იცოდით, ვინ და როდის დაიწერა საფეხბურთო ჰიმნი "დინამო, დინამო?" | Allnews.Ge

იცოდით, ვინ და როდის დაიწერა საფეხბურთო ჰიმნი "დინამო, დინამო?"

13 ივლისი ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორის და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის დაბადების დღეა, უკვდავი საფეხბურთო ჰიმნის " დინამო, დინამოს" ავტორის.

დღეს სწორედ ამ სიმღერის შექმნის ისტორიას გაეცნობით.

" სამოცდაათიან წლებში დავით ყიფიანისა და მისი მეგობრების ერა დაიწყო, განსაკუთრებით 1976 წელი დამამახსოვრდა - საბჭოთა კავშირის საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები.მაშინ დინამოელებმა შესანიშნავი მწვრთნელის - ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ორჯერვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, რაც მთავარია, საკავშირო თასის ფინალში ერევნის "არარატი" 3:0 დაამარცხეს და პირველად დაეუფლნენ საპატიო პრიზს.

11-1752416965.avif

-და იმავე ღამეს დაიწერა "დინამო-დინამო"...

- ჰო, იმ ფინალურ მატჩს მეზობელთან ვუყურებდი ტელეეკრანზე. მოგებამ ძალიან გაგვახარა. გამარჯვება ქართული სუფრითაც აღვნიშნეთ, გვიანობამდე შევრჩით. ბავშვივით ვიყავი აღფრთოვანებული და რა დამაძინებდა.

ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ გამეღვიძებინა, დილაუთენია სამზარეულოში შევედი, დიდხანს ვიფორიაქე და ბოლოს მელოდიად გადმოიღვარა ჩემი გულის ძახილი. მეორე დღესვე მორის ფოცხიშვილთან მივედი და მუსიკა მოვასმენინე.

მან შესანიშნავი ტექსტი დაწერა. ასე შეიქმნა "დინამო-დინამო", რომელიც ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით "ივერიამ" მთელ ქვეყანას ამცნო. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ერმა შეიყვარა ეს სიმღერა და დღესაც სიამოვნებით უსმენს მას.

- "დინამო-დინამოს" გარდა, თქვენ სხვა სიმღერებიც გაქვთ დაწერილი ფეხბურთზე.

- დიახ, არის ასეთი ფილმი - "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", რომელმაც, მგონი, იტალიაში "გრან-პრიც" მიიღო.მახსოვს, მორის ფოცხიშვილთან ვიყავი სტუმრად. რეჟისორმა ალექსანდრე ჟღენტმა ამ ფილმის ფინალი მიამბო: გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე შედის გასახდელში, სკამზე ჩამოჯდება და დაღლილ-დაქანცული ფიქრებს მიეცემა.

აი, კაპიტანზე გვსურსო რაღაც სიმღერა, მითხრა. მაშინვე როიალს მივუჯექი და ექსპრომტად შევასრულე მელოდია... სწორედ, ასეთი მუსიკა მინდოდაო, წამოიძახა გახარებულმა რეჟისორმა. მორისმა ლექსი გამოაცხო, თემურ წიკლაურმა კი გაახმოვანა "გიხაროდეს, კაპიტან!"

1982 წელს ქუთაისის "ტორპედოზე" დავწერე სიმღერა "წინ, ტორპედო", ვარლამ ნიკოლაძის ლექსზე, ლანჩხუთის "გურია" საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდა, მაშინ შეიქმნა "გურია, გურია" მორის ფოცხიშვილის ლექსზე, 90-იან წლებში ზესტაფონის "მარგვეთზეც" მაქვს შექმნილი სიმღერა, რომლის ტექსტიც ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის.

(ნაწყვეტი ვაჟა აზარაშვილის გაზეთ "ლელოსთვის" მიცემული ინტერვიუდან-2018 წ.)