რა აკრძალვებით გაზარდა გიორგი ღოღობერიძე მამამ და როდის ჩაერთვება ის პოლიტიკაში? - ინტერვიუ ცნობილ ექიმთან | Allnews.Ge

რა აკრძალვებით გაზარდა გიორგი ღოღობერიძე მამამ და როდის ჩაერთვება ის პოლიტიკაში? - ინტერვიუ ცნობილ ექიმთან

გიორგი ღოღობერიძე დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი ვიდეოები, რომლებიც სამედიცინო სფეროს სხვადასხვა საჭირო თემას ეხება, უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა საინტერესო და ინტერესი გაჩნდა მათი ავტორისადმიც, რომელმაც წარმატების მისაღწევად, როგორც ამბობს, ბევრი იშრომა და დღეს საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

გიორგი ღოღობერიძე: გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, ფიზიკური შრომა გვიწევდა. თუმცა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა, პირიქით – ძალიან მიყვარდა სოფლის ცხოვრება. ზამთარი თუ მოდიოდა, შეშა უნდა დამეჩეხა, მაგრამ ჯერ უნდა მომეტანა და მარაგი გამეკეთებინა. გაზაფხულია და უნდა დაბარო, დათესო სიმინდი იქნება თუ ლობიო და შემოდგომაზე მიღებული ნაყოფი შეინახო. ის მომენტი, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით ვიკვებებოდით, ბედნიერებას მანიჭებდა. თუ ადამიანმა შრომის ფასი არ იცის, რთულად მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას.

giorgi-ghoghoberidze-w-h-1-1740058044.jpeg

გიორგი ღოღობერიძე მამასთან ერთად

– რატომ მოგიწიათ პატარა ასაკიდან ამ პასუხისმგებლობების აღება?

– როცა დედა ფიზიკურად მუშაობს, ხელში ცული უჭირავს და შეშას ჩეხს, ხედავ, რომ ეს მისთვის ძალიან რთულია და გინდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მით უმეტეს, როცა გარდატეხის ასაკი გაქვს და შრომის დროს კუნთების ზომა იზრდება, ეს დიდი სტიმულია (იცინის). გინდა, მამაკაცური ღირსება გამოავლინო, მით უმეტეს, დედასთან მიმართებით.

– მეურნეობის ამბების გარდა, რით იყო დაკავებული პატარა გიორგი?

– ჩემი სახლის უკან ძალიან დიდი ტყეა, იქ უამრავი ხილია, მთელი შემოდგომა წაბლს ვაგროვებდი და 25-30 ტომარა წაბლი ოჯახისთვის დიდი მოგება იყო. ძალიან გემრიელი წყაროს წყლები გვქონდა, ულამაზესი ჩანჩქერი გვაქვს და ბუნების მშვენიერებები იყო ჩემი გართობის მთავარი საშუალება. როცა ვხედავდი, რაც ბაღში იზრდება ის მხოლოდ კუჭს გივსებს, მაგრამ სხვა საჭიროებებიც არსებობს და ოჯახს ფინანსები არ აქვს, გამოსავალს ვეძებდი. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი მიტოვებული შენობა იყო, ნანგრევებში მეტალს ვეძებდით ან ჩანჩქერზე ვიზიტორების მიერ დატოვებულ ბოთლებს ვაგროვებდით, ვაბარებდით და შემოსავლის წყარო იყო ეს ჩვენთვის. ვერ ვიტყვი, რომ მარტო მე ვიყავი ამ პირობებში, სხვებსაც არ გადასდიოდათ თავზე და ყველა ერთად ვშრომობდით. ლაღად მახსენდება ის დრო, მაშინ დედა ცოცხალი მყავდა და ოჯახი ერთად ვიყავით, ამიტომ მიღირდა იმ ყველაფრად, თორემ ოჯახი რომ ასეთი არ მყოლოდა, ძალიან რთული იქნებოდა.

– მამას ჰქონია დიდი როლი ამ პროცესში...

– მამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. როცა სოფელში იზრდები, გარშემო სახლის, ყანის და მინდვრის გარდა ვერაფერს ხედავ. ძროხა, ქათამი და ძაღლი – იქ მეტი არაფერია და მომავლის პერსპექტივებს ვერ დაინახავ, რადგან გარშემო განსხვავებული არაფერი ხდება. შესაბამისად, წიგნის სიყვარული იმ პირობებში ძალიან ძნელია. მამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, წიგნი შემაყვარა, მთხოვდა, კარგად მესწავლა. დილის შვიდ საათზე მაღვიძებდა, ჯერ მისთვის უნდა ჩამებარებინა, რაც ვისწავლე. როცა ამას სისტემური ხასიათი აქვს, ეჩვევი და რაღაც დროის მერე, ეს შენთვის იმდენად ბუნებრივია, რომ პროცესი მშობლის ჩარევას აღარ საჭიროებს.

– დამოუკიდებლობა რა ასაკიდან აიღეთ საკუთარ თავზე?

– მეათე კლასიდან, როცა დედას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მამამ შეასრულა უდიდესი როლი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, შრომისმოყვარეობა გამომიმუშავა, მაგრამ დედამ, მისმა მდგომარეობამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მომცა მიმართულება და გადამაწყვეტინა ექიმობა.

– ღამე მართლა ორი საათი გძინავთ?

– ჩემს ცხოვრებაში მედიცინის გარდა არაფერია. მე ამით ვცხოვრობ. ორი საათი მძინავს, დანარჩენი ვმუშაობ, მაგრამ ეს ჩემთვის, შეგრძნების დონეზე, მუშაობა კი არა, სიამოვნებაა, განტვირთვა უფროა. იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე. ძილი საჭიროა, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გიყვარს და გინდა, ბევრი გააკეთო, უბრალოდ, ვერ დაიძინებ. ახლა ზაფხულის პერიოდია და 3-4 საათიც მშვენივრად მძინავს, მაგრამ შემოდგომიდან დავუბრუნდები ისევ ორსაათიან ძილს. არ მიჭირს, იმიტომ, რომ აბიტურიენტობის დროს, ზედიზედ სამი დღე არ მეძინა ხოლმე. მეოთხე დღეს ვიძინებდი რვა საათი, მომდევნო სამი დღე ისევ არ მეძინა და მეოთხე დღეს ისევ რვა საათს ვატარებდი ძილში. მივეჩვიე ამ რეჟიმს. შეიძლება ვერ დაიჯეროთ, მაგრამ ასეა. ძილის გარეშე ერთჯერადად სამ დღეს, ალბათ, ბევრი გაძლებს, მაგრამ ამის გაკეთება მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული გამოწვევაა მით უმეტეს, მოზარდისთვის. მაგრამ იმ პერიოდში სხვანაირად არ გამოვიდოდა, ცოდნა უნდა დამეგროვებინა.

სოფელში ერთადერთი ფანჯარა იყო, რომელშიც შუქი არასდროს ქრებოდა, მთელი ღამე ენთო და ეს ფანჯარა ჩემს სახლში იყო. მე ოთახში მთელი ღამე წიგნით ხელში ვიჯექი. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას დავენახე, იმიტომ, რომ ვიცოდი, აუცილებლად გამოიღებდა შედეგს ჩემი შრომა და ასეც მოხდა. მაშინ რა მიზნებიც დავსახე, ყველაფერს მივაღწიე და თან, ისე კარგად, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. სოფლიდან აღმოჩნდე უნივერსიტეტში, საუკეთესო სამეულში, შემდეგ კი სტუდენტებს შორის პირველ ადგილს იკავებდე წლების განმავლობაში, ყველგან მაქსიმალური ქულები აიღო, ეს ჩემს ბავშვობაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

– გაქვთ პოლიტიკური ამბიციები?

– ამ მომენტისთვის – არა. პოლიტიკა ძალიან დროებითია ჩვენს რეალობაში – დღეს ხარ, ხვალ კი იმდენად აღარ, რომ სხვაც ვეღარაფერი გახდები. ამიტომ, ამაზე ფიქრი ძალიან რთულია. თუმცა თუ ვნახე, რომ პოლიტიკაში მოსვლა აუცილებელი გახდა, რათა ჩემი მიზნის მისაღწევად შესაბამისი პირობები შევქმნა, შეიძლება, ეს ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ მანამდე სხვა გზებს ვეძებ, იქნებ შევძლო და პოლიტიკას გვერდი ავუარო. შემოთავაზებების მეტი რა არის, მაგრამ ამ მომენტში მე თვითონ არ ვარ დაინტერესებული ამ სფეროთი. იხილეთ ინტერვიუს სრულად