უცნობი ოსტატის ცნობილი კვალი - ვინ იყო მხატვარი-დეკორატორი ალექსანდრე გვეტაძე: კაცი, რომელმაც “აზრთა კონა“ და “ხაზვის სახელმძღვანელო“ შექმნა
XX საუკუნის ქართული კულტურისა და წიგნის გრაფიკის ისტორიაში გვხვდება იმ ადამიანთა სახელები, რომლებმაც უდიდესი ამაგი დასდეს ეროვნულ საქმეს, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად ცნობილნი არიან. მათ შორისაა მხატვარი და პედაგოგი ალექსანდრე გვეტაძე.
ჩრდილში დარჩენილ, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ, XX საუკუნის ქართველ მხატვარზე Allnews-ს ალექსანდრე გვეტაძის შვილთაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი - ნინო ბარნაბიშვილი ესაუბრა.

-
როგორი იყო ალექსანდრე გვეტაძის ადრეული წლები და ოჯახური გარემო?
ალექსანდრე თედორეს ძე გვეტაძე 1894 წელს დაიბადა. ბავშვობა ქუთაისში, მაშინდელი თაბუკაშვილის ქუჩის N8-ში (მოგვიანებით გელათის მეორე შესახვევი) მდებარე ორსართულიან ქვითკირის სახლში გაატარა. ალექსანდრე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მამა თედორე გვეტაძესა და დედა - ედოსი კუხიანიძე ოთხ ვაჟს - ალექსანდრეს, ნიკოლოზს, რუბენსა და აკაკის ზრდიდა.


1910 წლის 30 ივნისს ოჯახს თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა: ალექსანდრეს მამა ქუთაისში, სიკო ერაძის დუქანში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება უფროს ვაჟს - ალექსანდრეს 15 წლის ასაკში მოუწია.
-
სად მიიღო განათლება ალექსანდრე გვეტაძემ და როგორ უკავშირდება სტუდენტობის წლები მომავალი მეუღლის გაცნობასა და ოჯახის შექმნას?
დაწყებითი განათლება ალექსანდრემ იოსებ ოცხელის მიერ დაარსებულ ქართულ დაწყებით სკოლაში მიიღო. იგივე წლებში, ამავე სკოლაში მისი მეგობარი სიმონ ყაუხჩიშვილი სწავლობდა. დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში განაგრძო.
1915 წ. ალექსანდრე უკრაინაში გადადის საცხოვრებლად. ის აქ კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1919 წლის 13 დეკემბერს, კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ეკონომიკური მეცნიერებების “კანდიდატის” ხარისხი მიიღო.

სწავლის პარალელურად ალექსანდრე გვეტაძე ქართველთა სათვისტომოში აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. Заря Востока -ს N143 გამოქვეყნებულ სტატიაში გ. მალაშხია აღნიშნავს, რომ კიევის კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე გვეტაძე ახალგახსნილი თბილისის უნივერსიტეტისთვის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-გინეკოლოგი - გიორგი გიორგის ძე ბრუნოს კუთვნილი წიგნების კატალოგის შედგენის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და “დიდი ივანე ჯავახიშვილის მადლობა დაიმსახურა“.

შეიძლება ითქვას, რომ კიევში გატარებულმა წლებმა ალექსანდრეს ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სწორედ უკრაინაში ყოფნის პერიოდში გაიცნო ალექსანდრემ მომავალი მეუღლე ელისაბედი (ლიზა). ლიზა მაშინ ოჯახთან ერთად კიევში, ხრეშჩატიკზე ცხოვრობდა. ამავე ქუჩაზე გაატარა სტუდენტობის წლები ალექსანდრემ და მომავალი მეუღლეც ასე გაიცნო. კიევშივე დაქორწინდნენ და 1922 წელს სამშობლოში ალექსანდრე უკვე მეუღლესთან - ლიზა გვეტაძესთან ერთად დაბრუნდა. წყვილი ჯერ ქუთაისში, მამაპაპისეულ სახლში დასახლდა, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში, ვერცხლის ქუჩის N25-ში გადავიდა საცხოვრებლად.
ლიზა ალექსანდრეს მუზა, გულშემატკივარი იყო. მან კარგად იცოდა უკრაინული, რუსული, გერმანული და პოლონური ენები. საქართველოში ჩამოსულმა რამდენიმე წელში ქართულიც ისწავლა. მოგვიანებით კერძო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და ბავშვებს გერმანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1924 წლის 19 აგვისტოს მათ ქალიშვილი - თამარ გვეტაძე შეეძინათ.
-
რა გზა გაიარა სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრემ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება აკადემიის დასრულების შემდგომ?
საქართველოში დაბრუნებული ალექსანდრე აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში ქუთაისისა და თბილისის სკოლებსა თუ ტექნიკუმებში ისტორიის, ხაზვა-ხატვის მასწავლებლად მუშაობდა (მათ შორის თბილისის გიმნაზიაშიც). პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ის მხატვრადაც მუშაობდა (ქუთაისში რამდენიმე თეატრალური დადგმაც კი გააფორმა), აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა აფიშებს და სხვ.


ხელოვანი თავისუფლად ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ლათინურ ენებს. 45 წლის მანძილზე აგროვებდა და სხვადასხვა ენიდან თავადვე თარგმნიდა მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა ბრძნულ გამონათქვამებს, რომელთაც თავი 1962 წელს გამოცემულ წიგნში - “აზრთა კონა“ მოუყარა.
ალექსანდრე ადრეული წლებიდან ხატავდა, სკოლაში სწავლის პერიოდში აფორმებდა კედლის გაზეთებს, ხატვა არც კიევში ჩასულს შეუწყვეტია... ეს ის სფერო იყო, რომელიც მას სულ აინტერესებდა, იზიდავდა, მაგრამ ვინაიდან მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება ადრეულ ასაკში მოუწია ოცნება ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში მხოლოდ წლების შემდეგ აიხდინა. 1930 წელს მან სამხატვრო აკადემიის პოლიგრაფიული ფაკულტეტი დაამთავრა.
ამ პერიოდიდან ის აქტიურად თანამშრომლობდა წამყვან გამომცემლობებთან (“სახელგამი“, “საბლიტგამი“, “მედგიზი“), აფორმებდა სამეცნიერო ნაშრომებს, მონოგრაფიებს, პოეტურ კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებს. თავისუფალ დროს ის უმეტესად თბილისის პეიზაჟებსა და ნატურმორტებს ხატავდა. მისი ნამუშევრების ნაწილი დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებშია დაცული, ალექსანდრეს მიერ შექმნილი და მისი რედაქტორობით შექმნილი პლაკატების ნაწილი კი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.


ალექსანდრეს მეგობარი სიმონ ყაუხჩიშვილი ერთგან იხსენებს: “1930-1935 წლებში მე თვითონ მუშაობდა სახელგამში, სადაც განვაგებდი (ახლად დაარსებულ) სამეცნიერო ლიტერატურის განყოფილებას, ალ. გვეტაძე რომ არ მყოლოდა იქ, ძალიან გამიჭირდებოდა ისეთი წიგნების გამოცემა, როგორიც იყო, მაგალითად, ივ. ბერიტაშვილის “ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო“, ან - მ. ნოდიას, “გეოფიზიკა“, პროფესორების ი. მენთეშაშვილის, ნ. ანთელავას, ლ. გოკიელის და სხვათა მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები უმაღლესი სკოლებისათვის…” (სიმონ ყაუხჩიშვილი. მეგობრის ხსოვნას. ლიტერატურული გაზეთი 1971 წლის 17 დეკემბერი)

ორმოცდახუთი წლის მანძილზე მან 1400-მდე ავტორის 18000-მდე აზრი შეკრიბა. ხელოვანს დასაბეჭდად “აზრთა კონის“ მეორე ნაწილიც ჰქონდა მზად, რომელსაც იპოდრომის სიახლოვეს მდებარე სახელოსნოში ინახავდა. ეს სივრცე მისთვის ყველაფერი იყო - აქ ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას და დიდი სიყვარულით უვლიდა ეზოში თავისივე ხელით დარგულ მცენარეებს.

თუმცა, მოხდა უბედურება: ტერიტორიაზე სკოლის მშენებლობა გადაწყდა, რის გამოც ადგილი სასწრაფოდ გასუფთავდა. ხანში შესულ მხატვარს სახელოსნოში შესვლა აუკრძალეს. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო დოკუმენტების, ათწლეულების მანძილზე ნაგროვები შრომების, ნახაზების, ნახატებისა და “აზრთა კონის“ მეორე ნაწილის ხელნაწერების გამოტანა. რასაც მთელი ცხოვრება შეალია, თვალსა და ხელს შუა განადგურდა.
ამ მძიმე დარტყმამ ხანში შესული ხელოვანის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია და 1971 წ. ისე გარდაიცვალა, რომ ვეღარც კი შეიტყო, გადარჩა თუ არა რაიმე მისი უმდიდრესი არქივიდან.

“ბაბუას სახლში დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. 2002 წელს მიწისძვრისას იატაკი ორ ოთახში ჩავარდა. სხვა წიგნებთან ერთად ალექსანდრეს მიერ გაფორმებული წიგნების დიდი ნაწილი წყლით სავსე სარდაფში ჩაიყარა. საბედნიეროდ გადარჩა დოკუმენტების ნაწილი და ყდების პირველი ვარიანტები, რომლებიც იმხანად სხვა ოთახში ინახებოდა. 2012 წელს, მაისის თვეში უხვი ნალექის გამო თბილისის ისტორიულ ნაწილში არაერთი სახლი დაიტბორა. მათ შორის იყო ჩვენი სახლიც... სახლის მდგომარეობის შესაფასებლად მოსულმა თბილისის მერიის იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა გვითხრეს რომ იქ დარჩენა სიცოცხლისთვის საშიში იყო... მე და დედა იძულებულები გავხდით სახლი, რომელშიც ჩვენი ოჯახის არაერთი თაობა აღიზარდა დაგვეტოვებინა და მანამ, სანამ მერიაში დოკუმენტებს მოვაწესრიგებდით და ქირით სახლს მოვძებნიდით ახლობლებთან ვერაზე გადავსულიყავით. პირველი, რაც მაშინ სახლიდან გავიტანეთ სწორედ ალექსანდრეს პირადი არქივი იყო…

საინტერესოა ისაა, რომ თაობათა შორის არსებული უხილავი შემოქმედებითი ჯაჭვი არ გაწყვეტილა და მისი შვილიშვილები (ქეთევან ბარნაბიშვილი, იოსებ ბარნაბიშვილი) და შვილთაშვილები (ნინო ბარნაბიშვილი, ანა-ნუკა ბარნაბიშვილი და გიორგი ბარნაბიშვილი) ქვეცნობიერად მაინც მივყვებით პაპისეულ გზას. იმის მიუხედავად, რომ არცერთი ვართ პროფესიით მხატვარი თითოეული ჩვენგანის პროფესიულ თუ შემოქმედებით ცხოვრებაში ხაზვა და ხატვა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული,“ - გვიყვება ნინო ბარნაბიშვილი.

სამწუხაროდ, მისი დიდი ტილოებისა და ქუთაისის თეატრისთვის შექმნილი დეკორაციების უმეტესობა ეპოქის ქარტეხილებს ემსხვერპლა... ოჯახის დიდი ძალისხმევით მისი არქივი, პირადი ჩანაწერები და ნამუშევრების მცირე ნაწილი მაინც გადარჩა. საბჭოთა პერიოდში, როცა ხელოვნება მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოებში (“სოციალისტურ რეალიზმში“) იყო მოქცეული, ალექსანდრემ შეძლო მისი ნიჭი ეროვნული იდენტობის გადასარჩენად გამოეყენებინა.