იცით, რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები?
პასკა თუ ხატისპური - ეს კითხვა აღდგომის მოახლოებისთანავე, ბოლო დროს, აქტუალური ხდება. დიდი ინტერესით მას განსაკუთრებით სოციალურ ქსელში განიხილავენ, რადგანაც პასკა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.
"საერთოდ, ბევრს ჰგონია, რომ გასტრონომიული კულტურის საკითხებზე საკუთარი აზრი უნდა გამოხატოს, მაგრამ რამდენად კომპეტენტურია, ამაზე არავინ ფიქრობს... ეს საგანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენ არ გვისწავლია და ახალ თაობასაც არ აქვს ამ მიმართულებით ცოდნა“ - აღნიშნავს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა.
ის სააღდგომო სუფრის მთავარ ატრიბუტთან დაკავშირებით ჩვენი თხოვნით გვესაუბრება:
"პური" საკულტო თემაა არა მარტო ქართულ კულტურაში, არამედ ზოგადსაკაცობრიო საკითხია. ჩვენს ქვეყანაში ქართველების 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანებს იცით, გვაქვს ლოცვა "მამაო ჩვენო", სადაც არის ფრაზა - "პური ჩვენი არსობისა“, რაც პურს უკავშირდება... ამის გარდა, ჩვენს კულტურაში დიდი ადგილი უკავია ნადიმის თემას, ტრაპეზს, პურობას, რასაც პურის გატეხვასაც ვარქმევთ, მაგალითად, ძუნწ ადამიანს პურძვირს ეძახიან, ხელგაშლილს - პურღვინიანს.
ეს მულტიმედიური საგანია, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს უნდა იცნობდე, იცოდე ფიზიკა, ქიმია, ანთროპოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკა. საქმეში ფიზიკა რომაა ჩართული, ამაზე ის მეტყველებს, რომ პური სხვადასხვანაირი წესით ცხვება - თონეში, კეცზე, ფურნეში, ქვაზე, ცეცხლზე. ამ საქმეში გეოგრაფიაც ერთვება, რადგნაც ხორბალი რომელი რეგიონიდანაა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ქალბატონი დალი.
- და პასკა არის თუ არა მართლაც ხატისპური?
- პასკა სარიტუალო პურია, მაგრამ ხატისპური ნამდვილად არ არის. სარიტუალო პურებში უამრავი სახეობა (ლიკან ლავაში, აგუნას პური, ლემზირები, კვიკვინები) გვქონდა. ხატისპური, სახატო ქადაა, იგივე ტკბილი პური, რომელსაც მთაში აცხობდნენ. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: სააღდგომო, საშობაო. მაგალითად, რაჭაში განატეხ პურს აცხობდნენ, ეს ის პურია, რომელიც ბოსელში შეჰქონდათ აღდგომის, ან შობის ღამეს, რაც დაკავშირებული იყო გამრავლებასთან. აღდგომაც ხომ გაზაფხულზე, ბუნიობის პერიოდშია, რაშიც ახალი სიცოცხლის დაწყება იგულისხმება.
სააღდგომოდ სპეციალურად "ტაბლებსაც“ აცხობდნენ - დაიდებდნენ მას ხელისგულზე და ალიონზე მზეს შეავედრებდნენ, რომ მოსავალი ჰქონოდათ, რადგანაც ყანას უვლიდნენ...
ტკბილი ქადაც სარიტუალო პურია, რომელიც ხატობაზე მიჰქონდათ. ის შეიძლება სარიტუალო ხატისპურის ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილოთ. ხევსურეთში სატაბლო პური (თხელი პური) ჰქონდათ, მას მიწების მოხვნის დასრულებისას, სათითაოდ ფიცრებზე ჩაამწკრივებდნენ და ისიც ხატისპური იყო... ასე რომ, პასკა ნამდვილად არ არის ხატისპური.
- რა არის პასკა?
- პასკა, როგორც ვთქვით, სარიტუალო პურია, რომელიც საგანგებოდ აღდგომისთვის ცხვება, ადრე მას არტოსი (ბერძნული წარმოშობის სიტყვა) ერქვა. არტოსი მაღალი სქელი პურია, რომელიც აღდგომის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში აღსავლის კართან იდო, შემდეგ კი მორწმუნეებს ურიგდებოდათ. იხილეთ სრულად
ლალი ფაცია