"ვცდილობთ, არ წავიდეთ, გავჩერდეთ და აქაურობის მკაცრ პირობებს ფეხი ავუწყოთ"- ინტერვიუ მაღალმთიანი აჭარის მკვიდრთან, რომელიც წინაპრების ფუძეს ამაგრებს | Allnews.Ge

"ვცდილობთ, არ წავიდეთ, გავჩერდეთ და აქაურობის მკაცრ პირობებს ფეხი ავუწყოთ"- ინტერვიუ მაღალმთიანი აჭარის მკვიდრთან, რომელიც წინაპრების ფუძეს ამაგრებს

ცოტა ხნის წინ მედიატურით მთიან აჭარას ვესტუმრეთ, ჩვენი ერთ-ერთი მეგზური გიგლა ანთაძე აღმოჩნდა, ახალგაზრდა კაცი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. გარდა იმისა, რომ ლამის ნახევარი მაღალმთიანი აჭარა შემოგვატარა, გულითადაც გვიმასპინძლა და იქაურ ყოფაზეც ბევრი გვესაუბრა. შემდეგ კი ინტერვიუც მოგვცა, რომელიც ექსკლუზიურად გაზეთში „კვირის პალიტრა“ დაიბეჭდა.

გიგლას უზომოდ უყვარს თავისი მხარე და იქიდან ქალაქში გადმოსვლა არასდროს უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად არც ისე სახარბიელო პირობებში უწევს ცხოვრება, იქაურობას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ტოვებენ.

რიყეთი გოდერძის უღელტეხილამდე, 9 კილომეტრშია. როგორც ჩვენი მასპინზელი გვეუბნება, მათ სოფელში სათავეს იღებს აჭარისწყალი. ამის გამო მდინარის პირას ცხოვრობენ...

425e4af2-cc1e-4825-a1c0-88f4b5ca7152-1722248259.jpg

გიგლა ანთაძე:

- ჩვენთან ბევრი რიყის ქვაა, რომელსაც, თქმულების მიხედვით, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებდა. ასე რომ, სოფლის სახელიც აქედან წარმოიშვა. რიყეთში ჩემი წინაპარი დაიბადა და მეც აქ დავიბადე. ყველა აქ ცხოვრობდა და ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ ყოველ წელიწადს მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდება...

მდინარე სოფელს ორ ნაწილად ყოფს, ამიტომ არსებობს გაღმა და გამოღმა რიყეთი. გაღმა დიდი რიყეთია, რომელშიც ადრეულ წლებში ჩვენები ცხოვრობდნენ. მერე ცენტრალური გზა რომ გაიყვანეს, უკვე აქეთ გადმოვედით - მოსახლეობა ასე გადავნაწილდით. ისე, ჩვენი ნათესავების ნაწილი მდინარის იქით დარჩა. იმის გამო, რომ იქაურობა ცოტა მოშორებით არის, ზამთარში მოსახლეობა ბათუმში მიდის, ჩვენ აქ ვრჩებით... ისე აქაც ბევრი უბანია დახურული, წავიდნენ. ორი უბანი კი საეროდ გაუქმებულია, მხოლოდ სახლებია დარჩენილი. ჩვენ ვცდილობთ, არ წავიდეთ, გავჩერდეთ და აქაურობის მკაცრ პირობებს ფეხი ავუწყოთ.

9cceb7e4-ac56-40f5-8070-e74f213b714c-1722248279.jpg

- და ასე თქვენს ფუძეს, კერას ამაგრებთ...

- კი... ოჯახში 6 წევრი ვართ - დედა, მამა, ჩემი მეუღლე და ჩვენი 2 შვილი. უფროსი 14-ისაა, უმცროსი - 9 წლის. ბავშვები სკოლაში აქ დადიან. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მეუღლე - ქართული ენისა და ლიტერატურის. სკოლაში 45 მოსწავლეა, ჩვენი სოფიდანაც დადიან და დიდი რიყეთიდნაც მოდიან, რადგან იქ მხოლოდ 9 კლასია, აქ - 12. მოსწავლეების სიმცირის გამო 2-3 კლასი ერთადაა გაერთიანებული. ზოგ კლასში 2 მოსწავლეა და ასე...

- თავად რა განათლება გაქვთ?

- ბათუმში სასოფლო-სამეურნეო განხრით ვსწავლობდი - ინჟინერი-მექანიზატორი ვარ. ბათუმში ცოტა ხანს ვიცხოვრე, მაგრამ ვერ გავძელი... ჩემი სახლის გარეშე სხვაგან ვერ ვჩერდები. მიყვარს, როცა სტუმრები ჩვენთან მოდიან და ვუმასპინძლდები... ცუდად არ გაიგოთ, მაგრამ მთას და ჩვენს მხარეს მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა შეუძლია, ვიდრე ზღვასთან ახლო ქალაქს. აქ ადამიანები ერთმანეთს მეტად ვაფასებთ, პატივს ვცემთ. თითქმის ზემო აჭარაში ყველაფერი ისევეა შემორჩენილი, როგორც ჩვენს წინაპარებთან იყო.

91ecb563-576a-42fa-b394-552181f56d35-1722248297.jpg

- მთიანი აჭარა მცირემიწიანია, სადაც არსებული მიწები მაქსიმალურადაა ათვისებული. მთაზე შეფენილია სიმინდის ყანები, სხვადასხვა ბოსტნეულის ნარგავ-ნათესები... მთაში ტექნიკის აყვანა რთულია, მაგრამ მოვლილ მიწის ნაკვეთებს ეს სულაც არ ეტყობა. ამას როგორ ახერხებთ?

- ვახერხებთ... ყველაფერი მოდის, რასაც ვთესავთ და ვრგავთ. კარტოფილი მეტი რაოდენობით მოგვყავს, ასევე სალათის ფურცელი, რომელსაც ვყიდით, რადგან იმდენს არ მოვიხმართ. მოგვყავს ძირითადად ის პროდუქტი, რაც ოჯახში გვჭირდება - ლობიო, სიმინდი, კიტრი, პამიდორი, მწვანილი...

- მკაცრ ზამთარი იცის, ხომ?

- ერთ დღეში შეიძლება 2 მეტრი თოვლი მოვიდეს, მაგრამ ამისთვის კარგად ვემზადებით, არაფერს ვუშინდებით. ელექტროენერგიის პრობლემა კი გვაქვს - მოძველებული გაყვანილობაა შემორჩენილი, რასაც ჯერ არავინ გვიცვლის. უამინდობის გამო ხშირად ფუჭდება, თოვლი კი აქ 6 თვე დევს... სახლს შეშით ვათბობთ, გაზი არ გვაქვს.

03f05a4d-302e-488f-b749-72ed65ad356d-1722248328.jpg

- ჩვენი მოგზაურობისას ვნახეთ, რომ გზების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს... მიმდინარეობს ასევე გამაგრებითი სამუშაოებიც...

- გაზაფხულიდან დაიწყო ეს სამუშაოები. ამჯერად უკვე სხვა კომპანია ჩაერთო. სულ თავიდან ერთ-ერთი კომპანია მოვიდა, რომელმაც მუშაობა ძველი ტექნიკით დაიწყო და ვერაფერი გააკეთა... მერე ჩინელები მოვიდნენ, რომლებმაც ყველაფერი დაშალეს, დაანგრიეს და მოთხარეს... არადა აქ მცოცავი მიწაა და ეს ფერდობები მთელ სიგრძეზე ჩამოიშალა. ახლა სწორედ იმ ჩამოშლილის გამაგრება მიმდინარეობს. რასაც ვუყურებ, საქმეს კარგი პირი უჩანს. იმედი მოგვეცა, რომ გზა გაკეთდება. ამბობენ, შემოდგომაზე დასრულდებაო.

გზა როცა მოწესრიგებულია, ტურისტი ამა თუ იმ რეგიონს აქტიურად სტუმრობს. შეიძლება ყოველ შაბათ-კვირასაც იაროს. მაგრამ ერთხელ რომ ამოვა და ასეთ გზას ნახავს, მეორედ მოსვლა აღარ მოუნდება. ბევრს ამის გამო ჯავშანიც გაუუქმებია, რადგან დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

საოჯახო სასტუმრო გვაქვს, მაგრამ სტუმრებს ხშირად არ ვიღებთ, ამაზე არ ვართ დამოკიდებული. როცა საჭიროება მოითხოვს, მათ მაშინ ვმასპინძლობთ.

b072e5e2-672f-4c81-a454-dabdda4b0d3b-1722248354.jpg

- მიწის რა ფართობი გაქვთ?

- 5 ჰექტარი იქნება და მასზე თუ არ იშრომებ, არც არაფერი გამოვა. ჰოდა, ყველაფერი მოგვყავს, რის საშუალებასაც ჩვენი ნიადაგი იძლევა. ვინაიდან მიწები ფერდობებზე გვაქვს, ამის გამო ტრაქტორი ვერ მუშაობს და ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. ზოგან ხარებიც შეჰყავთ. მე პატარა მოტობლოკი მაქვს და მიწას იმით ვამუშავებ.

ადრე მესაქონლეობას ვეწეოდით, მაგრამ ვინაიდან დედა და მეუღლე სკოლაში მუშაობენ, ამ საქმეს ვეღარ აუდიოდნენ და მესაქონლეობას თავი დავანებეთ. რძეს მათგან ვყიდულობთ, ვისაც სოფელში საქონლის მოვლა შეუძლია და ამისთვის დრო რჩება... ისე, უმეტესად ამ საქმეს ბევრი გაურბის, რადგან მოვლა რთულია, საქონელს ბალახიც ბევრი სჭირდება და ეს ყველაფერი დიდად მომგებიანიც არ არის. თავად რძე და რძის პროდუქტები საკმაოდ იაფია. ისიც არის, რომ აქაური ძროხა ბევრსაც არ იწველის, მთებზე დადის, მაგრამ სუსტია. თუ ბაგაზე მოვლილი საქონელი 10 ლიტრამდე იწველის, ჩვენი - 5-ს. თან აქ ყველა ჯიშის ძროხა ვერ ძლებს.

- ხეხილიდან რა მოგყავთ?

- კაკალი, ვაშლი, მსხალი, ოღონდ, გარეგნულად როგორც ქართლშია, ისეთი ლამაზი არაა, მაგრამ არომატული და გემრიელია. ხილს არ ვყიდით, ვინახავთ და ზამთარში მივირთმევთ. მოკლედ, ისეთია, რომ ვერ გაიყიდება. ხეხილი არასოდეს შეგვიწამლავს.

აქ ყურძენი არ ხარობს, ამიტომ 2019 წლიდან საგარეჯოში მივდივარ და ვყიდულობ. ძალიან მომწონს მისი დაწურვა და ღვინის დაყენება, ამ საქმეს პატივს ვცემ. იქიდან გამომდინარე, რომ სტუმარმასპინძლობა ჩემი საყვარელი საქმეა, მეტად მსიამოვნებს, როცა ჩემი ღვინით სტუმრებს ვმასპინძლობთ. ქართულ სუფრას ეს სასმელი უხდება.

ჭაჭისგან არაყს ვხდი და ასევე აქაური ხილისგანაც... ღვინოს პლასტმასის კასრებში ვაყენებ, ჯერჯერობით მინის ჭურჭელს ვერ ვყიდულობ. დაწურვიდან 10 დღე ჭაჭაზე ვაჩერებ, მერე დაბლა რომ დაიწყებს ჩასვლას, ჭაჭისგან ვაცალკევებ. ღვინო რბილი და გემრიელი გამოდის, ყველას მოსწონს.

5fc58106-4e2c-461b-9908-229fde0cff2d-1722248374.jpg

- სტუმრების მასპინძლობა რომ ძალიან გიყვართ, ამაში ჩვენც დავრწმუნდით...

- ეს ჩემი ოჯახის ტრადიციაა. ბაბუა და ბებია მასწავლებლები იყვნენ. მთელი ბავშვობა ჩვენს სახლში სტუმრიანობას ვუყურებდი. სუფრა სულ გაშლილი იყო. სოფელში სტუმრად თუ ვინმე მოდიოდა, ყველა ჩვენთან შემოივლიდა. ასე გავიზარდე და ამას შეჩვეული ვარ. ეს ყველაზე მაგარი სიამოვნებაა. რაც მეტ ადამიანს იცნობ, მით მდიდარი და ძლიერი ხარ. ამ ურთიერთობისას ადამიანი მეტად გახსნილი და ლაღი ხდები.

- მძღოლობასაც ითავსებთ, ხომ?

- მიკროავტობუსი მყავს და ზაფხულობით სოფლის მოსახლეობასაც ვემსახურები. ზამთარში კი „გოდერძიზე“ ჯგუფები ამყავს... აქაურობა ჩემთვის ყველაფერია, მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული და სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს... „გოდერძიზე“ რომ ავდივარ, იქიდან ჩვენი სოფელი და სკოლა ჩანს, - საერთოდ ულამაზესი ხდები იშლება. იქით რამდენჯერაც მივდივარ, იმდენჯერ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ.

- აჭარულ კერძებზეც მინდა ვისაუბროთ...

- ბურანო, ნომერ პირველი აჭარული ტრადიციული კერძია. ყველისა და კარაქისგან მზადდება. არის ასევე კაიმაღი, რძისგან კეთდება, კრემის მსგავსია და ძირითადად ცივად საჭმელია. კაიმაღის ბორანოს ცხლად მიირთმევენ - ის რძეში ჩაყრილი ყველია, წამოდუღების შემდეგ ყველი დნება და უგემრიელესია. ყურუთი კი ნადუღისა და კარაქის ერთობლიობაა, ცოტა მჭადის ფქვილიც უნდა. მერე ფორმას აძლევენ, ფიცარზე დებენ და მზეზე აშრობენ. მთელი ზამთარი მშრალ ადგილას რომ შეინახო, პრობლემა არ ექნება. შეგიძლია შეწვა კიდეც, უგემრიელესია.

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, ანუ საქართველოს მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარიდან?

- აუცილებლად უნდა მოინახულონ ჩვენი მხარე, ნახონ მთიანი აჭარა. აქ ბევრი ადამიანის ხილვა ყველას გაგვიხარდება, დიდებსაც და პატარებსაც. აქ მოსული სტუმარი ყველას უხარია. მერე კი საკუთარი შთაბეჭდილებები თავის ნაცნობებს გაუზიარონ.

ჩვენ ეს სიამოვნება გვაკლია, რადგან აქამდე გზა არ გვქონდა. დღემდე ბევრ რაღაცას მოკლებულები ვართ. ტურიზმი აქ ახლად იბადება და ყალიბდება.

ჩვენ კი ამ ეტაპზე რაც გვაქვს, ორიგინალია, სახე არაფერს დაუკარგავს, ნატურალურია, ბუნებრივია. ასე რომ ამ ყველაფერს სიამოვნებით გავაცნობთ, ვისაც მთიანი აჭარის ნახვის სურვილი ექნება.

ავტორი: ლალი ფაცია