ვინ იყო კაცი, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომისგან იხსნა?- დაუჯერებელი ამბავი გმირზე, რომელიც მხოლოდ 30 წლის შემდეგ დააფასეს
1983 წლის 26 სექტემბრის ღამეს მსოფლიო განადგურების ზღვარზე იდგა.
საბჭოთა კავშირის თავდაცვის გამაფრთხილებელმა სისტემამ აღმოაჩინა სიგნალი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა. სიგნალის მიხედვით, რამდენიმე რაკეტა იყო ამუშავებული. საბჭოთა კავშირის პროტოკოლის მიხედვით კი, ბირთვულ შემოტევას საპასუხო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა.
ცივი ომის პერიოდის დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ყველაზე მაღალი იყო, ორივე მხარე უამრავი ბირთვული იარაღით იყო შეიარაღებული. ამ არასტაბილურ სიტუაციაში შედარებით უცნობმა საბჭოთა ვიცე პოლკოვნიკმა, სტანისლავ პეტროვმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.
მოულოდნელი სიგნალიზაცია
პეტროვი ადრეული გაფრთხილების ბუნკერში მორიგეობდა. მას ებარა მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აშშ-დან შემომავალი ბირთვული რაკეტების აღმოსაჩენად იყო შექმნილი. მოულოდნელად ბუნკერში სიგნალიზაცია გაისმა. სისტემა იტყობინებოდა, რომ ხუთი ამერიკული ბირთვული რაკეტა გაშვებული იყო და პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ მიემართებოდა.
პროტოკოლის თანახმად, პეტროვს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა განგაშის შესახებ უფროსებისთვის, რომლებიც, რასაკვირველია, საპასუხო დარტყმის ბრძანებას გასცემდნენ. მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო წამებით იყო დაშორებული ორმხრივი განადგურებისგან.
პეტროვი ყოყმანობდა… საერთო სურათს რაღაც აკლდა… პირველყოვლისა, სისტემა მხოლოდ ხუთ რაკეტას აჩვენებდა — უცნაურად მცირე რაოდენობას აშშ-ის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმისთვის. მან ასევე, შენიშნა, რომ სახმელეთო სარადარო სადგურებს არ ჰქონდათ თავდასხმის დამადასტურებელი მტკიცებულება. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა და განგაშის უგულებელყოფის პოტენციური შედეგებისა, პეტროვმა დარეკა და გადასცა, რომ ცრუ განგაში იყო.
წუთები გადიოდა, რაკეტები კი არ ჩანდნენ… დადასტურდა, რომ მისი მოსაზრება სწორი იყო — განგაში გამოწვეული გახლდათ მზის სხივების იშვიათი პოზიციით, რამაც სატელიტური სისტემა დააბნია.
პეტროვი რომ შემცდარიყო, პირველი ბირთვული აფეთქება რამდენიმე წუთში მოხდებოდა:
“23 წუთი გავიდა და არაფერი მოხდა, რეალური დარტყმის შემთხვევაში, 23 წუთის შემდეგ ყველაფერი დანამდვილებით გვეცოდინებოდა, ეს ნამდვილი შვება იყო,”– განაცხადა მან.
გმირი აღიარების გარეშე
უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „ცივი ომი“ თავის ზენიტს აღწევდა და სრული ერთი თვეც კი არ იყო გასული იმ დღიდან, როდესაც საბჭოთა კავშირმა სამხრეთკორეული სატრანსპორტო ბოინგი 747 ჩამოაგდო. ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ახალი ომის საბაბი არ გავმხდარიყავიო, იხსენებს სტანისლავ პეტროვი, რომელსაც იმ საგანგაშო მორიგეობიდან 30 წლის შემდე, 18 თებერვალს, შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილებისათვის დაწესებული დრეზდენის მშვიდობის პრემია მიენიჭა:
„რატომღაც თავში ერთი აზრი მიტრიალებდა: დალახვროს ღმერთმა, ასე ხომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომის გამჩაღებელი აღმოვჩნდე... რაც უნდათ ის მიყონ, მესამე მსოფლიო ომის ავტორი კი არ გავხდები-მეთქი“.
მიუხედავად იმისა, რომ პეტროვის გადაწყვეტილებამ, სავარაუდოდ, თავიდან აგვაცილა კატასტროფული ბირთვული ომი, ის დიდწილად არაღიარებული დარჩა. საბჭოთა სამხედროებმა ეს ინციდენტი უხერხულობად მიიჩნიეს, ამიტომ მისი ქმედებები საიდუმლო ანგარიშებში „გამოკეტეს“. თავად პეტროვს უსაყვედურეს და მალევე გადადგა კიდეც სამხედრო სამსახურიდან.
წლების განმავლობაში მისი გმირობა მსოფლიოსთვის უცნობი რჩებოდა. მხოლოდ 1998 წელს გაირკვა მოვლენის დეტალები და პეტროვმა დამსახურებული აღიარების მიღებაც დაიწყო. მას მიენიჭა რამდენიმე საერთაშორისო მშვიდობის პრემია, მისმა ისტორიამ კი, უამრავი ადამიანი შთააგონა.
მოსკოვში საბჭოთა ოფიცერი სტანისლავ პეტროვი 2017 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.