"სნეულებს გზის 30 კმ-იანი მონაკვეთი ფეხით უნდა გაევლოთ" - მიტოვებული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია
სამწუხაროდ, საქართველოში არაერთი ულამაზესი და დიდი პოტენციალის მქონე, თუმცა მიტოვებული კურორტია. დღევანდელ სტატიაში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ნინო ბარნაბიშვილთან ერთად საქართველოს კიდევ ერთ გამორჩეული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტზე - ლებარდეზე გესაუბრებით.

-არის თუ არა შემორჩენილი ცნობები იმის თაობაზე როდის ან ვინ მიაქცია პირველად ყურადღება აქ არსებულ მინერალურ წყაროებს?
- როგორც ცნობილია წლების განმავლობაში ზაფხულის თვეებში, სამეგრელოს სხვადასხვა სოფლიდან მწყემსებს საქონელი ლებარდეს საძოვრებზე გადმოჰყავდათ. სწორედ მათ შეამჩნიეს თავდაპირველად, რომ გარკვეულ ადგილებში ლებარდეში არსებულ სასმელ წყალს საქონელი ხარბად ეტანებოდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში მწყემსებმა შენიშნეს, რომ საქონელი უმეტესად ერთი ხის სიახლოვეს იყრიდა თავს და ხის ფესვებიდან გამოსულ წყალს სვამდა. შინ დაბრუნებულ მწყემსებს ისიც აღუნიშნავთ, რომ იმ ადგილზე სადაც წყალი გამოედინებოდა მიწაცა და ქვებიც ჟანგისფრად ყოფილა შეფერილი. მწყემსების მონაყოლით დაინტერესებულმა ადამიანებმა ლებარდეს მიაშურეს...

სულ მალე სამეგრელოს სხვადასხვა სოფლიდან მოსახლეობამ ლებარდეში დასასვენებლად ჩასვლაც დაიწყო. დროთა განმავლობაში აქ დასასვენებლად ჩასული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ამჩნევდნენ, რომ ლებარდეს მინერალური წყაროებიცა და კლიმატიც მათ დაავადებებზე დადებითად მოქმედებდა. ზემოთქმულის გათვალისწინებით კი ლებარდეში ჩასვლის მსურველთა რიცხვი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა.
- იქნებ ლებარდეს ეტიმოლოგიაზეც გვესაუბროთ. რას ნიშნავს ეს სახელწოდება?
- ამ მხრივ საყურადღებოა ლ. ჯიქიას ავტორობით 1981 წ. გამოცემული ბროშურა (“კურორტი ლებარდე”. თბილისი. გამომც. საბჭოთა საქართველო). კურორტის სახელწოდებაზე საუბრისას ავტორი ერთგან აღნიშნავს: “თვით სახელი “ლებარდე” მომდინარეობს მინდვრის ბალახის “ბარდას” სახელწოდებიდან. ეტყობა, ძველად ეს ადგილი მოფენილი ყოფილა ბარდით და, ვინაიდან მცენარის ეს სახეობა სხვასახის მცენარეს სჭარბობდა, სიტყვა ბარდა წინწარუმძღვარეს “ლე”, რაც მეგრულად “უმეტესს - უმრავლესს” ნიშნავს.
კურორტ ლებარდეს სახელის ეტიმოლოგიაზე საუბრობს ა. რატიანიც 1956 წ. გამოცემულ წიგნში (“კურორტ ლებარდეს სამკურნალოთვისებები”. თბილისი. გამომც. საქმეთგამი): “საინტერესოა კურორტის სახელწოდება - “ლებარდე”. ზოგიერთის აზრით, ეს სახელი შერქმეული უნდა იყოს პრინც მიურატისა და მისი ფრანგი სტუმრების მიერ, რომლებიც სამკურნალოდ და დასასვენებლად დადიოდნენ ლებარდეში. აღნიშნული სიტყვა, თითქოს, ფრანგულიდან მომდინარეობს, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება.

-გამიგია რომ ხშირად ლებარდეში ასვლის მცდელობატრაგიკული შემთხვევებით სრულდებოდა. იქნებ გვესაუბროთ რით იყო ზემოთქმული განპირობებული?
-ვიწრობილიკიანი გზა, რომელიც ტეხურის ხეობის მეშვეობით კურორტს სოფელ კურზუსთან აკავშირებდა იმდენად სახიფათო იყო, რომ ადგილი ჰქონდა მგზავრთა გზიდან გადავარდნის, გადაჩეხვისა თუ დაღუპვის შემთხვევებს. აქ მოძრავ ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებას ცხენი წარმოადგენდა. სწორედ ცხენების მეშვეობით აჰქონდათ ლებარდეში სურსათ-სანოვაგე, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ყველაფერი ის, რაც იმხანადიქ მცხოვრებ თუ სამკურნალოდ დროებით ჩასულ ადამიანებს სჭირდებოდათ.
ზემოთქმულის მიუხედავათ, ჯერ კიდევ იქამდე სანამ კურორტზე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს დაიწყებდნენ და საფუძვლიანად შეისწავლიდნენ აქ არსებული წყაროების სამკურნალო თვისებებს, ლებარდეს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობდა. გამოჯანმრთელების იმედით სხვადასხვა სნეულებით დაავადებულნი არც ამ სახიფათო გზას უშინდებოდნენდა არც ის ფაქტი აფეხრხებდათ რომ კურორტზე ასასვლელად გზის ოცდაათკილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით უნდა გაევლოთ.

- რას გვეტყვით ლებარდეში არსებული წყაროებისა და მათი სამკურნალო თვისებების შესახებ?
-ლებარდეს მინერალური წყლები პირველად რ. კუპცისმა აღწერა (1926 წ.). რ. კუპცისმა ჩაატარა ანალიზი და შედეგები მის ნაშრომში („სამეგრელოს მინერალური წყლები“) გამოაქვეყნა. 1940-იან წლების მიწურულს, საქართველოს სსრ კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ინიციატივით ხელმეორედ გაკეთდა წყლების ქიმიური ანალიზი. ლებარდეს უმეტესად სუნთქვის, საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, საშარდე სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები სტუმრობდნენ.

- არსებობს ცნობები იმის თაობაზე დაახლოებით რამდენი ადამიანისტუმრობდა ყოველწლიურად კურორტს?
საბჭოთა პერიოდში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ აქ აქტიურად დაიწყოკურორტის კეთილმოწყობისა და გაფართოების სამუშაოები. კურორტის კეთილმოწყობასთან ერთად ლებარდეში ჩამსვლელთარიცხვიც სწრაფად იზრდებოდა. ცნობილია, რომ კურორტის კეთილმოწყობის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე აქაურობას ყოველწლიურად 7-8 ათასი, 1980-იანი წლების დასაწყისისთვის კი 12-15 ათასი ადამიანი სტუმრობდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბ. გობეჩია. “კურორტი ლებარდე”. თბილისი. გამომც.საქმედგამი. 1955 წ.2.
ა. რატიანი. “კურორტ ლებარდეს სამკურნალო თვისებები”.თბილისი. გამომც. საქმეთგამი. 1956 წ.3.
ლ. ჯიქია. “კურორტი ლებარდე”. თბილისი. გამომც. საბჭოთასაქართველო. 1981 წ.