კოსმოსიდან დაზვერილი თბილისი - რას ეძებდნენ ამერიკელები 60 წლის წინ საქართველოს დედაქალაქში?! | Allnews.Ge

კოსმოსიდან დაზვერილი თბილისი - რას ეძებდნენ ამერიკელები 60 წლის წინ საქართველოს დედაქალაქში?!

ამბობენ, დროის მანქანა არ არსებობსო, მაგრამ ამის დაჯერება გიჭირს, როდესაც უყურებ ფოტოებს, რომლებზეც მამა-პაპის დროინდელი თბილისია დეტალურად აღბეჭდილი თავისი ქუჩებითა თუ მოედნებით და შეგიძლია იხილო ის სახლიც, სადაც დაიბადე და გაიზარდე.

თუ როგორ გამოიყურებოდა მთელი თბილისი 60 წლის წინათ... კოსმოსიდან, დღეს ამის ნახვა შესაძლებელია, მას შემდეგ რაც აშშ-მა გრიფი "საიდუმლო" მოხსნეს იმას, რაც ექვსი ათეული წლის წინათ განსაკუთრებულ საიდუმლოდ მიიჩნეოდა, რადგან მაშინ სადაზვერვო თანამგზავრები ახალი ხილი გახლდათ და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს სულაც არ სურდათ, რომ საბჭოთა კა-გე-ბესა და გრუ-ს ზუსტად სცოდნოდათ, თუ რა ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა დედამიწის ორბიტაზე გაყვანილ ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრ KH-7 GAMBIT-ს, რომელმაც 1965 წლის 30 აპრილს დაახლოებით 300 კმ-ის სიმაღლიდან გადაიღო თბილისისა და მისი შემოგარენის 30 კმ სიგრძის ზოლური ფოტოსურათი.

ამ ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრზე ეყენა სამკამერიანი მოდული, რომელსაც შეეძლო კოსმოსიდან დედამიწის ზედაპირზე გადაეღო 61 სმ-დან 91 სმ-მდე გარჩევადობის ფოტოები, რაც იმხანად საუკეთესო შედეგად მიიჩნეოდა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მშიფრავებს საშუალებას აძლევდა ფოტოებზე აღმოეჩინათ და გაერჩიათ სატვირთო ავტომობილი ტანკისგან.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, თბილისში სად ეძებდნენ საბჭოთა ტანკებს ამერიკელი მზვერავები (თუმცა 60 წლის წინანდელ თბილისის თანამგზავრულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დღევანდელი მუხიანის დასახლების ადგილას სწორედ სატანკო პოლიგონი გახლდათ), სამაგიეროდ, მათი განსაკუთრებული დაკვირვების საგანს წარმოადგენდა დიმიტროვის სახელობის თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელსაც 1965 წლისთვის ათვისებული ჰქონდა იმ პერიოდისთვის თანამედროვედ მიჩნეული МиГ-21 ტიპის ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავის ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო ვარიანტის, МиГ-21У-ს სერიული წარმოება, რომლებიც ვიეტნამშიც იგზავნებოდნენ ადგილობრივი მფრინავების მოსამზადებლად, რაც ძალზე აინტერესებდა ამერიკულ დაზვერვას, რადგან იმ დროისთვის აშშ ვიეტნამის ცაში საბრძოლო მოქმედებებს ააქტიურებდნენ.

გარდა ამისა, პენტაგონს ძალზე აშფოთებდა 1960-იანი წლების დამდეგს თბილისის საავიაციო ქარხნის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო შეიარაღების სახეობა - „ჰაერი-ხომალდის“ კლასის ბირთვული ქობინის მატარებელი К-10 С ტიპის მართვადი რაკეტები, რომლებსაც „ავიამზიდის მკვლელებსაც“ უწოდებდნენ და განკუთვნილნი იყვნენ სწორედ ამერიკული ავიამზიდების ჩასაძირად. 1959-61 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში ბირთვული ქობინის გადამტანი 1 669 რაკეტა აეწყო. განაგრძეთ კითხვა