“სიმსუქნე ხშირად თავდაცვაა - ეს არ არის ნებისყოფის სისუსტე, ეს არის ბიოქცევითი ციკლი“ - რას გვირჩევს ნატა გაგუა ზედმეტი წონის მოსაშორებლად | Allnews.Ge

“სიმსუქნე ხშირად თავდაცვაა - ეს არ არის ნებისყოფის სისუსტე, ეს არის ბიოქცევითი ციკლი“ - რას გვირჩევს ნატა გაგუა ზედმეტი წონის მოსაშორებლად

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სიმსუქნის პრობლემაზე საუბრობს და მეცნიერეულად აღწერს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რომლის დროსაც სხეული ზედმეტი ცხიმის დაგროვებას იწყებს.

“სიმსუქნე ხშირად თავდაცვაა, მაგრამ ყოველთვის არა. სხეული არ გებრძვის. ის ცდილობს შენს დაცვას თავისი გზით. ზოგ შემთხვევაში სიმსუქნე შეიძლება იყოს ორგანიზმის ადაპტაციური პასუხი ქრონიკულ დისტრესზე - მდგომარეობაზე, როცა ნერვული სისტემა ხანგრძლივად რჩება დაძაბულობაში და ვერ აღადგენს ბალანსს.

ამ დროს ორგანიზმი გადადის გადარჩენის რეჟიმზე:

  • ენერგიის შენარჩუნება
  • ცხიმის დაგროვება
  • ფიზიოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნება

ეს ბიოლოგიურად პროგნოზირებადი პასუხია, თუმცა მას თავისი ფასი აქვს.

  • რა ხდება რეალურად?

ქრონიკული დისტრესის დროს ირღვევა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ღერძის (HPA axis) რეგულაცია. ეს არ ნიშნავს მხოლოდ „მაღალ კორტიზოლს“. პრობლემა უფრო ღრმაა - ირღვევა მისი რიტმი და კონტროლი. შედეგად იცვლება:

  • მადა და საკვების არჩევანი
  • ინსულინისადმი მგრძნობელობა
  • ენერგიის გამოყენებისა და შენახვის ბალანსი

ცხიმოვანი ქსოვილი ამ პროცესში პასიური არ არის. ის მოქმედებს როგორც ენდოკრინული ორგანო და მონაწილეობს:

  • ლეპტინის სიგნალიზაციასა და ლეპტინრეზისტენტობის განვითარებაში
  • ენერგეტიკულ რეგულაციაში
  • ქრონიკულ, დაბალი ინტენსივობის ანთებაში (low-grade inflammation)

მთავარი პარადოქსი ის, რაც თავდაპირველად გადარჩენა იყო, დროთა განმავლობაში შეიძლება ტვირთად გადაიქცეს. სხეული არ ჩერდება - ის ადაპტირდება იმ რეალობასთან, რომელსაც ყოველდღიურად ქმნი.

  • რატომ არ მუშაობს „უბრალოდ ნაკლები ჭამე“?

ენერგეტიკული დეფიციტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის საკმარისი, როცა ორგანიზმი დისტრესის რეჟიმში ფუნქციონირებს. ენერგიის ბალანსს განსაზღვრავს არა მხოლოდ საკვები, არამედ რეგულაციის ინტეგრირებული სისტემა:

  1. ნეიროენდოკრინული პასუხი (HPA axis)
  2. ჰორმონალური რეგულაცია
  3. ქცევითი და ემოციური მექანიზმები

ქრონიკული დისტრესი → „კომფორტული“ საკვები → დროებითი შვება → განმტკიცებული ციკლი. ეს არ არის ნებისყოფის სისუსტე. ეს არის ბიოქცევითი ციკლი, რომელიც თავად ორგანიზმის მიერ ფიქსირდება.

  • სად იწყება რეალური ცვლილება? არა მხოლოდ დიეტით, არამედ კითხვებით:

👉 რა მდგომარეობაშია ჩემი ნერვული სისტემა?

👉 როგორ მუშაობს ჩემი ჰორმონალური რეგულაცია?

👉 რას აღიქვამს ჩემი სხეული - უსაფრთხოებას თუ მუდმივ საფრთხეს?

სხეული არ შეცვლის სტრატეგიას - სანამ პირობები არ შეიცვლება,“ - წერს ნატა გაგუა.