მათ შეუძლებელი შეძლეს! – დედაქალაქი, სადაც მთელი წლის მანძილზე ავსტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია
წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც ერთი წლის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი სასიკვდილო ავარია. არა, ეს არ არის რომელიმე მომავლის ურბანული უტოპია – ეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის რეალობაა. 2024 წელს ქალაქმა დააფიქსირა ის, რაც აქამდე დიდ ქალაქებში პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლებოდა: ნულოვანი საგზაო სიკვდილიანობა მთელი კალენდარული წლის განმავლობაში.
ეს წარმატება არ იყო შემთხვევითი. ჰელსინკი უკვე წლებია, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „Vision Zero“-ს – სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის სრულ აღმოფხვრას. ბოლო ათწლეულში ქალაქმა თანმიმდევრულად გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც დღეს უკვე რეალურ შედეგს იძლევა.

რა გააკეთეს ფინელებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო სიჩქარის შეზღუდვების გადახედვა. ქალაქის ქუჩების დიდ ნაწილზე მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შემცირდა. ეს ცვლილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი სიჩქარის პირობებში ავარიების რაოდენობაც მცირდება, ხოლო სიკვდილის რისკი თითქმის განულებულია. და რაც მთავარია – ადამიანები აღარ კვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩა არ იყო მათთვის საკმარისად უსაფრთხო.
ჰელსინკის მერია ქუჩების დიზაინზეც მუშაობდა. მოძრაობის პირობები იქნა შეგნებულად შეცვლილი ისე, რომ მძღოლს მაქსიმალური სიფრთხილე დასჭირდეს. ვიწრო ზოლები, ვიზუალური ბარიერები და მწვანე სივრცეები ქმნის გარემოს, სადაც სწრაფად მოძრაობა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ საშიშიც არის თავად მძღოლისთვის. შედეგად, ავტომობილის მართვა გადაიქცა იმაში, რაც უნდა იყოს – პასუხისმგებლობა და არა უპირატესობა.
გარდა ამისა, ჰელსინკიმ აქტიურად განავითარა ველოსიპედისა და ქვეითთა ინფრასტრუქტურა. დამატებით აშენდა და გაუმჯობესდა 1500 კილომეტრზე მეტი ველობილიკი, ქვეითად მოსიარულეებისთვის კი შეიქმნა უსაფრთხო გადასასვლელები და კომფორტული სივრცეები. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მეტად ხელმისაწვდომი გახდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქალაქში მანქანებზე დამოკიდებულებას – და შესაბამისად, საგზაო რისკებსაც.
ფინეთმა ამ წარმატებას კიდევ ერთი ძლიერი საფუძველი დაუდო – მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ქვეყნის საგზაო შემთხვევების გამოძიების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია ევროპაში. თითოეული ავარიის დეტალური ანალიზი გამოიყენება მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჰელსინკი კი ამ ანალიზებს რეალურ ცვლილებებში გარდაქმნის – საკანონმდებლო დონეზეც და ურბანული დაგეგმვის ნაწილშიც.

ეს ყველაფერი კი ერთ გამაოგნებელ რეალობაში გადაიზარდა: 2024 წელს ჰელსინკიში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა საგზაო შემთხვევის შედეგად. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წლის ივლისის დასაწყისში – მას შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, ქალაქის ქუჩები სიცოცხლისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა.
გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჰელსინკი ამ მხრივ გახდა მისაბაძი მაგალითი მთელი ევროპის მასშტაბით. ბერლინში 2023 წელს 55 ადამიანი დაიღუპა გზებზე, ბრიუსელში – 9. ევროკავშირის მიზანია 2030 წლამდე საგზაო სიკვდილიანობის განახევრება, მაგრამ ჰელსინკიმ უკვე აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია სრულადაც.
ქალაქმა დაამტკიცა – თუ პოლიტიკა და ურბანული დაგეგმარება ადამიანს და სიცოცხლეს დააყენებს პრიორიტეტად, მაშინ ქუჩები აღარ იქნება საფრთხის, არამედ სიცოცხლის სივრცე. ახლა, როცა ჰელსინკიმ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, რჩება კითხვა – შეძლებს თუ არა დანარჩენი მსოფლიო იგივე?
წყარო: Politico