“გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია, საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი... ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა“ - კონსტანტინე გამსახურდიას ლეგენდარული ლექცია ვაჟა-ფშაველაზე
“ენას გიწუნებ, ფშაველო,/ მგოსანო მაღალ მთისაო,/ თუმც კი გვითესავ მარგალიტს!../ მკითხველიც იმას მკისაო!" - როგორც ცნობილია, ეს სტრიქონები აკაკი წერეთელმა ვაჟა-ფშაველას მიუძღვნა, რასაც მაშინვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ამ სიტყვების ავტორი აკაკი იყო და ერთი შეცდომა ალბათ, მასაც ეპატიებოდა, თუმცა კაცია და გუნება...
თავად ვაჟამ, ბევრი ფიქრის შემდეგ მგოსანს ლექსად ასე უპასუხა:
"გულს მისვენია ხატადა/ ენა მთისა და ბარისა./ მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,/ თუა ქართველის გვარისა,/ მოთაყვანე ვარ ყოვლისა/ იმათ ტკბილის და მწარისა".
ვაჟა-ფშაველაზე აზრი დიდმა მწერალმა - კონსტანტინე გამსახურდიამ გამოთქვა და მას ლექციაც მიუძღვნა, რომელშიც გენიოსი საკადრისად შეაფასა.გთავაზობთ იმ ლექციის ეპიზოდებს, სადაც თავად დიდი შემოქმედი, დაუშურებლად საუბრობს გენიოსზე:
“სიყრმეში ვაჟა-ფშაველა წარმოდგენილი მყავდა როგორც ჩოხიანი დევკაცი, ფანდურით ხელში. უფრო მეტი, იგი თავჩაჩქნიან და თორიან ვაჟკაცად მეოცნებეობაა... როგორ გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია ვაჟა საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი. არც მისი საკმაოდ დაბალი შუბლი და არც თვალები გენიოსობის ნიშანს არ ატარებდნენ. მერმე ის იყო, მე უცხოეთს წავედი და სამშობლოდან მომესმოდა მისი გოლიათური ბუბუნი. ვაჟა ძველი საქართველოს რაინდული წარსულის ვარდია... ლირა... ჩაჩქანი და რკინის პერანგი შეეძლო ეტარებინა მხოლოდ ვაჟას. მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტი. ასეთი თავისთავადი, ორიგინალობით მოსილი. მისი გამოჩენა ქართული პოეზიის ვარსკვლავედზე იწვევს ჩვენს გულში აღტაცებას და განცვიფრებას. რუსთაველმა და გურამიშვილმა დაანათეს მას დიდი მადლი ეგ იყო და ეგ. პოეტის შეფასებაში ჩემთვის უმთავრესია ენობრივი პოზიცია ავტორის, რადგან ენა მწერლისათვის, რაც კომპოზიტორისთვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს...
მე სიყრმიდანვე ვაჟას მემხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს - სიმონ ხუნდაძეს. იმ დროიდან მე არ შემიცვლია შეხედულებანი ვაჟას ენისმიერი პოზიციების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მუდამ მიმაჩნდა ქართული ენის გენერალური ხაზი ის მაგნიტურ ველია, რომელსაც მწერალი არ უნდა გადასცდეს, მაგრამ ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა... ზოგს ასე ჰგონია, რომ ვაჟას კუთხურ, ფშავურ-ხევსურული დიალექტი რომ არ მოეშველიებინა, ამ სიმაღლეზე ვერ ასწევდა თავის პოემებსა და ლექსებს. მე კი მგონია, ვაჟა განგებ გაემიჯნა ტრივიალურ პროვინციალიზმში გადაჭრილ ქართულ ენას.
ილიას და აკაკის სიკვდილის შემდეგ ქართული ენა დაიქსაქსა, უგერგილო მწერლებმა ვერ შეძლეს დიალექტების ტყვეობიდან თავის დაღწევა... ჩვენ ვიქნებით უსამართლოდ განმსჯელნი, თუ დიალექტიზმის ცოდვებს მოვხსნით ჩვენს კლასიკოსებს... პროზასა და პოეზიაში, რემარკებში ვაჟა მაინცდამაინც არ სცოდავს. არავითარი საყვედური არ ეკუთვნოდა აკაკისაგან, არც არავისგან. იხილეთ სრულად