"მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი... საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე გიჟს მეძახდნენ" - თუში ქალი ცხენების რემითა და წარმატებული ბიზნესით
თინა იდიძე, თუში ახალგაზრდა ქალი, ღვთაებრივ თუშეთში ჯერ კიდევ 2009 წელს გავიცანი. მაშინ პატარა გოგო იყო, გეგმებს აწყობდა, მიზნებს ისახავდა. ერთ დღეს მითხრა, აქ არაფერი გამოდის, ემიგრაციაში მივდივარ, მაგრამ დავბრუნდებიო. ვიფიქრე, ემიგრაციის დიდ ტალღაში დაიკარგებოდა, მაგრამ ზუსტად ორ წელიწადში დაბრუნდა და მთიელის ხასიათით ისეთი ამბები დაატრიალა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მისი მეგობრები ვულკანს უწოდებენ. თინა საქართველოში პირველი სერტიფიცირებული საფეხმავლო და საცხენოსნო გამყოლი ქალია, ქალი, რომელსაც ცხენების რემა ჰყავს და მსურველებისთვის ველურ ბუნებაში დაუვიწყარ ტურებს მართავს. რომ გავიცანი, ერთიც არ ჰყავდა, ახლა კი მისი რემა, სანამ საცხენოსნო ტურიზმის სეზონი დადგება, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ბალახობს. ამ დროს თინას უქმად რა გააჩერებს და გუდაურში მუშაობს. თუმცა ამბობს, რომ კი არ მუშაობს, ცხოვრობს და ძალიან მოსწონს, როგორც ცხოვრობს.
ბიძგი
- ალვანში დავიბადე. 2 წლის ასაკში თუშეთში წამიყვანეს საცხოვრებლად და მხოლოდ სასკოლო ასაკში დამაბრუნეს ალვანში. მერეც, არდადეგების დაწყებისთანავე, მთაში ვბრუნდებოდით და მთელი ოჯახი მესაქონლეობას ვეწეოდით. კარგად მახსოვს მთაში ზამთარში ცხოვრების კადრები. უდარდელი და ლაღი ბავშვობა გვქონდა, თან მძიმე იყო იქაური ყოფა. სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთ წვიმიან დღეს, ძროხას რომ ვწველიდი, მისი სხეულიდან ჩამოცურებული წვეთები სახელოში ჩამდიოდა და მაჟრჟოლებდა. იმ დღემ მიბიძგა, ქალაქში წავსულიყავი და მესწავლა. ჯერ შეშინდა ოჯახი, რადგან სწავლა დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, არდადეგებზე მეც შეგეშველებით-მეთქი, დავუფრთხე შიში და ქალაქში ჩამოვედი. ინგლისური ენის ფილოლოგის სპეციალობაზე დავიწყე სწავლა. სკოლის პედაგოგობისთვის ვემზადებოდი და სულ არ მიფიქრია, რომ ბედი სხვას მიმზადებდა.
გიჟი, რომელმაც ესპანეთში ცხოვრებაზე უარი თქვა
- სწავლის პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი ემიგრაციაში წავსულიყავი. ვთქვი, რომ მხოლოდ ორი წლით მივდიოდი. დამცინეს, ყველა ეგრე ამბობსო. მე მიზანი მქონდა და უცხოეთშიც მიზნის ასასრულებლად მივდიოდი. ამიტომ ორი წლის შემდეგ მართლა ბილეთი რომ ვიყიდე და საქართველოში წამოვედი, ჯერ ყველა სახტად დარჩა, მერე გიჟი მეძახეს, რადგან ესპანეთში იდეალურ გარემოში ვიყავი - "მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი. რადგან ესპანეთში ინგლისურენოვანი კადრები ჭირდა, თუ დავრჩებოდი, ბევრ სიკეთეს მპირდებოდნენ, მათ შორის, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. მათი პირობები რომ მიმეღო, საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად შევძლებდი და თანაც ორ კვირაზე მეტი ხნით ვერა. ნოსტალგია ისე მტანჯავდა, რომ საქართველოში ყველაფრის ნულიდან დაწყება ვარჩიე. ისიც გავთვალე, ბინას რომ შევიძენდი, ისევ დამიდგებოდა ფინანსური პრობლემები. არადა, ესპანეთში ლეგალურად მუშაობის უფლება თუ მექნებოდა, ცხადია, ისევ უკან დავბრუნდებოდი, ამიტომ ესპანურ საბუთებზეც უარი ვთქვი.
საქართველოში სად არ ვცადე მუშაობის დაწყება, ამაოდ. ერთ დღესაც გამოჩნდა ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელებთან ერთად ცხვრის ჩამორეკვის ტურს აკეთებდა. ინგლისურენოვანი გიდები უჭირდათ, დღეში 80 ლარს იხდიდნენ, 2013 წელს ეს კარგი ფული იყო, თან მე დამწყები ვიყავი. ვიფიქრე, ერთი კვირით წავალ-მეთქი. მამაჩემმაც მიბიძგა. მომეწონა გიდობა, სერტიფიკატიც ავიღე. მერე სერტიფიცირებული სომელიეც გავხდი - თუ გიდი ხარ, ღვინოც აუცილებლად უნდა იცოდე. მერე იყო ცხენები, თხილამურები და ა.შ. ქალი ტურიზმში საიმედო დასაყრდენია. ჩვენ სხვანაირი პასუხისმგებლობა გვაქვს წვრილმან დეტალებზე, რასაც კაცები შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდნენ... იხილეთ სრულად