"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული" - 9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია | Allnews.Ge

"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული" - 9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია

"მესროლეთ ტყვია, არ მეშინია,

ვერას დამაკლებს მტარვალი,

თუკი სიცოცხლე თქვენი ხვედრია,

იცოცხლეთ ასე დამფრთხალი".

ირაკლი (შმაგი) დოლიძე

1989 წლის 5 ოქტომბერს თბილისში მეხივით გავარდა ხმა: ერთ ახალგაზრდას მანქანა ისე დაეჯახა, სულ ჰაერში ატრიალა.­ მანქანა ისეთი სისწრაფით მიქროდა, მფრინავი თეფში მეგონაო, უთქვამს ერთ შემსწრეს. როცა ახლოს მისულა, დაუყვირია, ეს ის ბიჭია, 9 აპრილს რუსთაველზე რუსულ ტანკს ჯოხს რომ უტყამდა და ყვიროდა, უკან დაიხიეთო! ეს ის ბიჭია, 9 აპრილის ღამეს საქართველოს პატრიარქი რომ გამოიყვანა მიტინგიდანო.…

ის ქალაქს ალამაზებდა თავისი არსებობით, ყველას უყვარდა... ბიჭი, რომელიც ნიჭსა და ხიბლს ისე ასხივებდა, რომ გოგონებს თუ ვაჟებს გაცნობისთანავე მასთან მეგობრობის დიდი სურვილი უჩნდებოდათ. იყო თვითნასწავლი მუსიკოსი, წერდა ლექსებს, სიმღერებს, ნოველებს. უყვარდა მთა, ლაშქრობები... ფსევდონიმიც თვითონ შეარჩია და შმაგი დაირქვა. ასე წარუდგა უნივერსიტეტელებს გაცნობისას, სადაც ეროვნული მუხტი დღითი დღე ძლიერდებოდა და ის ამ მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი არ იყო, თბილისში თითქმის ყველა ინსტიტუტში იცნობდნენ და თავისიანად თვლიდნენ. რომ გეკითხათ, შმაგი რომელი ინსტიტუტის სტუდენტიაო, ალბათ, დაუფიქრებლად გეტყოდნენ, ჩვენთან სწავლობსო.

ირაკლის დედა გულიკო დოლიძე დღეს პლეხანოვზე, ერთადერთ გოგონასა­ და შვილიშვილთან­ ცხოვრობს. როცა მათთან მივედი და ჩემი სტუმრობის მიზეზი­ გავუმხილე, ცრემლები­ წამოუვიდა და მითხრა, 9 აპრილის ღამეს ჩემი შვილი სახლში ძალიან დამძიმებული შემოვიდა, დედა, გული მტკივა ძალიან, ნეტავ მეც მათთან ერთად მომკვდარიყავი, ისინი გმირები არიან, მე კი არავის ვეხსომებიო... მადლობა შვილო, რომ დღეს ჩემი ირაკლი გაგახსენდა და მასზე სასაუბროდ მოხვედიო.…

smagi-57858-1712666279.png

- ირაკლი ბავშვობიდანვე დადიოდა მთებში. ბეთანიაში ფეხით ადიოდა, ბერებისათვის საჭმელი აჰქონდა ხოლმე. ერთ დღესაც­ მთამსვლელებში ჩაეწერა. სულ ვნერვიულობდი, მეშინოდა, მთიდან არ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ იქ სულის თავშესაფარი იპოვა. ერთხელ მითხრა, ნუ შემიშლი ხელს, შუბლზე რაც მაწერია, არ ამცდება. დაბლა რომ გავიარო, შეიძლება სულაც იქ მოვკვდეო, და…დაიწყო ინტენსიური მსვლელობა სვანეთის მთებში, სადაც ჰყავდა უახლოესი მეგობარი, რომელსაც მეგობრები შმაგის ეძახდნენ. მოულოდნელად ეს ბიჭი დაიღუპა და მის სახელზე­ ირაკლის დაარქვეს მოფერებით­ შმაგი, რადგან იმ ბიჭივით ესეც გაუტეხელი, უდრეკი და ძლიერი იყო პატარაობიდანვე. ირაკლი ჯერ კიდევ 1988 წელს შეუერთდა ეროვნულ მოძრაობას. მერაბ კოსტავას­ ისე უყვარდა, მეორე შვილს ეძახდა, ხოლო ცხონებულმა ზურა ჭავჭავაძემ ირაკლის მოფერებით "კნიაზი" შეარქვა. სულ მათთან იყო. 1988 წელს მოშიმშილეებსაც შეუერთდა. სწორედ იმ დღეებში ქალაქის ქუჩებში­ ტანკები ჩააყენეს, მე-8 პოლკის არმიის ტანკები ჩადგნენ ჩიტაძესა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე. საქმეს დასჭირდა და ირაკლი შტაბიდან სანაპიროზე გაუშვეს. გარეთ რომ გავიდა, ხომ დაინახა ტანკები და გაიქცა, წინ გადაუდგა რომ ლესელიძეზე არ გადასულიყო არც ერთი. მასთან ერთად იყო მისი მეგობარიც. ბედი მისი, რომ იმ წუთებში უკან გაიწვიეს მე-8 პოლკის არმია. მაშინ ასე სასწაულებრივად გადამირჩა შვილი.

- შემდეგ იყო 9 აპრილი, სადაც ირაკლიმ საოცრებები ჩაიდინა.

- 4 რიცხვში ირაკლი მთავრობის სახლის წინ დაწვა საშიმშილოდ მეგობრებთან ერთად. არც საბანი დამიტოვა, არც ლეიბი სახლში. ყველაფერი წაიღო. 5 აპრილს, მული გარდამეცვალა და ქუთაისში წავედით. ირაკლიც წამომყვა, მოგეხმარებითო. იქ­ მარტომ ჩაატარა მიტინგი, სადაც უამრავი ხალხი შემოიკრიბა.­ მაშინ 21 წლის იყო. იმავე ღამეს ბიჭებმა დაურეკეს თბილისიდან და სასწრაფოდ მოუწია დაბრუნებამ უკან. ჩვენ 9-მდე დავრჩით ქუთაისში და დილით ადრე წამოვედით. რომ ჩამოვედით, უკვე მიტინგი დარბეული იყო. გაგიჟებული გავიქეცი და დავიწყე ირაკლის ძებნა. ამასობაში მისი ამხანაგებიც ვნახე და დამამშვიდეს, ნუ გეშინია, გულიკო დეიდა, შმაგი ცოცხალიაო. მერე მე როგორც გავიგე, იმავე დღეს ყველა მიცვალებული მიუსვენებია თავიანთ ოჯახებში. ყველას დაკრძალვაზე მივიდა. რაც ყველაზე მთავარია, უწმინდესი გამოუყვანია მიტინგიდან, ზურგით გადაჰფარებია. როცა პატრიარქმა ხალხს მოუწოდა ქაშუეთისკენ გადასულიყვნენ, იმ მომენტში ასულა ჩემი შვილი და სასწრაფოდ გაურიდებია იქაურობას. ღამით ძალიან გვიან მოვიდა სახლში... მეორე დღეს, 10 აპრილს, სამსახურში ვარ და უცებ მომიტანეს­ ამბავი, უნივერსიტეტისაკენ დაიძრნენ ტანკებიო. როგორ მივედი იქამდე, არ მახსოვს. ამ დროს მისმა ორმა მეგობარმა დამინახა, ნუ გეშინიათ, ირაკლი კაკო ბაქრაძესთან ერთად გამოვა­ გარეთო. იმ დღეს ერთად დავბრუნდით სახლში­. გზაში სულ ცრემლები მოსდიოდა. ეჰ, რამდენი ერთი გავიხსენო? შევარდნაძის დროს ბიჭები რომ დახვრიტეს, აი, იმ ბიჭების სია ახლაც მაქვს სახლში. მაშინდელმა კომკავშირის ცეკას მდივანმა ლორთქიფანიძემ მაგიდაზე სულ მუშტები მირტყა, არ გავახარებ შენს შვილსო! იცოდე, გავაფუჭებ, შეეშვას ამ საქმესო! თურმე ირაკლის დაუწყია ხელმოწერების შეგროვება ბიჭების გადასარჩენად, გვიან გაიგო,­ რომ განწირულები იყვნენ უკვე... იმ დღიდან დაიწყო ირაკლის დევნა.

ბოლო პერიოდში გამაფრთხილა, დედა, შეიძლება კა-გე-ბე მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ არ შეგეშინდესო. ასე აგიხდეთ ყველაფერი. შაბათს ღამით ერთი მანქანა, 03, სახლის წინ დადგა. შიგნით ოთხი კაცი იჯდა. ორი მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენი ბინისკენ იყურებოდნენ. ორი ფანჯარასთან მოვიდა და იყურებოდა სახლში. მარტო ვიყავი­ ჩემს პატარა შვილთან­ ერთად, ირაკლი შტაბში იყო. კიდევ ერთი შვილი, გია, ვარძიაში­ იყო წასული ჩემს მეუღლესთან ერთად. რომ მოსაღამოვდა, ირაკლიც გამოჩნდა მეგობარ გოგონასთან ერთად და ისევ გავიდა სახლიდან. ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში. ვუსაყვედურე, ასე რატომ დაიგვიანე-მეთქი. კა-გე-ბეში ვიყავი დაბარებული, დიდი სია მაჩვენეს, ვისი ლიკვიდაციაც აქვთ ნაბრძანები და ჩემი გვარიც ამოვიკითხეო, მეტი არაფერი მითხრა. ცოტა ხანში მერაბ კოსტავასთან ამ ამბის სათქმელად წავიდა. ყოველ წამს ბეწვის ხიდზე გადიოდა. კვირა დილა გათენდა. მთელი დღე ველოდებოდი. არ გამოჩენილა. იცოდა ასე ხოლმე. ხშირად ნოდარ ნათაძესთან იკრიბებოდა მაშინდელი ახალგაზრდობა ზემელზე, კინოს სახლში. იქ ჰქონდათ შტაბიც და ღამეებს ათენებდნენ მორიგეობით.

კვირა ღამესაც რომ არ მოვიდა, ფანჯარასთან გავათენე... ორშაბათ დილას, გავიხედე და ბიჭები დარბიან ჩვენს ეზოსთან ახლოს. ხან ერთი იყურება ფანჯრისკენ, ხან მეორე, ხან მესამე.…ამ დროს დამირეკეს და გამომიძახეს სამსახურში. დაახლოებით 1 საათში მირეკავს ჩემი გოგონა, დედა, ირაკლი ავარიაში მოყვა, სასწრაფოდ წამოდიო.…ტაქსით გამოვვარდი და ვხედავ, ეზოს კარი ღიაა, უამრავი ხალხი ტრიალებს. რა ხდება­ ჩემს თავს-მეთქი. არავინ ხმა არ გამცა. წავედი­ პოლიციაში, სადაა ჩემი შვილი-მეთქი. იქაც არავინ მიპასუხა.…მერე შემომაპარეს, საავადმყოფოშიაო.…პირდაპირ ქირურგიის განყოფილებაში შევვარდი, მედმუშაკი ვარ, და მაინტერესებს, ჩემი შვილი აქ თუ მოიყვანეს-მეთქი. მიმღებში მიპასუხეს, აქ არ შემოუყვანიათ დოლიძეო. არიქა, მორგში წავიდეთ-მეთქი და, რომ შევედით, მაშინვე­ მკითხეს, ვის ეძებთ, ქალბატონოო. აქ ბიჭი ხომ არ მოუყვანიათ-მეთქი? დოლიძეო? და აი, მაშინ გავხდი ცუდად.…როგორ მომიყვანეს სახლამდე, არ მახსოვს. საღამოს გვიან მომისვენეს ირაკლი "ცინკის" კუბოთი. მახსოვს უამრავი ხალხი ჩემს ეზოში. ყველას მადლობას ვუხდი, რომ ასე დააფასეს ჩემი შვილი. მერაბ…კოსტავა 24 საათი ჩემთან იყო, ზვიადი ვერ შემოდიოდა ოთახში, სულ გარეთ იდგა.…ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. არ დამავიწყდება, მერაბი რომ მოვიდა, მითხრა, მეორე შვილი დამეღუპა დღეს, მეორე ირაკლიო! ირაკლის დაკრძალვიდან რამდენიმე საათში კინოს სახლთან, მერაბმა მიტინგი გამართა, - დღეს მეორე შვილი მომიკლეს, შმაგი დოლიძეო! თურმე ყვიროდა, შმაგი მოკლულია და მე უნდა დავიწყო ამ ამბის გამოძიებაო! ამის შემდეგ, ზუსტად სამ დღეში, 13 ოქტომბერს, ირაკლის მეგობრები საშინელ ამბავს მატყობინებენ, გულიკო დეიდა, მერაბი აღარ არისო. მერე ზურა ჭავჭავაძესაც საშინელება მოუწყვეს. ასე ჩამოიშორეს ყველა პატრიოტი ადამიანი, ვისაც იმ პერიოდში გული შესტკიოდა ქვეყანაზე. დღემდე მწარედ მახსოვს წინადღეს ირაკლის ნათქვამი, რომ მოკვდები, ერთ ცხვარს არ დამიკლავო? რას ამბობ? ასე აღარ იხუმრო-მეთქი. იმ საბედისწერო დღეს ზევით აღარ ამოვიდა, იმიტომ, რომ კა-გე-ბეში იყო დაბარებული. იქ, დღემდე აქვთ შენახული ირაკლის დაკრძალვის სურათი. იხილეთ სრულად