"თინეიჯერობის წლებში შეყვარებული იყო... ბევრი გოგო ეპრანჭებოდა, მაგრამ სპორტისკენ იყო გადართული" - რას ჰყვებიან "მამარდაზე" კლასელები და პედაგოგები?
"გიორგი მამარდაშვილს აქვს გასაოცარი უნარი, გამოიცნოს, სად უმიზნებს მეტოქე" - წერს მის შესახებ მსოფლიო მედია. მის თამაშს ხშირად დაუჯერებელსაც უწოდებენ. აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომ მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარ სამშობლოს ოცნება შეუნარჩუნა.
"მშვიდი, მოწესრიგებული, დინჯი, მშრომელი და უკონფლიქტო", - ასე ახასიათებენ სკოლის პედაგოგები.
"მეგობრული, ძალიან თბილი, კეთილი, სამართლიანი და მხიარული", - ამბობენ მასზე მეგობრები.
დღეს მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ქართველებს თითქოს დავიწყებული, გამარჯვების სიხარული არაერთხელ განგვაცდევინა.
ნათია შუკაკიძე, პედაგოგი:
- სანამ გიორგის ბავშვობაზე ლაპარაკს დავიწყებდე, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთელ საქართველოს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ჩვენი ნაკრების ასეთი წარმატება. გიორგის და მთელ ნაკრებს მალე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა ვუსურვო, ყველაფერი შესაძლებელია!
- გიორგი მამარდაშვილი ყველა ქართველის სიამაყეა, თქვენი და 115-ე საჯარო სკოლის - ალბათ გამორჩეულად, არა?
- რა თქმა უნდა და ბედნიერი ვარ, რომ მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. მისი კლასი ჩემი პირველი სადამრიგებლო იყო, მათ მესამე კლასიდან ვასწავლიდი. ყველა გამორჩეული და კარგი ბავშვი იყო.
- ამ გამორჩეულ ბავშვებში გიორგი რით იყო გამორჩეული?
- მშვიდი, დინჯი ბავშვი იყო, საოცრად გაწონასწორებული. ყოველთვის კარგად სწავლობდა და უკონფლიქტო იყო. არ მახსენდება, ოდესმე ეჩხუბოს, ვინმეს დაპირისპირებოდეს. გიორგი ძალიან მიყვარს.
- გიორგი უკვე მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. როდესაც გესმით, რამდენად მაღალია მისი შეფასება პროფესიონალების მხრიდან, რა განცდა გაქვთ?
- ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, აქამდე ფეხბურთს არ ვუყურებდი, ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ინტერესი არ მქონდა. გიორგიმ ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ.
- სკოლაში ფეხბურთის სიყვარულს რამდენად ამჟღავნებდა?
- როცა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო, სპორტის გაკვეთილებზე ვარჯიშობდა, სკოლის მასშტაბით შეჯიბრებები ხშირად ტარდებოდა.
- არასდროს გაუბრაზებიხართ?
- არა, იცით, როგორი ბავშვი იყო? სულ თვალებით მეფერებოდა. ხომ არიან ბავშვები, რომლებიც აქტიურობენ, მოდიან, გელაპარაკებიან, გიორგი ასეთი არ იყო. კლასში, ჩემს მაგიდასთან შორიახლოს დადგებოდა და მომღიმარი თვალებით მიყურებდა. შევეკითხებოდი ხოლმე, - გიო, რამე ხომ არ გინდა? - "არა, მასწ", მეტყოდა და გამიღიმებდა. ძალიან თბილი ბავშვი იყო, ჩემდამი სიყვარულს ასე თავისებურად გამოხატავდა.
- კლასელებთან მეგობრობდა?
- ძალიან, საოცარი ბიჭები იყვნენ, არ მახსოვს, ერთმანეთი დაეჩაგროთ. რაღაც გაუგებრობა თუ მოხდებოდა, იქვე აგვარებდნენ. მათთან კონფლიქტი არ ხდებოდა.
კლასელებთან ერთად
- გამორჩეულად რომელი საგანი უყვარდა?
- ქართული და მათემატიკა. გიორგის და მის კლასელებსაც ძალიან უყვარდათ შემეცნებითი საუბრები, გაკვეთილის თემიდან ცოტათი გადახვევა, ისტორიული ამბების მოსმენა, შეკითხვებსაც ხშირად მისვამდნენ.
- გიორგის ერთი და ჰყავს, მასაც ასწავლიდით?
- არა, მაგრამ ნინი ექსკურსიებზე დაგვყვებოდა ხოლმე. გიორგის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. როგორ განათლებას მიიღებდა მათი შვილი, ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 115-სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა, შემდეგ საფეხბურთო სკოლაში გადავიდა.
- მას შემდეგ, რაც გიორგი წარმატებული ფეხბურთელი გახდა, ხომ არ მიგიწვევიaთ სკოლაში ან თავად ხომ არ მოსულა?
- არა, ბავშვებს და მასწავლებლებსაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მოვიწვიოთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან დაკავებულია, საქართველოში თითქმის არ არის. იმედი გვაქვს, ჩვენგან მიწვევის მიღების შემდეგ, დროის გამონახვას მოახერხებს და გაგვახარებს.
- მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, საქართველოში ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს. როდესაც პედაგოგები სამასწავლებლოში იკრიბებით, გიორგის შესახებ ლაპარაკობთ?
- რა თქმა უნდა, ეს დღეები ჩვენ სულ გიორგიზე ვლაპარაკობთ, ეს ბიჭი ძალიან გვეამაყება. იხილეთ სრულად