რატომ არ ჩნდებიან უცხოპლანეტელები დედამიწაზე? - მეცნიერებს 3 არგუმენტი აქვთ...
აშშ-ის მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებამ და კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის ახალმა ფილმმა „გამოაშკარავების დღე“ (Day of Disclosure), ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა ისევ მოდურ ტრენდად აქცია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანს სჯერა: უცხოპლანეტელები ჩვენ შორის არიან!
თუმცა, მეცნიერები ამ ეიფორიას არ ეთანხმებიან. მაშინაც კი, თუ კოსმოსში სიცოცხლე არსებობს, არის სამი მიზეზი, რის გამოც მწვანე კაცუნები ჩვენთან სტუმრობას არ ჩქარობენ.
- კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია!
ეს არის ყველაზე აშკარა დაბრკოლება. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი, პროქსიმა კენტავრი, დედამიწიდან დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული. სინათლის სიჩქარით რომ ვიფრინოთ, იქამდე მისასვლელად 4.3 წელი დაგვჭირდება.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კოსმოსური ხომალდები სინათლის სიჩქარესთან ახლოსაც ვერ მიდიან. მაგალითად, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზონდი, Parker Solar Probe, წამში 191 კილომეტრს ავითარებს. ეს სინათლის სიჩქარის მხოლოდ 0.064%-ია! ამ ტემპით მეზობელ ვარსკვლავამდე მიღწევას 6650 წელი დასჭირდება.
მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ უცხოპლანეტელებმა სინათლის სიჩქარით ფრენა ისწავლეს. აქ საქმეში აინშტაინის ფარდობითობის თეორია ერთვება: რაც უფრო სწრაფად მოძრაობ, მით უფრო ნელა გადის დრო. სანამ კოსმოსური მოგზაურები ჩვენამდე მოფრინდებოდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ, მათ მშობლიურ პლანეტაზე შესაძლოა ასობით წელი გასულიყო. ღირს კი ასეთი მსხვერპლი დედამიწის სანახავად?
- კოსმოსური „ბენზინის“ კოლოსალური ფასი
რაც უფრო სწრაფად გინდა იფრინო, მით მეტი ენერგია გჭირდება. სინათლის სიჩქარესთან მიახლოებას იმდენად ასტრონომიული ენერგია სჭირდება, რომ მისი მიღება თითქმის შეუძლებელია.
გარდა ამისა, კოსმოსი სულაც არ არის ცარიელი. იქ უამრავი მტვერი და წყალბადის ატომია. როცა ხომალდი გიჟური სიჩქარით მიქრის, ეს უწყინარი ატომები მომაკვდინებელ რადიაციად იქცევიან, რასაც შეუძლია ეკიპაჟიც დაწვას და ხომალდის კორპუსიც დაადნოს.
ფიზიკოსები კი ოცნებობენ სივრცის გამრუდებაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფანტასტიკაა. ლოგიკური კითხვა ისმის: რატომ უნდა დახარჯოს სუპერ განვითარებულმა ცივილიზაციამ ამდენი რესურსი ჩვენთან ჩამოსასვლელად? თუ მათ ასეთი ტექნოლოგია აქვთ, ნებისმიერ საჭირო რესურსს საკუთარ ვარსკვლავურ სისტემაშიც მარტივად მოიპოვებენ.
- დედამიწის ჰაერი მათთვის შესაძლოა შხამია
ჩვენი პლანეტა უნიკალურია. აქ სიცოცხლე მილიარდობით წლის განმავლობაში, ადგილობრივ ქიმიურ გარემოსთან ერთად ვითარდებოდა. მაგალითად, ჟანგბადი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, ძალიან აგრესიული და რეაქტიული ელემენტია. არსებებისთვის, რომლებიც სხვა პირობებში გაიზარდნენ, დედამიწის ატმოსფერო შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს.
რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ სკაფანდრები ჩაიცვან, მაგრამ ფაქტია: დედამიწის ბიოსფერო უცხოპლანეტელებისთვის შეიძლება ნამდვილი ბიოლოგიური იარაღი იყოს.
რა გამოდის, მარტო ვართ?
სულაც არა. მეცნიერებს სჯერათ, რომ კოსმოსში სიცოცხლე არსებობს. ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს 6200-ზე მეტი ეგზოპლანეტა (პლანეტები ჩვენი სისტემის გარეთ). ჩვენს გალაქტიკაში კი 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია და ბევრ მათგანს აქვს პლანეტები, სადაც სიცოცხლისთვის გამოსადეგი პირობებია.
უფრო მეტიც, შორს წასვლა არც გვჭირდება: მიკრობულ სიცოცხლეს აქტიურად ვეძებთ მარსზე, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე და სატურნის თანამგზავრებზე - ენცელადსა და ტიტანზე. თუ ჩვენს მეზობლად მაინც ვიპოვით თუნდაც პაწაწინა ბაქტერიას, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ კოსმოსი სიცოცხლით სავსეა.
აბა, რატომ ვერ ვიპოვეთ ვერავინ?
კაცობრიობა კოსმოსიდან რადიოსიგნალების დაჭერას 1960 წლიდან ცდილობს (მაგალითად, ცნობილი პროექტებით SETI და Breakthrough Listen). ჯერჯერობით - სრული სიჩუმეა.
მიზეზი დროის მასშტაბებშია. სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა, ჩვენ კი კოსმოსის მოსმენა სულ რაღაც ერთი საუკუნეა ვისწავლეთ. ეს იგივეა, ოკეანეში ერთი წამით ჩაყო ჭიქა და თქვა, აქ თევზები არ არიან.
ძიება რთულია, მაგრამ მეცნიერები დანებებას არ აპირებენ. ბოლოს და ბოლოს, თუ საერთოდ არ ვეძებთ, პასუხის პოვნის შანსი ნულის ტოლი იქნება.