძე ამბობს, რომ სახლს სამი წელია აშენებს და თუ მთავრობა მის გამოსახლებას გადაწყვეტს, მისი ოჯახი ჯერ შესაბამისი საცხოვრებლით უნდა უზრუნველყოს:

"არ მეშინია მთავრობის, ვერ დაანგრევენ ჩემს სახლს. აქედან გასახლებას თუ დამიპირებენ, ჯერ ამდენივე კვადრატ საცხოვრებელ ფართს მომცემენ. ეს მიწა დაკანონებული არ მაქვს, მაგრამ კანონებში წერია, რომ გადახდისუნარიანი მოსახლეობის გადასახადებით სახელმწიფო გაჭირვებულ ხალხს უნდა დაეხმაროს.

ხალხის დასახმარებლად, რომ არ ხარჯავს მთავრობა ფულს, იმიტომაც მიიღეს "ოცნების ქალაქი".

ამ სახლს სამი წელია ვაშენებ. ბათუმში ბინის დასაქირავებლად რომ ვიხდიდი თანხას, ის ფული დავზოგე, დღეში თუ ჩემი ოჯახი სამ პურს ჭამდა, გავიჭირვეთ და ორი პურით გავედით ფონს. ასე შევაკოწიწე კაპიკ-კაპიკ და ავაშენე სახლი. ორი წელიც ამის გასარემონტებლად დამჭირდება. მიწის ყიდვის საშუალება რომ მქონოდა, ვიყიდიდი და სადავო ადგილზე სახლს არ ავაშენებდი, მაგრამ არ მაქვს მთავრობის წევრების მსგავსად მაღალი ხელფასი", - ამბობს სოსლან ტუნაძე.

მთავრობას დახმარებას სთხოვს ავარიის დროს ხერხემლის დაზიანების გამო ეტლით მოსარგებლე რომან გუნდაძე. სანამ "ოცნების ქალაქში" გადმოვიდოდა, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მუშაობდა და ბოლოს ბინის ქირასაც ვერ იხდიდა. ფიცრული მეზობლებმა აუშენეს. ზამთრობით ეტლით გარეთ გასვლას და გასეირნებას ვერ ახერხებს. რომან გუნდაძე მთავრობას მისი შვილებისთვის თავშესაფრით დახმარებას სთხოვს.

36 წლის ჰამლეტ ჭაღალიძე მარტოხელა, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მამაკაცია. მას სოციალურმა აგენტმა შეფასებისას მაღალი ქულა დაუწერა, რის გამოც 60 ლარიანი დახმარება მოუხსნეს და ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობს. მეზობლები ჰამლეტს ძალიან გულშემატკივრობენ და სოციალური აგენტის მისვლას ითხოვენ, თუმცა აგენტი არ მიდის. "არაფერი არ გამაჩნია, არც ჯანმრთელობა და არც ქონება, ვარ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში", - ამბობს ჰამლეტი.

"ოცნების ქალაქის" პატარა მაცხოვრებლები

"ოცნების ქალაქში" სულ 830 ბავშვი ცხოვრობს. ამ რაოდენობაში შედის ბოლო სამი წლის განმავლობაში დაბადებული 200-მდე ბავშვიც. ისინი დასახლების მიმდებარედ არსებულ სკოლებსა და ბაღებში ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადაანაწილა.

12 წლის ჭაბუკა და-ძმასა და მშობლებთან ერთად მეოთხე წელია "ოცნების ქალაქში" ცხოვრობს. ის სკოლის შემდეგ ველოსიპედით სეირნობს და მის თანატოლებთან ერთად თამაშობს. ოჯახი ხულოს სოფელ ფუშრუკაულიდან გადმოვიდა "ოცნების ქალაქში". კითხვაზე თუ რა არის მისი ოცნება, ის სახლის ფიგურას ხელებით მიხაზავს და ამბობს - "მინდა კაი სახლი მქონდეს, ეს ნიშნავს, სახლში ჩემი ოთახი და კომპიუტერი იყოს, დედას კი მაცივარი, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები ჰქონდეს", - ამბობს ჭაბუკა.

მთავრობის პოზიცია

"ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები სამი წლის განმავლობაში დახმარების თხოვნით მთავრობას, კონკრეტულად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს მიმართავდნენ. 2015 წლის დასაწყისში არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკანონო დასახლების პრობლემას გადაჭრიდა. თუმცა, პრობლემის გადაჭრის გზები გასულ წელს არ გამოიძებნა.

საკითხთან დაკავშირებით Allnews.ge-სთან არჩილ ხაბაძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამჯერად აღარ აკონკრეტებს პრობლემის აღმოფხვრის ვადებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ "ოცნების ქალაქთან" დაკავშირებით "ძალიან რთული სიტუაციაა". არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ თვითნებურად შესახლებულებს თავის დროზე კანონის მკაცრი ხელი ვერ დაუპირისპირა, რაც ნაწილობრივ გამოუცდელობის ბრალიც იყო:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოუცდელები ვიყავით. ჯერ რამდენიმე ჯიხური ჩაიდგა და მერე ავიდა 2 000-ზე მეტ ფიცრულამდე. მიმდინარეობდა მიწის შემოღობვა, მშენებლობა, გაქირავება, დაგირავება, გადაყიდვა და ასე შემდეგ. დღევანდელი დღე რომ ყოფილიყო ამას არ დავუშვებდით. თავიდანვე უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივი რეაგირება. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს იყო მთავრობის უსუსურობა", - ამბობს არჩილ ხაბაძე.

ის სახელმწიფო ტერიტორიების თვითნებურად დაკავებას წინა მთავრობის მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების ცვლას ისტორიულად ყოველთვის თან ახლდა. არჩილ ხაბაძე განმარტავს, რომ თვითნებურად შესახლებულებს შორის სახელმწიფო დახმარებას მხოლოდ 120-მდე ოჯახი მიიღებს, დანარჩენებს კი ტერიტორიის დატოვება მოუწევთ:

"წინა მთავრობის გამგებლების ოჯახებიც ჩასახლდნენ, ეს ნაწილობრივ პოლიტიკურად წაქეზებული იყო. ჩვენ გვინდა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. 2 000 ოჯახს ვერ დავეხმარებით, მათი მხრიდან გამოძალვის და სახელმწიფო ქონების მითვისების მცდელობას აქვს ადგილი. ზედმეტ ხარჯებს სწევს ის კატეგორია, ვინც ქვის სახლებს აშენებს. დაინგრევა მათი სახლები, ვერ მიიღებენ მთავრობისგან ვერანაირ კომპენსაციას. ჩვენ დავითვალეთ იქ არსებული ნაგებობების ასაშენებლად გაწეული ხარჯები, რამაც მილიონ ლარს გადააჭარბა. მათ შეიძინეს ხის მასალა, ქვა კედლების ამოსაშენებლად და სახურავი. მაქსიმუმ 20% იქნება ისეთი, ვისაც ნამდვილად უჭირს და საცხოვრებლის პრობლემა აქვს. პირველ რიგში შეგვიძლია ეკომიგრანტის სტატუსის მქონე პირებს დავეხმაროთ და ასეთი ამ დასახლებაში 27 ოჯახი ცხოვრობს", - აცხადებს არჩილ ხაბაძე.

არჩილ ხაბაძემ ჩვენ მიერ აღწერილი სოციალურად დაუცველების ისტორიებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ "ამ შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავს".

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თხოვნით მიმართავს "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლებს, დაეხმარონ მთავრობას იმის განსაზღვრაში, ვის ესაჭიროება რეალურად დახმარება.

სანამ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ, პრობლემა პრობლემად რჩება, ფიცრულების რაოდენობა კი იზრდება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

myquiz