რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში და რა კავშირი აქვს მას კვერნასთან?
ინდონეზიიდან ან ფილიპინებიდან დაბრუნებულ ტურისტებს იმის მოყოლა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ თუ რა გემრიელი და საუცხოო ყავის დაგემოვნება მოუწიათ ეგზოტიკურ სამოთხეში. ამ პოპულარულ სასმელს - ლუვაკს უწოდებენ, თუმცა საოცარი გემოვნური თვისებების მქონე ყავით თავის განებივრება მხოლოდ შეძლებულ ფენას თუ შეუძლი.
ეს ყავის სახეობა - მსოფლიოში ყველაზე ძვირია, მისი ფასი საშუალოდ 500 $-ს შეადგენს ერთ კილოგრამზე, რაც მისი მოპოვების საკმაოდ უცნაური ფორმით არის განპირობებული.
ლუვაკს, აზიური პალმის ციბეტის (იგივე მალაიზიური პალმის კვერნის) ექსკრემენტისგან იღებენ. ეს პატარა ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი მწიფე ყავის ნაყოფით იკვებება, მაგრამ მხოლოდ მარცვლის გარშემო არსებულ რბილობს გადაამუშავებს, ხოლო თავად მარცვლები ხელუხლებელი რჩება, მხოლოდ კუჭის წვენი თუ შლის ზოგიერთ ცილას, რაც მარცვლებს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
ლუვაკის მოპოვება მე-20 საუკუნის დასაწყისში კუნძულ ბალიზე დაიწყო. იმ დროს, ჰოლანდიელი კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას ყავის დალევას უკრძალავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სტატუსით მათ მისი დალევა არ შეეფერებოდათ. მათი აზრით, წყალი მათთვის სრულიად საკმარისი იყო, თუმცა ბალელებს, რომლებსაც ყავა მთელი გულით უყვარდათ ევროპელები მარტივად "გააცურეს".
საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ინდონეზიამ უკვე დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბალიზე ჩასულმა ერთმა თავგადასავლების მაძიებელმა და ეგზოტიკის მოყვარულმა გამჭრიახმა იაპონელმა ყურადღება ამ უცნაურ გასტრონომიულ ჩვეულებაზე გაამახვილა. მან სასმელის დაგემოვნების ნებართვა ითხოვა და მისი ჰარმონიული, ნაზი და ორიგინალური გემოთი სრულიად აღფრთოვანებული დარჩა. ამის შემდეგ ლუვაკის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.
ორიგინალი ლუვაკის საბითუმო ფასი დღეს კილოგრამზე 500 დოლარზე ნაკლები არ არის, ვინაიდან ერთ ციბეტს დღეში არაუმეტეს 50 გრამი ყავის მარცვლის მოცემა შეუძლია. ამისთვის კი მან დაახლოებით 1 კილოგრამი ნაყოფი უნდა შეჭამოს.
თუ ფასი დაბალია, ეს როგორც წესი, ან არაბიკის ნაზავია ან ცხოველების ფერმებში წარმოებული ლუვაკია, სადაც მათ პატარა, მკვახე ნაყოფით კვებავენ, მაშინ როდესაც ველურ ბუნებაში ისინი საკვებად მხოლოდ ყველაზე წვნიან ნაყოფს ირჩევენ.