“ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა - 1 კვადრატულ მეტრზე შეგიძლიათ 5-6 კილოგრამიც აიღოთ”
ყაბაყი სასარგებლო ბოსტნეულია და არც მოყვანაა ძნელი, მაგრამ მას ჩვენში რატომღაც დიდ ფართობებზე არ თესავენ. ყოველ შემთხვევაში, ბევრად იშვიათად, ვიდრე, მაგალითად, ბადრიჯანს. ამიტომ მოსახლეობა მაინც თურქულ ბაზარზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ბავშვების პატრონები, რომელთა მენიუში ყაბაყი შედის. თუმცა არიან წინდახედული ფერმერები, რომლებიც ცდილობენ იმდენი ყაბაყი მოიყვანონ, რამხელა მოთხოვნაც აქვთ და მის რეალიზებასაც ადვილად შეძლებენ. მსგავსი პატარ-პატარა "შეთანხმებები" მუშტართან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია დადებული, მათ შორის ნიკა ბეგალიშვილი აწვდის სოფელ წნორიდან ყაბაყს დედაქალაქელებს. რატომ უნდა მოვიყვანოთ არცთუ რთულად მოსაწევი ყაბაყი უფრო მეტი, ამის შესახებ ნიკა ბეგალიშვილს ვესაუბრეთ.
- თქვენ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მიმდევარი ხართ და არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხო კულტურებიც მოგყავთ. ყაბაყი რატომ აირჩიეთ?
- უბრალოდ, ჩავხედე ინფორმაციას მისი სარგებლობის შესახებ, მისი მოვლა-მოყვანის პირობებს და მივხვდი, რომ არც მოყვანა გამიჭირდებოდა და არც რეალიზაცია - სულ ეს იყო.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავადაც სიამოვნებით გეახლებით კარგი დიასახლისის მომზადებულს. ყაბაყისაგან შეიძლება დაამზადო ნებისმიერად შეზავებული კერძი, მათ შორის სალათები. თუმცა ბავშვებისათვის შეუდარებელია ორი ძირითადი თვისების გამო: ყველა ბაღჩეულზე მეტ ჩ ვიტამინს შეიცავს, ამასთანავე, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. სხვა თვისებებიც აქვს, თუმცა ყველას შეუძლია ნახოს სოციალური ქსელით და ყაბაყის მოყვანითაც დაინტერესდეს.
მე ყაბაყი არც ისე დიდ ფართობზე მაქვს დათესილი, რომელსაც მომხმარებელი ჰყავს და რეგულარულად ვაწვდი წელიწადის ყველა დროს, გარდა ზამთრისა. ზამთარში ყაბაყი სათბურში უნდა დათესო, რადგან ოდნავი სიცივეც არ უყვარს, -1°ჩ-ზეც შეიძლება დაზიანდეს.
არსებობს ყაბაყის რამდენიმე სახეობა, საადრეოც და საგვიანოც. ყაბაყის სახეობებს, მარტის თვიდან ყველა თვეს ვთესავთ. წლეულს მომდევნო თესვას სექტემბერში ჩავატარებ და ახალ მოსავალს ნოემბრის შუა რიცხვებში ავიღებ, რომელსაც კლიენტი უკვე ელის.
ყაბაყი თუკი არ დაკონსერვდა, არც ინახება. დაკონსერვება ნოემბრიდან მარტამდე შეგვიძლია, როცა გრუნტში ყაბაყი აღარ მოდის აცივების გამო. თუმცა ზოგიერთი ამ კულტურას სათბურშიც თესავს. ყოველ შემთხვევაში, თურქეთიდან ზამთრის პერიოდში სათბურის ყაბაყი შემოდის.
- როგორც ვიცი, ყაბაყის ღირებულება მხოლოდ ზაფხულში იწევს დაბლა. თუმცა ამ დროსაც ხშირად მეტი ფასი აქვს, ვიდრე სხვა ბაღჩეულს, მაგალითად, ბადრიჯანს.
- დაახლოებით ასეა. თუმცა სუპერმარკეტებში, რომელთაც მცირე ფერმერებთან აქვთ ხელშეკრულება, ყაბაყი ძვირი ღირს. ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. ამას იმით ავხსნი, რომ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მომყავს გადამწვარი ნაკელით, სხვა სასუქს არ მოვიხმარ. ერთხანს ამას არ მიჯერებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედაქალაქში თურმე ჩემი პროდუქცია ზოგიერთმა ლაბორატორიაში შეამოწმა, მადლობა მითხრეს და ყაბაყს, სხვა მოსავალთან ერთად, ერთიანად ვყიდი. ქალაქში ჩემივე ავტომანქანით ჩამაქვს და კონკრეტულ სავაჭრო ობიექტს ვაბარებ.
- შეგიძლიათ გვიამბოთ, ყაბაყი როგორ მოგყავთ?
- მე პირადად გრუნტში მომყავს, ხარისხიან თესლს სასოფლო მაღაზიებში ვყიდულობ და ვთესავ. ერთი კვირის შემდეგ ყაბაყს უკვე ყლორტები აქვს. ერთი სახეობის ყაბაყის თესლი შეგვიძლია ყოველ 10 დღეში ერთხელ დავთესოთ.