ყველაზე ტრაგიკული "ბავშვთა დღე" საქართველოს ისტორიაში - რა მოხდა 1990 წლის 1 ივნისს?
1990 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მთაწმინდის საბაგიროზე მოხდა ავარია, გაწყდა საწევი ბაგირი, არ იმუშავა საავარიო სამუხრუჭე სისტემამაც, რის შედეგაც ორივე კაბინა ჩამოვარდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა 19 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი 5-იდან 16 წლამდე.
წინაპირობა
საბაგირო 1958 წელს აიგო ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 კოშკურა საყრდენს მოიცავდა (20, 10 და 12 მეტრის სიმაღლით). მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო. 1987 წელს გადაწყდა რომ საბაგირო თითქმის 30 წლიანი მსახურობის შემდეგ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რეკონსტრუქციის პროექტი მოამზადა კვლავაც პირველი ვერსიის დაპროექტებელმა ვახტანგ ლეჟავამ, მთავარი სიახლე იყო სამი საყრდენიდან 2 საყრდენზე გადასვლა. შეიცვალა ქვედა საყრდენი, 20 მეტრიანის მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი საყრდენის (10 და 12 მეტრის სიმაღლის) მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა, დაიდგა მაღალი (20 მეტრიანი) საყრდენი რის შედეგადაც ახალი კაბინები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ.
სტანდარტული ქართული „თბილავიამშენის“ წარმოების ოვალური კაბინები (თითოეული 25 ადამიანის ტევადობით) შეცვალეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო და რომ განახლებულ საბაგიროზე კვლავაც ქართულ კაბინებს უნდა ემოძრავა. ახალი კაბინები მართკუთხა ფორმის იყო (ტევადობა 40 ადამიანი) წარმოებული იტალიაში „Carrozzeria Nardo“ მიერ და მოგვაწოდა ასევე იტალიურმა კომპანია „Ceretti Tanfani“ ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ეს ცვლილება საბაგიროს რეკონსტრუქციის პროექტის ავტორ ვახტანგ ლეჟავასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
რეკონსტრუქციის პროცესში არ შეცვლილა გამწევი და კუდის ბაგირები რომლებიც უკვე 18 წელი იყო გამოყენებაში. ასევე ცნობილია, რომ ქართველმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ახალი კაბინების საავარიო სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება და მოქმედებაში მოყვანა, ამის მიუხედავად საბაგირო მაინც ჩაეშვა ექსპლოატაციაში უმოქმედო მუხრუჭებით, რომელთა გამართულობის შემთხვევაში, გამწევი ბაგირის გაწყვეტისას ორივე კაბინა მყისიერად გაჩერდებოდა მუხრუჭების მზიდ ბაგირზე ჩაჭერის შედეგად და მსხვერპლის თავიდან აცილება გარანტირებული იქნებოდა. რატომ არ მოხდა იტალიელი სპეციალისტების მოწვევა მუხრუჭების გასამართავად გაურკვეველია. ვახტანგ ლეჟავა საბაგიროს არსებული დარღვევებით და პროექტისგან გადახვევებით მონტაჟს და ექსპლოატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგებოდა, საბაგიროს მიღება ჩაბარების აქტისთვის მას ხელი არასდროს მოუწერია
ავარია
1990 წლის 1 ივნისს 15: 15 წუთზე წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, პარალელურად წითელი კაბინა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი კაბინის ქუროში. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა (არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ). ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა. ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც აქ იმუშავა).
რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინა საყრდენს, მის ქუროზე ქვემოთა მხრიდან ჩაბმული კუდის ბაგირი მოეშვა და ქვედა საყრდენის გორგოლაჭებზე ჩამოეკონწიალა. ქვედა საყრდენთან ვაგონის ქურო და ურიკა დაკონწიალებულ კუდის ბაგირს და საყრდენის გორგოლაჭებს ძლიერად შეეჯახა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გადაჭრა, ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. კაბინის გაგლეჯისას დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდებულ ბაღებზე ჩამოცვივდნენ. 15 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ და „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები იყვნენ. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში 47. იხილეთ სრულად