აქამდე უცნობი, სასტიკი თავდასხმის ისტორია, რომლის მიხედვითაც საკულტო ფილმი “ყბები“ გადაიღეს - როგორ შეჭამა ზვიგენმა ღია 150 ადამიანი
ამერიკული კრეისერის - USS Indianapolis-ის ჩაძირვა ამერიკის საზღვაო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კატასტროფად არის აღიარებული. ტრაგედიის დროს მხოლოდ ზვიგენების თავდასხმას 150 ადამიანი ემსხვერპლა.
კრეისერი წყნარი ოკეანის გავლით დანიშნულების ადგილზე მიემართებოდა, როდესაც იაპონური წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ორი ტორპედოს აფეთქებამ ის რამდენიმე წუთში ჩაძირა. ამ მოვლენამ აშშ-ს საზღვაო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და საშინელ ინციდენტს დაუდო საფუძველი...

შემთხვევა1945 წლის 30 ივლისს, შუაღამეს მოხდა - იაპონური წყალქვეშა ნავის პირველმა ტორპედომ გემს მარჯვენა ბორტი აუფეთქა, რამდენიმე წუთში მეორე ტორპედო აფეთქდა, რის შედეგად 17 კვანძით მოძრავი საბრძოლო ხომალდი შეირყა, გადატყდა და სულ რაღაც 12 წუთში წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა.
გემზე მყოფი 1,196 ადამიანიდან, დაახლოებით 900 ცოცხალი გადარჩა და წყალში გადახტომა მოასწრო, თუმცა მათი კოშმარი მხოლოდ ახალ იწყებოდა. გადარჩენილები მზის ამოსვლისას პატარა ჯგუფებად შეიკრიბნენ. მხოლოდ რამდენიმე ნავი ჰქონდათ, ბევრს მაშველი ჟილეტიც კი არ ეცვა. სტრესმა, მცხუნვარე მზემ და წყურვილმა ჰალუცინაციები გამოიწვია, მერე კი ზვიგენებიც გამოჩნდნენ.
ოკეანის დაუნდობელი მტაცებლები ჯერ დაღუპულებს ეძგერნენ, შემდეგ კი პირი ცოცხლებისკენ იბრუნეს.

“ხანდახან, თითქოს ელვასავით, ზვიგენი პირდაპირ წყლიდან ამოვარდებოდა, ადამიანს კბილებში მოიქცევდა და ფსკერისკენ ითრევდა. ჩემს გვერდით მყოფი მეზღვაური წაიღო ასე, კარგა ხანს ჟღერდა ჩემს გონებაში მისი ყვირილი,“ -იხსენებს მომხდარს გადარჩენილი ლოელ დინ კოქსი.
აფეთქებების ადგილზე უიმედობა სუფევდა. ცოცხლად გადარჩენილებმა “ზგვიგენების სადარაჯოები“ მოაწყვეს, წყალს სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ მტაცებლების დასაფრთხობად, ზოგჯერ შველოდა, ზოგჯერ არა..
მიუხედავად იმისა, რომ გემმა ჩაძირვისას უბედურების სიგნალი გაგზავნა მოასწრო, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. აშშ - ს სადაზვერვო სამსახურმა იაპონური წყალქვეშა ნავის მიერ, ამერიკული გემის ჩაძირვის შესახებ გაგზავნილი აღტყინებული შეტყობინება მოისმინა, მაგრამ ეს “დეზინფორმაციად“ ჩათვალეს და უგულებელყვეს.
არავის შეუმჩნევია, რომ Indianapolis -მა მიზნამდე ვერ მიაღწია. გადარჩენილებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ არავინ ეძებდა.
თუმცა სიცხემ, წყურვილმა და მარილით მოწამვლამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ზვიგენების თავდასხმამ. წყურვილით დატანჯული მეზღვაურები ზღვის წყალს სვამდნენ, გონებას კარგავდნენ და წყალში იძირებოდნენ, თან სხვებსაც ითრევდნენ.
“მაშველი ჟილეტები წყლით გაიჟღინთა გადარჩენილს ზედაპირზე ვეღარ აკავებდა “ბოლოს უკვე წყლის ზემოთ თითქმის სახეც არა მიჩანდა“, - ამბობდა კოქსი.

გადარჩენილები მხოლოდ მეოთხე დღეს აღმოაჩინეს სამხედრო თვითმფრინავიდან - ”წყალში უამრავი ადამიანია...“ - გადაიცა პირველი რადიოგრამა.
ლეიტენანტ ადრიან მარკსმა თვთმფრინავიდან გასაბერი ნავები გადაყარა, როდესაც დაინახა რომ ზვიგენები ადამიანებს ესხმოდნენ თავს, მკაცრი ინსტრუქცია დაარღვია, თავისი ჰიდროპლანი წყალზე დასვა და ყველაზე დაუძლურებული მეზღვაურები თვითმფრინავის ბორტზე აიყვანა. იმავე ღამეს ცოცხლად გადარჩენილი USS Indianapolis-ის ეკიპაჟი უკვე აშშ-ს ხომალდზე იყო, უსაფრთხოდ.
სულ Indianapolis - ის ჩაძირვის დროს ცოცხლად დარჩენილი 900 კაციდან მაშველებმა მხოლოდ 316 გადარჩენა მოახერხეს.

ბედის ირონიით მოგვიანებით საზღვაო ფლოტმა USS Indianapolis-ის გადარჩენილი კაპიტანი ჩარლზ ბ. მაკვეი გაასამართლა და მას ტორპედოს ასარიდებელი ე. წ. “ზიგზაგის“ მანევრის არ შესრულება დასდო ბრალად. მოწმედ კი პროკურორებმა იმ იაპონური წყალქვეშა ნავის კაპიტანი გამოიძახეს, რომელმაც “Indianapolis“ -ი ჩაძირა.
USS Indianapolis-ის ნამსხვრევები 2017 წელს აღმოაჩინეს - წყლის ზედაპირიდან 3 მილზე მეტი სიღრმეზე. ის დღემდე ხელუხლებლად რჩება, როგორც ასეულობით მეზღვაურის სამარე და მოგონება იმ საშინელ ტრაგედიაზე, რომელიც წყნარი ოკეანის წყლებში დატრიალდა.