ვინ არის ყველაზე წარმატებული ქართველი ჰოლივუდში, რომლის ნამუშევრებმაც „ოსკარი“ მოიპოვეს?
„მისტერ და მისის სმიტები“, „შრეკი 3“, „კარიბის ზღვის მეკობრეები 3“, „კერკეტი კაკალი 4“, „მე ლეგენდა ვარ“, „ჰენკოკი“, „2012“, „მწვანე ფანარი“ – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სპეცეფექტებზეც ვალერი ხარიტონაშვილი მუშაობდა.
წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დოლარით ჩასულმა ბიჭმა წარმატებისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერალისტი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თავის საინტერესო და ამასთანავე დაბრკოლებებით სავსე გზაზე საუბრობს.

- როდის და როგორ დაინტერესდით ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სამყაროთი?
- ჯერ კიდე სკოლაში სწავლისას, სკამაოდ პატარა გამიტაცა პერსონაჟების ხატვამ. ძალიან მინდოდა ეს ნახატები რამენაირად ამემოძრავებინა, მინდოდა, ამხტარიყვნენ-დამხტარიყვნენ, ერბინათ. დედამ თბილისის კინოსტუდიაში მიმიყვანა, სადაც ნახატების ამოძრავებას მასწავლიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.
- იმ დროისთვის საქართველოში ეს სფერო როგორ იყო განვითარებული?
- ნახატი ანიმაციები იქმნებოდა, თუმცა კომპიუტერი და მით უფრო, მისი დახმარებით სამგანზომილებიანი გრაფიკების შექნმა, ჯერ კიდე უცხო ხილი იყო. სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების გამო, ანიმაციის განვითარებისთვის არავის ეცალა. ადამიანები გამუდმებით ყოფითი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ, უშუქობა, უწყლობა... მოკლედ, გაუსაძლისი პირობები იყო.
- თქვენ გიმუშავიათ ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Sony Pictures, Industrial Light and Magic (a division of Lucas film), Digital Domain and DreamWorks. რამდენად რთული იყო წარმატების მიღწევა?
- ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. მეტად სახალისო აღმოჩნდა ანიმაციის შესაქმენლად კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სწავლა. მოგეხსენებათ, იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული , შესაბამისად, გაკვეთილების ან თუნდაც ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ამ სფეროს შესახებ ერთი-ორი წიგნი თუ იშოვებოდა და ეგეც ინგლისურად, მე კი იმ დროს არც ინგლისური ვიცოდი და არც კომპიუტერის გამოყენება. ერთი სიტყვით, დაწყება საკმაოდ რთული იყო... მით უფრო მაშინ, როდესაც თავიდან არასოდეს იცი, რა შედეგს მიიღებ. იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა, როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ.

- ბევრ ცნობილ და ოსკარზე ნომინირებულ ფილმებზე მოგიწიათ მუშაობა, თქვენთვის რომელ ფილმზე მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო და ამასთანავე, რთული?
- ჩემთვის თითოეულ ფილმზე მუშაობა საინტერესოა. ყოველთვის ვცდილობდი, განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის მიზნით, სამსახური ხშირად გამომეცვალა და ისეთ სტუდიებში მემუშავა, სადაც, ჩემი აზრით, საინტერესო ფილმებს იღებდნენ. სირთულეს რაც შეეხება, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მოცემულ ვადებში ვერ ვეტევი და დრო შეზღუდულია. ამიტომ ყველაფრის თავიდანვე კარგად და დეტალურად დაგეგმვაა საჭირო.
- რას ურჩევთ დამწყებ და მომავალ ანიმატორებს? რა არი თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა, ასევე მნიშვნელოვანია შენი საქმიანობის სწორი შეფასება და ანალიზი შეგეძლოს, რათა საკუთარი მიმართულებიდან არ გადაუხვიო.

--
სხვა ინტერვიუში ვალერი ხარიტონაშვილი ამერიკაში ახალი ცხოვრების სირთულეებზეც საუბრობს:
– თავიდან, როდესაც ამერიკაში ჩახვედით, ალბათ, იყო გარკვეული სირთულეები.
– ძალიან რთული იყო, აქ ყველაფერი სხვანაირად არის. ახლა არ ვიცი, როგორ არის საქართველოში, მაგრამ, როდესაც წამოვედი, მაშინ ვიცოდი, რომ ადამიანმა არ უნდა შეიქო თავი, საკუთარ თავზე კარგი რაღაცეები არ უნდა თქვა. აქ რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, ხომ არ ვიტყვი, ეს ვიცი ან ეს ვიცი-მეთქი. არადა, ამერიკაში პირიქით არის: ინტერვიუზე რომ მიდიხარ, უნდა თქვა – ამას გავაკეთებ, ასეთი ვარ, ისეთი ვარო. თავიდან მრცხვენოდა, ახლა პირიქით ვიქცევი. ტყუილი არ უნდა თქვა, მაგრამ, რა დადებითი თვისებებიც გაქვს, იმას უნდა გაუსვა ხაზი, რომ სამუშაოზე აგიყვანონ.
ფილმებში მსახიობებს მილიონებს უხდიან. თქვენ, ალბათ, ასე არ გიხდიან, მაგრამ ის თანხა, რასაც იღებთ, თქვენი მუშაობის სირთულესთან თუ მოდის შესაბამისობაში?
– მილიონებს არა, მაგრამ კარგად იხდიან, Dreamworks და კიდევ რამდენიმე სტუდიას აქვს გადახდის ასეთი სისტემა: თუ დარჩები მათთან სამუშაოდ წელიწადზე მეტხანს, ფილმის შემოსავლიდან პროცენტს გაძლევენ. სხვა სტუდიებში ასე არ არის. მაგალითად, ახლა ამ ფილმს იღებს „ფოქსი“, მაგრამ ფილმისთვის სპეცეფექტებს სხვა სტუდია აკეთებს, რომელიც მხოლოდ ხელფასს გიხდის და, შესაბამისად, შემოსავლიდან პროცენტს ვერ მოგცემს. როდესაც Dreamworks-ში ვმუშაობდი, ის სტუდია „შრეკს“ თვითონ აკეთებდა, ამუშავებდა და, შეეძლო, პროცენტი მოეცა. მოკლედ, სტუდიას გააჩნია, თუმცა, მსახიობებივით არ გვიხდიან.