ქართული მართვის მოწმობა ახლა საბერძნეთშიც მოქმედებს - სიახლეები, რაც უნდა იცოდეთ მართვის მოწმობის მისაღებად | Allnews.Ge

ქართული მართვის მოწმობა ახლა საბერძნეთშიც მოქმედებს - სიახლეები, რაც უნდა იცოდეთ მართვის მოწმობის მისაღებად

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ძალაში შევიდა მართვის მოწმობისა და ურთიერთ აღიარების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც საბერძნეთში მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ მინიჭებული, ყოველგვარი გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ რომ ქართული მართვის მოწმობა გადაცვალონ ბერძნულ მართვის მოწმობაში. საბერძნეთი არის უკვე მესამე ქვეყანა სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ გადაცვალონ მართვის მოწმობა, ადრე ეს შეთანხმების გაფორმებული არის ირლანდიასთან და ესპანეთთან.

შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას, 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

რა ცვლილება დახვდებათ მძღოლებს 2025 წლის 1- ელი ოქტომბრიდან საგამოცდო მოედანზე ?

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.

რა ეტაპებისგან შედგება მართვის მოწმობის ჩაბარების პროცესი ?

მართვის მოწმობა არის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ გაიცემა და ადასტურებს, რომ ადამიანს აქვს უფლება და შესაბამისი ცოდნა პრაქტიკულ უნარებთან ერთად, რომ გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შეძლოს. მხოლოდ მართვის მოწმობის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ კანონიერად მართოთ ავტომობილი, მოტოციკლი ან სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება. ხშირად, ბევრ ქვეყანაში მართვის მოწმობა გამოიყენება, როგორც იდენტიფიკაციის საშუალება. თუ მართვის მოწმობის აღებას უახლოეს მომავალში გეგმავთ, სტატიაში გაზიარებული რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტოსკოლა. ასევე, გაიგოთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, გაგიზიარებთ, რჩევებს, რათა მიიღოთ მართვის მოწმობა უმოკლეს დროში, ნაკლები სტრესის და ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე.

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო მართვის მოწმობის გამოცდაზე გასასვლელად ?

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომ მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბაროთ, პირველ ეტაპზე, აუცილებელია საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და თეორიული გამოცდის ჩაბარება. დოკუმენტებს შორისაა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); პირადობის მოწმობა; კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება). სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნასთან დაკავშირებით. 17 წლის პირს, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა დამატებით ესაჭიროება:

● დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

● მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა;

● საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა;

რამდენ ეტაპიანია მართვის მოწმობის გამოცდა?

საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებით ავტომობილის მართვის მოწმობის ჩაბარება უკვე ქალაქში მოძრაობით ხდება. გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატი ჯერ გაივლის თეორიულ გამოცდას, შემდეგ პრაქტიკას მოედანზევე და ბოლოს, მესამე ეტაპს ქალაქში, მოძრაობის სრული დატვირთვით. 25 წუთი დრო და სრული კონცენტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ გამოცდა წარმატებით ჩაბარდეს. შუქნიშანი, მოსახვევი, წრიული მოძრაობის ელემენტი, გზაზე წარმოქმნილი დაბრკოლება ან საცობი, ყველა ის ელემენტი, რაც რეალურ სამგზავრო პირობებში გხვდებათ, გამოცდის ბოლო ეტაპზე შედის. გამოცდაზე გამსვლელ კანდიდატს არ უწევს რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარება თბილისში, რადგან თბილისში გამოცდები არ ბარდება. პრაქტიკულ გამოცდაზე დამწყები მძღოლი გავა იმ ქალაქში, სადაც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს არჩევანი ასეთია: ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი ოზურგეთი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, თელავი და რუსთავი.

რას მოიცავს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა ?

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაჯავშნოთ რიგი. ხოლო პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩასაბარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს (გარდა თბილისის ერთეულისა), ყოველ დღე - კვირის გარდა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ B, BE, C1, C, D1 და D კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად საჭიროა რიგის დაჯავშნა.

რა კითხვებს პასუხობს კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ?

2023 წლის 1 სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების ეტაპს დაემატა სიახლე, რომლის ფარგლებშიც, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, გამოცდის დაწყების წინ, კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

● გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატს პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეუძლია.

● გამომცდელის მიერ კანდიდატისთვის მიცემული იქნება 2 დავალება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეასრულებს გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას, ჩაეთვლება მსუბუქ შეცდომად.

რა ასაკიდან გაიცემა მართვის მოწმობა?

მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად დადგენილია სრული ასაკი რომელიც განსხვავებულია ავტომობილის მართვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით:

● "AM" კატეგორია გაიცემა – 16 წლიდან;

● "A" კატეგორია გაიცემა – 24 წლიდან;

* 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

● "A1" ქვეკატეგორია გაიცემა - 17 წლიდან;

● "A2" ქვეკატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;

● "B" კატეგორია გაიცემა - 17 წლიდან;

* პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

● მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

● შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;

● "B1" კატეგორია გაიცემა - 16 წლიდან;

● "BE" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;

● "C" კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;

● "C1" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;

● "CE" კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;

● "C1E" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;

● "D" კატეგორია გაიცემა - 24 წლიდან;

● "D1" კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;

● "DE" კატეგორია გაიცემა - 24 წლიდან;

● "D1E" კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;

● "S" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;

● "T" კატეგორია გაიცემა - 17 წლიდან;

რა უნდა გაითვალისწინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მართვის მოწმობის ჩაბარებამდე საქართველოში ?

უცხოელებს მართვის მოწმობის მისაღებად საქართველოში ლეგალურად ყოფნის დადასტურება მოუწევთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლისთვის ბინადრობის ან კანონიერად ყოფნის დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ. შესაბამისი მუხლი დაემატა შს მინისტრის 2012 წლის №598 ბრძანებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებას, გაუქმებას, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის და გაუქმების პირობებს ეხება. როგორც ცვლილებაშია აღნიშნული, ეს წესი არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებზე. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი.

რა ვადით გაიცემა მართვის მოწმობა ?

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ და ტრამვაის კატეგორიებისთვის 5 წლით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 3 წლით. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე.

როგორია სტატისტიკური მონაცემები მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით 2025 წელს ?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში გაცემულია 6 148 მართვის მოწმობა. რაც შეეხება, მეორე კვარტლის მონაცემებს ამ დროისთვის გაცემულია 7261. ჯამურად ამ ეტაპზე 2025 წლის მიმდინარე პერიოდში სულ გაიცა 13 409 მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები: 1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი. 2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ავტოსკოლა?

მანქანის მართვის სწავლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო სწორი ავტოსკოლის არჩევა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში აუცილებელია გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღოთ, რათა სასწავლო პროცესი სრულად მოერგოს თქვენს საჭიროებებს, მიზნებსა და ბიუჯეტს.

ავტოსკოლის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

● სწავლების ხარისხი და პროგრამა - რამდენად თანამედროვეა მეთოდიკა და მოიცავს თუ არა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს სრულყოფილად;

● ინსტრუქტორების გამოცდილება და პროფესიონალიზმი - მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოირჩეოდნენ მოთმინებით, კვალიფიციურობით და ინდივიდუალური მიდგომით;

● სკოლის რეპუტაცია - წარსული მოსწავლეების შეფასებები და რეკომენდაციები საუკეთესო მაჩვენებელია;

● ინფრასტრუქტურა და პირობები - სასწავლო ავტომობილების მდგომარეობა, უსაფრთხოებისა და კომფორტის ხარისხი;

● ფასისა და მომსახურების შესაბამისობა.გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ავტოსკოლა არამხოლოდ მართვის მოწმობის მიღებაში დაგეხმარებათ, არამედ თავდაჯერებულ, პასუხისმგებლობიან და უსაფრთხო მძღოლად ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს.

NS