"აქა-იქ შემორჩენილი ნაშთები მიანიშნებს, რომ ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა"- რა ვიცით სამკურნალო კურორტ კვერეთზე, რომელსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა | Allnews.Ge

"აქა-იქ შემორჩენილი ნაშთები მიანიშნებს, რომ ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა"- რა ვიცით სამკურნალო კურორტ კვერეთზე, რომელსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა

საქართველოში არაერთი კურორტია, რომელიც წარსულში საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა დღეს ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. წყალტუბო, აბასთუმანი, შოვი - ის კურორტებია, რომელთა შესახებაც ბევრს სმენია.

დღევანდელ სტატიაში კურორტ კვერეთზე მოგიყვებით, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი Allnews-ს კურორტის დაარსებისა და ამჟამინელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა:

"კურორტი კვერეთი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ზემო იმერეთის პატარა მთის მდინარე ჩიხურას ხეობაში მდებარეობს. ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტს გარს ტყით დაფარული მთები აკრავს. სწორედ აქ, მდინარე ჩიხურას ნაპირებთან გაატარა აკაკი წერეთელმა სიყმაწვილის წლები. ერთგან აკაკი წერდა კიდეც: „წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს – ჩიხურას ვაძლევ: ეს იყო საკუთარი ჩემი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე..."

kvereti-2-1729765847.jpg

- როდის და ვისი ინიციატივით იწყება კურორტ კვერეთის კეთილმოწყობა?!

-დღეს ამ კურორტის შესახებ სამწუხაროდ ცოტას თუ სმენია. თუმცა იყო დრო, როდესაც ამ სამკურნალო-დასასვენებელ კურორტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან არაერთი ადამიანი სტუმრობდა. იმხანად კვერეთში საბავშვო ბანაკიც კი იყო.

XX საუკუნის პირველ ნახევარში კვერეთის კეთილმოწყობაზე წერეთლების გვარის წარმომადგენლები ზრუნავდნენ. მათი ინიციატივით აიგო აქ აბანო და მოეწყო აუზები. 1973 წელს, ქეთევან ძოწენიძის ავტორობით გამოცემულ წიგნში (ზემოიმერული კილოკავი: ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები) ვკითხულობთ: „ეს კვერეთის აბანო წერეთლებისა იყო. აღმოჩენილია წინათ წერეთლების მიერ. უმალ ჯოგი ყამდათ თავადეფსა და ამ წყალსა საქონელი სვამდა, მარილიანი წყალია. მერე მიხვთენ რო ეს იყო სამკურნალო წყალი და გააკეთეს რაძახა ხის საწნახელი, მერე გააკეთეს ცემენტის აუზები. 1910-ში დევიწყეთ სახლები და ავაშენეთ. გავაკეთეთ ვანებიც და ვაბანავებდით ხალხს თითო აბაზათ. ეფი იყო. ფულიც ქე ვარგიყო. ეს აკაკი წერეთლის მამის იყო. გეიყვენ ძმები მერე. აკაკიმ ეს მიყიდა გამყრელიძეს...“

kvereti-1-1729765864.jpg

ცნობილია, რომ შენობათა დიდი ნაწილი სტალინის ბრძანებით გერმანელმა ტყვეებმა ააგეს. იმის მიუხედავათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში კურორტზე თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები პირველ ეტაპზე გეგმის სრულად შესრულება ვერ მოხერდა. როგორც ცნობილია, 1954 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა კვერეთის დასასვენებელი სახლი, რომელშიც დამსვენებელთა ერთი ნაკადის მიღებისას 120 ადამიანი თავსდებოდა. 1955 წლის მონაცემებით დასტურდება, რომ სამკურნალო სახლმა მუშაობა 15 აპრილს დაიწყო და მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ხარკოვიდან, დნიპროდან (დნეპროპეტროვსკი) და ჩამოსულ არაერთ ადამიანს უმასპინძლა. ამავე წელს კვერეთის დასასვენებელმა სახლმა სტუმრები ჭიათურიდან და რუსთავიდანაც მიიღო. დამსვენებლები კმაყოფილნი იყვნენ მომსახურების ხარისხით, კვებით და მკურნალობის შედეგებით.

ზემოთქმულის მიუხედავათ იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა დამსვენებელს: იმ დროისთვის დასასვენებელ სახლს არ ჰქონდა კლუბი. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ 1955 წლისთვის სააბაზანოები სრულად ჯერ კიდევ არ იყო აღჭურვილი სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარით, მოსაწესრიგებელი იყო დასასვენებელ სახლამდე მისასვლელი გზაც. დამსვენებელთა უკმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტიც, რომ დასასვენებელი სახლიდან რაიონულ ცენტრთან ვერ ხერხდებოდა სატელეფონო კავშირის დამყარება.

kvereti-4-1729765874.jpg

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წინასწარ გაწერილი კურორტ კვერეთის კეთილმოწყობის გეგმა რიგი მიზეზების გამო პირველ ეტაპზე დროულად ვერ შესრულდა. თუმცა, დროთა განმავლობაში დაშვებული შეცდომებისა და დამსვენებელთა სურვილების გათვალისწინებით არაერთი რამ გაკეთდა კვერეთში. 1958 წლისთვის კურორტზე საბაგირო გზა გაკეთდა, რომელიც 1990 წლამდე ფუნქციონირებდა. კარგად თუ დააკვირდებით ზოგიერთ ფოტოზე პატარა ტბასაც შენიშნავთ. მდინარე ჩიხურას დაგუბებით შექმნილ ამ ტბაზე კურორტის დამსვენებლებს ნავით გასეირნებაც კი შეეძლოთ.

sachxeris-samxaretmcodneo-etnografiuli-muzeumi-saweretlo-1-108-1729766045.jpg

- რა უპირატესობებით გამოირჩეოდა კურორტი?

- ძირითადი სამკურნალო ფაქტორად დაბალი მინერალიზაციის წყალი მიიჩნეოდა, რომელსაც აბაზანებისათვის იყენებენ. კვერეთში სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა კუჭ-ნაწლავისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობდნენ. გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებების გამო კურორტი კვერეთი კანის დაავადებათა სამკურნალოდაც გამოიყენებოდა.

448749040-956704936467767-4406094462222366689-n-696x464-1729766062.jpg

448755805-956702863134641-5823939029113108183-n-1-696x464-1729766070.jpg

- რა მდგომარეობაა ამჟამად კურორტზე?!

- დღესდღეობით კურორტი სავალალო მდგომარეობაშია. ადგილობრივები გულდაწყვეტით იხსენებენ, რომ იყო დრო, როდესაც კვერეთში დამსვენებელთა ნაკადები არ წყდებოდა, ბავშვთა ბანაკიდან მუდამ ჟრიამული ისმოდა... მათი ნაწილი სამკურნალო-დასასვენებელ კურორტზე არსებულ დასასვენებელ სახლებში მუშაობდა.

kvereti-gnta-m-1729766116.webp

448849664-956703466467914-1390993270496045845-n-696x464-1729766089.jpg

მათი დახურვის შემდგომ კი ისინი უსამსახუროდ დარჩნენ. წლების მანძილზე განადგურდა აქ არსბული ინფრასტრუქტურა, დაინგრა შენობები. დღეს, კვერეთში ჩასულ ადამიანს აქა-იქ შემორჩენილ შენობათა ნაშთები თუ გაახსენებს, რომ ერთ დროს აქაც ჩქეფდა სიცოცხლე.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აკ. წერეთელი. რჩეული ნაწერები. ტ. II (ს.გორგაძისა და ს.აბაშელის რედაქციით). ტფ. 1926

2. ქ. ძოწენიძე. ზემოიმერული კილოკავი: ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 1973 წ.

3. Ежедневная газета: Заря Востока. N119 (21.05.1955). N186 (24.08.1950). Тбилиси. Орган Центрального и Тбилисского Комитетов КП (б) Грузии.

4. ალ. კალანდაძე. ქართველ მწერალთა სახლ-მუზეუმებში. თბილისი. საბჭოთა საქართველო. 1959 წ.

5. გ. ბედოშვილი. ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი. წიგნი I. თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2002 წ.

6. საქართველოს კურორტები. თბილისი. საქდესის ფოტოქრონიკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/315731

7. საქართველოს კურორტები. Курорты Грузии. თბილისი. საქდესი. https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/409073

8. Курорты Грузии. საქართველოს კურორტები. Тбилиси. Фотохроника ГрузИНФОРМа. https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/312184

9. კურორტი კვერეთი. ფოტოს ავტორი: ა. მაჭავარიანი. 1971 წ. ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი.

10. საქართველოს კურორტები. თბილისი. საქდესი. 1962 წ. https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/388264

11. https://archive.gov.ge/en/2020-1/sakartvelos-kurortebi-1

12. https://archive.gov.ge/storage/images/27_kvereti_56x74_01.jpg