პარლამენტში ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული - იურისტის რამდენიმე განმარტება: როგორია პროცედურა და რა შეუძლია პრეზიდენტს?
იურისტი ვახუშტი მენაბდე ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
"რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა:
“ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არა მგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.
1. ყოველდღიურობაში, რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;
2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;
3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;
4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გააანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომელებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;
5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;
6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული; იხილეთ სრულად