იცით, რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს წითლად და რატომ ღებავენ სხვა ქრისტიანები მას ფერადად?
გთავაზობთ მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"-ს მიერ მომზადებულ სტატიას: "რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?"
საერთოდ, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სააღდგომო კვერცხი კი არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა: როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან იბადება სიცოცხლე, რომელიც სავსებით დამალული იყო, ასევე საფლავში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილისა და ხრწნილების საუფლოდან.
ამიტომაც ითვლება სააღდგომო კვერცხი უფლის აღდგომის სიმბოლოდ. რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის მეორე სიმბოლურ მნიშვნელობას, მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: "ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ავღორძინდებით".
აღდგომით გაიღო მანამდე დახშული სასუფევლის კარი და განახლებულ კაცობრიობას დაკარგულ სამოთხეში - სასუფეველში დაბრუნების საშუალება მიეცა. ადამიანთა მარადიული სიკვდილის, ეშმაკისა და ცოდვის მონობისგან გამოხსნა და განახლებული ცხოვრება კი მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს უწმინდესი სისხლით. სწორედ ამას მიანიშნებს და შეგვახსენებს სააღდგომო კვერცხის წითელი ფერი. რადგან უფალმა და მხსნელმა ჩვენმა ჩვენი ხსნისთვის სისხლი პარასკევს დაღვარა, სააღდგომო კვერცხი ვნების პარასკევს უნდა შეიღებოს.
სააღდგომო კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადმოცემაც: ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ბოლოს იტალიაში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა, კვერცხი გაუწოდა და მიმართა: "ქრისტე აღსდგა!" ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო, უთქვამს იმპერატორს. მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო გაწითლება, ბოლოს კი სულ გაწითლდა.
კვერცხის შეღებვასთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე მიღებულია პასქის დაცხობაც, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს. კაცობრიობის გამოხსნა - პასექი ხომ გოლგოთაზე მოხდა. ამდენად, აღდგომის დღესასწაულისთვის საგანგებოდ გამომცხვარი აფუებული ტკბილი პურის სახელწოდება პასქაც აღდგომის დღესასწაულის სახელწოდებიდან - პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს: უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა. ამის შემდგომ განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მაცხოვრის აღდგომამდე დახურული იყო; მისმა ჯვარცმულმა სიკვდილმა და შემდეგ მკვდრეთით აღდგომამ აღასრულა ჩვენი გამოსყიდვა, გამოხსნა. სწორედ ამიტომ ეწოდება აღდგომის დღესასწაულს პასექი ანუ გამოხსნა.
სხვა ქრისტიანული ტრადიციები: ფერადი კვერცხები და მათი სიმბოლიკა
დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროში, კერძოდ კი კათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში, სააღდგომო კვერცხები სხვადასხვა ფერებში იღებება. ამ კულტურებში კვერცხის სიმბოლიკა უფრო ბუნების გაღვიძებასა და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება: ხასხასა ფერები აღნიშნავს სიცოცხლის მრავალფეროვნებას, ახალი ცხოვრების დაწყებას, ბუნების გაღვიძებასა და პოზიტიურ განწყობას.
დასავლურ ქვეყნებში პოპულარულია სააღდგომო დეკორატიული კვერცხები, რომლებშიც ბავშვები შოკოლადს, საჩუქრებსა და ტკბილეულს პოულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ტრადიცია ფერად კვერცხებს უფრო მხიარულად და დეკორატიულად აღიქვამს, ეს ტრადიცია მაინც ქრისტიანული რწმენის ნაწილია და მასში სიცოცხლისა და სიხარულის გამოხატვაა ჩადებული.