იცოდით, რას წერდა ქრისტეფორე კოლუმბი საქართველოზე? - მოგზაურის ჩანაწერები, რომლებიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო
ქრისტეფორე კოლუმბის ჩვენში უცნობი ჩანაწერები საქართველოზე, გამოიცა წიგნში: ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები“
თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ ჩანაწერებს კოლუმბი იშვიათად ხაზავდა, საქართველოს შესახებ ამოხაზული ცნობები აჩვენებს მის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. კოლუმბმა შეისწავლა ყველაფერი საქართველოზე, რაც ამ დროს ევროპელ ინტელექტუალს შეიძლება სცოდნოდა, პომპეუსის ლაშქრობიდან იბერიის გაქრისტიანებამდე, ასევე მონღოლთა ლაშქრობა და დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მათი ბატონობისაგან.
პირველ ტექსტში წერია: Hic multa trata de Hiberia - აქ ვრცლადაა განხილული იბერია
მეორე ფოტოზე: Hiberians hodie Georgians appelant - იბერებს ახლა გეორგიანებს უწოდებენ
ამ ფოტოს ბოლო, საგანგებოდ ამოხაზული წინადადება: Hic incipivit Colchis - აქ იწყება კოლხეთი.
ბოლო ფოტოზე გამოსახულია კოლხეთის მდინარეების ჩამონათვალის ზემოთ მონავარდე ფრინველი, რომელიც თავად ცნობისმოყვარე ავტორს უნდა განასახიერებდეს.
რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული კოლუმბის დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიით? ამ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში სამყაროს მკვლევრები და მოგზაურები შთაგონებული იყვნენ პრესვიტერ იოანეთი და მისი ქრისტიანული იმპერიით აღმოსავლეთში. ქრისტიანულ საქართველოსთან დაკავშირებით, კოლუმბი სხვადასხვა წყაროებში კითხულობდა, რომ აქ იყო ძლიერი ქრისტიანი მეფე, „მრავალრიცხოვანი ქალაქები“, „არქიტექტურულად ნაგები შენობები“, ნაყოფიერი მიწა, დიდი ლაშქარი, ძირძველი ქრისტიანული კულტურა, ღვთაებრივი სასწაულები და ა.შ. ამგვარად, საქართველო ბევრი რამით ჰგავდა იმ ზღაპრულ სამეფოს, რომელსაც კოლუმბი ეძებდა. ყველაფერ ამის გამო, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ კარგად გასაგებია.
რთული წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია ქრისტეფორე კოლუმბის ანოტაციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კიდევ უფრო მოულოდნელია, რომ ის ეხება არა საქართველოს ისტორიის ცალკეულ ფრაგმენტებს, არამედ ყველა ძირითად მოვლენას ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, რაც ეპოქის დასავლური წყაროებისთვის იყო ცნობილი. საქართველოზე საუბრისას კოლუმბი ძირითადად ეყრდნობა ანტიკურ წყაროებს: პტოლემაიოსს, პლინიუსს, სტრაბონს, რუფინუსს, შუა საუკუნეების ავტორებიდან – ჰაიტონსა და პეტრე აილელს, ანტიკური წყაროების დიდ ნაწილს იგი ეცნობოდა პიუს მეორის „ისტორიაში“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის ინტერესებზე.
ანოტაციების დიდი ნაწილი მან სწორედ ამ თხზულების არშიებზე გააკეთა, ძირითადი ტექსტის გასწვრივ, რომლებშიც ის ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ისტორიიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე: იბერიის ოთხკლასოვანი სოციალური სისტემა, პომპეუსის მიერ იბერიის დაპყრობა, წმინდა ნინოს მიერ იბერიის გაქრისტიანება, მირიან მეფის სასწაული, სვეტიცხოვლის მშენებლობა, დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მონღოლთა იმპერიისაგან და ასე შემდეგ. იგი შენიშნავს, რომ სტრაბონი დიდად აქებს იბერიას, როცა ეს უკანასკნელი საუბრობს იბერიის მრავალრიცხოვან ქალაქებსა და ბრწყინვალე არქიტექტურით ნაგებ საზოგადოებრივ ნაგებობებზე.
კოლუმბის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის მიმართ იქიდანაც ჩანს, რომ მას თავისი ჩანაწერები იბერიასა და კოლხეთზე ამოხაზული და მორთული აქვს (ანოტაციები 231, 242). მას საგანგებოდ აქვს ამოხაზული მირიან მეფის სასწაულებრივი მოქცევაც (241), საქართველოს მდინარეების – მტკვრის, რიონის და ცხენისწყლის ჩამონათვალი კი ჩანიშნული აქვს მათ ზემოთ მონავარდე ფრინველის გამოსახულებით (244). იხილეთ სრულად