"ეს სიფრიფანა გოგო გადაუდგა შავრაზმელებს გმირულად, მოვიდა ჩამეხუტა... მოკლედ ვიტირეთ ერთად" - რას წერს ქალი ცნობილი ფოტოდან?
პარლამენტმა გუშინ საბოლოოდ მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ვეტოდადებულ პროექტს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი დეპუტატები პროტესტის ფონზე განიხილავდნენ. დილიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”.
მედიასაშუალებების და ფოტოგრაფების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბევრი მოქალაქე გადაწყვეტილებას ემოციურად, ცრემლით შეხვდა. მათ შორის არის "რადიო თავისუფლების" ფოტო, სადაც გოგონა და ქალბატონი არიან გამოსახული.
ფოტოზე ხელოვანი ირა ლავრინენკოა. მხატვარი და გრაფიკოსი აქტიურად არის ჩართული კანონის საწინააღმდეგო პროტესტში. ამბობს, რომ გოგონას რომელიც მასთან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი არ იცნობს.
"ეს პატარა გადასარევი გოგოა. არ ვიცნობდი და მოვიდა ჩამეხუტა. სიფრიფანა გოგო გადაუდგა შავრაზმელებს გმირულად. მოკლედ ვიტირეთ ერთად" - წერს ფოტოს კომენტირებისას ხელოვანი.
გუშინ აქციის ორგანიზატორების მიერ ცნობილი გახდა, რომ მორიგი აქცია 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.