"ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს... დედამისის გამომცხვარი ხმელი ყველის ხაჭაპური ყველაფერს ურჩევნია" - რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი შეფმზარეული? | Allnews.Ge

"ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს... დედამისის გამომცხვარი ხმელი ყველის ხაჭაპური ყველაფერს ურჩევნია" - რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი შეფმზარეული?

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან (2012-06-25).

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ დიეტას არ იცავს. უბრალოდ, ცოტას ჭამს, მიირთმევს ნატურალურ საკვებს და ცხოვრობს ჯანსაღი წესით. როგორც მისმა ყოფილმა შეფმზარეულმა გრიგოლ გაგნიძემ მითხრა, ბოლო დროს ივანიშვილების წყვილი იოგის ვარჯიშით დაინტერესებულა და უფრო შეუზღუდავთ მენიუ.

74 წლის გრიგოლ გაგნიძე უკვე რამდენიმე წელია, ივანიშვილებთან აღარ მუშაობს, თუმცა, მათთან კვლავ მეგობრობს. ხელმადლიან გაგნიძეს ივანიშვილების მზარეულები დღესაც ეკითხებიან რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ნახელავს ათეული წლების განმავლობაში სიამოვნებით მიირთმევდა საბჭოთა ელიტა და უამრავი ცნობილი ქართველი, პირადი ურთიერთობა მხოლოდ ვასილ მჟავანაძესა და ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია.

- ბიძინა ივანიშვილთან როგორ მოხვდით?

- ჩემი მეზობელი დათო მაჩიტიძე ბატონი ბიძინას ქვისლის მძღოლი იყო. 2003 წელს ივანიშვილებს შეფმზარეული დასჭირდათ და ჩემი მეზობლისგან შეიტყვეს ჩემი არსებობა. პირველივე დღეებში სამზარეულოში მინახულა ოჯახის უფროსმა...

- ივანიშვილებს როგორ კერძებს უმზადებდით?

- ბატონი ბიძინა მხოლოდ საქონლის ხორცს მიირთმევს, იშვიათად - წიწილას ან ქათამს. ისიც - ცოტას. მიმტანებს კერძებს რომ გავატანდით, უკან თითქმის ხელუხლებელი მოჰქონდათ.

თუ სტუმრები არ ჰყავდათ, სამზარეულოში ღორის ხორცს არ აჭაჭანებდნენ. ოჯახის უფროსი რძესა და კარაქს არ მიირთმევს. მოსწონს მოხარშული ხორცის კატლეტები, იშვიათად - აფხაზურა და კუპატი, რომელსაც ასევე საქონლის ხორცისგან ვუმზადებდი.

თავდაპირველად აფხაზურაში, წესისამებრ, ღორის ხორცი გავურიე. დამიძახა და მკითხა, რას უმატებ, ძალიან გემრიელიაო. ღორის ხორცს-მეთქი. ცოტა გაურიე ხოლმეო, მაგრამ მალევე მთხოვა, საერთოდ აღარ გამომეყენებინა. ერთხელ ბაკურიანში ვიყავით. ის-ის იყო, ქაბაბისთვის ფარში გავამზადე და გამოგვიცხადეს, ჭორვილაში მივდივართო. ჩასვლისას აღმოვაჩინე, რომ საქონლისხორციანი ფარში ბაკურიანში დამრჩენოდა, დაცვის ბიჭებისთვის განკუთვნილი ღორის ხორცგარეული ფარში კი თან წამეღო. ავდექი და იმ ფარშით შემწვარი ქაბაბი მივართვი ოჯახის უფროსს. მოეწონა, ეს სხვანაირიაო, გამეცინა, ღორი გავურიე და იმიტომ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოსწონდა ღორის ხორცის გემო, მაგრამ როგორც ჩანს, ექიმები ეუბნებოდნენ, მარგებელი არ არისო...

- ყველაზე ხშირად რის გაკეთებას გთხოვდათ?

- ასეთი გამორჩეული კერძი არ აქვს. ეგ კი არა, ხომ იცოდა, რომ მხოლოდ საქონლის ხორცისგან ათასობით სახეობის კერძს ვერ დავუმზადებდით, ამიტომაც გვეტყოდა ხოლმე, ძალიან ნუ იწვალებთ გამომგონებლობაზე, რაც გამოვა, ის გააკეთეთო.

მათ ოჯახში პოპულარულია ხილი და ბოსტნეული. ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს თევზეული, განსაკუთრებით - კამბალა. ასევე ძალიან უყვარს სოკო, რომელიც იმერეთის ტყეებში მოდის - მიქლიო და მჭადა. დედამისის გამომცხვარი ხმელი ყველის ხაჭაპური ყველაფერს ურჩევნია.

eka1-1745389329.jpg

- თქვენ მითხარით, რომ ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს. თვითონვე აქვთ მეურნეობა?

- ხორცის საკითხს მისი და აგვარებს. რაიონებში ყიდულობს და ადგილზე კლავენ საქონელს. რაც შეეხება ბოსტნეულს, სათბურები გააკეთეს, მაგრამ გამართვა გაუჭირდათ, სპეციალისტებმა ვერ ივარგეს. ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს პატარა, ხორკლიანი კიტრები, საპიკულეს რომ ეძახიან დიასახლისები. მის მეუღლეს გოჭის ხორცი უყვარს, თან კანი ძალიან დაბრაწული უნდა ჰქონდეს. თუმცა უკვე ქალბატონი ეკაც ერიდება ცხიმიან კერძებს.

- თქვენთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად გესაუბრებოდათ?

- ერთხელ, ყველა რომ დავაპურეთ, სამზარეულოს გვერდით ოთახში ვისვენებდით. იქ შემოვიდა, დაჯდა ჩვენთან. მადლობა გადაგვიხადა ტრადიციულად კარგი სუფრისთვის და დიდხანს გვესაუბრა. ბატონ ბიძინას უყვარს იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც მასთან მუშაობს. იხილეთ სრულად