სტალინის მიწისქვეშა სტამბა თბილისში, რომელიც ცეცხლმოკიდებულმა ფურცელმა გასცა- როგორ აღმოაჩინეს საიდუმლო სტამბა და ნამდვილად ბეჭდავდა თუ არა ახალგაზრდა სტალინი რევოლუციურ გაზეთებს? | Allnews.Ge

სტალინის მიწისქვეშა სტამბა თბილისში, რომელიც ცეცხლმოკიდებულმა ფურცელმა გასცა- როგორ აღმოაჩინეს საიდუმლო სტამბა და ნამდვილად ბეჭდავდა თუ არა ახალგაზრდა სტალინი რევოლუციურ გაზეთებს?

თბილისში არაერთი საინტერესო ობიექტი და კულტურული ძეგლი მდებარეობს, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. დღეს ერთ-ერთ ასეთ ობიექტზე, ე.წ. სტალინის არალეგალურ სტამბაზე მოგიყვებით. სტამბის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს. დეტალებში უკეთ გასარკვევად ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ნინო ბარნაბიშვილს დავუკავშირდით.

„სხვადასხვა ვერსიები არსებობს იმის თაობაზე თუ ვინ იყო ე.წ. სტალინის არალეგალური სტამბის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი. ერთი ვერსიით სტამბის დამაარსებლად ახალგაზრდა სტალინს მიიჩნევენ, რომელმაც თავის მხრივ სტამბის მოწყობა მიხო ბოჭორიძეს დაავალა. მეორე ვერსიის თანახმად სტალინი ამ დროს სტამბის შექმნას ვერ შეძლებდა, რადგან სასჯელს იხდიდა...

1-1711450195.jpg

ზემოთქმულის გათვალისწინებით მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი დაარსების იდეა იმხანად ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კონსპირატორს - მიხო ბოჭორიძეს გაუჩნდა. 1954 წელს ავლაბრის არალეგალური სტამბის შესახებ ზ. გეგეშიძის ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნში („ავლაბრის არალეგალური სტამბა 1903-1906 წწ.“) ვკითხულობთ: „ავლაბრის არალეგალური სტამბა რევოლუციის აღმავლობის პირმშოა. იგი ამოქმედდა იმ წელს, როდესაც დიდმა ლენინმა შექმნა პარტია, როდესაც გაიზარდა მოთხოვნილება რევოლუციურ ლიტერატურაზე.

3-1711450223.jpg

არალეგალურ სტამბაში ჩასვლა ჭის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი

მუშათა მოძრაობის აღმავლობამ მოითხოვა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების გაერთიანება და ასეც მოხდა 1903 წლის მარტში კავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა პირველ ყრილობაზე, სადაც შეიქმნა რსდმპ კავკასიის კავშირი. ამავე ყრილობაზე აირჩიეს რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც 1903-1906 წწ. სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ი.ბ.სტალინი, მ.გ.ცხაკაია, ა.გ.წულუკიძე, ფ.ე.მახარაძე, ს.გ.შაუმიანი, ბ.მ.კნუნიანცი, პ.ა.ჯაფარიძე, მ.ნ.დავითაშვილი, მ.ზ.ბოჭორიძე, ვ.ს.ბობროვსკი, დ.ს.პოსტოლოვსკი, ნ.ნ.ალაჯალოვა...

ვ.ი.ლენინი დიდ მზრუნველობას იჩენდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტისადმი. განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა მასთან. სწორედ ბელადის მითითებების თანახმად კავკასიის კავშირის კომიტეტმა გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტად გაეზარდა ლიტერატურის გამოცემა. ამან კი მოითხოვა არალეგალური სტამბის შექმნა...“ (ზ. გეგეშიძე. „ავლაბრის არალეგალური სტამბა 1903-1906 წწ.“. ისტორიული ნარკვევები. სახელგამი. 1954 წ.)

4-1711450271.jpg

საბეჭდი მოწყობილობა, რომელსაც ერთი ვერსიით სტალინი თავად იყენებდა

- გვიამბეთ როდის დაარსდა სტალინის არალეგალური სტამბა და სად მდებარეობს?

- სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი თბილისში, კასპის ქუჩაზე (N7) მდებარეობს. ის 1903 წელს დაარსდა, მუშაობდა 1903-06 წწ.

- რა პრინციპით შეირჩა ტერიტორია არალეგალური სტამბის მოსაწყობად და როგორ მიმდინარეობდა მისი შექმნის პროცესი?

როგორც ცნობილია, სტამბის მოწყობა დავალებული ჰქონია მიხო ბოჭორიძეს. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, სტამბის მოსაწყობად მიხო ბოჭორიძემ თბილისში შეარჩია ადგილი ავლაბრის ერთ-ერთ განაპირა ნაწილში. იმხანად, ეს ტერიტორია ნაკლებად იყო დასახლებული.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ერთ დროს ამ ტერიტორიას „ვორონცოვის ფერმას“ უწოდებდნენ. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ქალაქის გამგეობამ ზემოხსენებული ტერიტორია პატარა ნაკვეთებად დაყო, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ იჯარით აეღოთ ნაკვეთები. ერთ-ერთი ნაკვეთი 1899 წ. ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას - დათიკო როსტომაშვილს აუღია იჯარით. გადმოცემით ვიცით, რომ თავდაპირველად როსტომაშვილი ზემოხსენებულ ნაკვეთზე ხეხილის ბაღის გაშენებას გეგმავდა.

2-1711450305.jpg

20240307-130934-1711450602.jpg

ასე გამოიყურება სტამბის ტერიტორია დღეს

ერთ-ერთი ვერსიით დათიკო როსტომაშვილი და მიხო ბოჭორიძე ახლო მეგობრები იყვნენ და სწორედ ამიტომ დაუთმო ხეხილისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი მიხო ბოჭორიძეს კონსპირაციული სახლის ასაგებადა და მიწისქვეშა სტამბის მოსაწყობად.

მას შემდეგ, რაც კონსპირაციული სახლის ასაგებად და მიწისქვეშა სტამბის მოსაწყობად შეირჩა ადგილი, როსტომაშვილმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა თხოვნა იმისათვის, რომ უფლება მიეღო სახაზინო მიწის ნაკვეთზე სარდაფის მქონე ერთსართულიანი ქვის სახლი აეგო. პროექტის მიხედვით რვაოთახიანი სახლის აგება იგეგმებოდა. ქალაქის გამგეობის მიერ დამტკიცებული სახლის გეგმა ფიქციური იყო. ნებართვის მოპოვების შემდგომ ბოჭორიძემ რევოლუციონერ მუშებთან ერთად სახლის კონსპირაციული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც შემდგომში ააგეს კონსპირაციული სახლიცა და მიწისქვეშა სტამბაც.

20240307-125455-1711450345.jpg

- მშენებლობის პროცესში ეჭვი არავის გასჩენია?

- როგორც უკვე გითხარით სტამბისა და კონსპირაციული სახლის აგების პროცესში ძირითადად რევოლუციონერი მუშები იყვნენ დასაქმებულნი. თუმცა, რამდენჯერმე, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო გახდა გარეშე პირთა მოწვევა და ზუსტად ამან მცირე ხნით გააჩინა კითხვები. ასე მაგალითად, მოწვეული გარეშე პირები ვერაფრით ხსნიდნენ რა საჭირო იყო „10 არშინის“ სიღრმის ორმოს ამოთხრა, როდესაც ქალაქის გამგეობის მიერ დამტკიცებული სახლის გეგმის გათვალისწინებით ბევრად ნაკლები სიღრმის მქონე ორმოც სრულიად საკმარისი იქნებოდა. რევოლუციონერმა მუშებმა ეჭვის გასაქარწყლებლად მოწვეულ მუშებს უთხრეს, რომ სახლის მეპატრონეს სახლის სიღრმეში საყინულის მოწყობა სურდა, რაც არც თუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა იმხანად... „10 არშინის“ მქონე ორმოს სრულად ამოთხრისა და აუცილებელი პირველადი სამუშაოების ჩატარების შემდგომ გარეშე პირები დაითხოვეს. მოსახლეობაში ხმა გაავრცელეს, რომ მეპატრონე გაკოტრდა და მშენებლობა დროებით უნდა შეჩერებულიყო. ამის პარალელურად კი სრულიად გასაიდუმლოებულ მიწისქვეშა სივრცეში აქტიურად მიმდინარეობდა არალეგალური სტამბის მოწყობის პროცესი. მას შემდეგ, რაც ქვედა ნაწილი დასრულდა დაიწყეს სახლის სამზარეულოსთვის განკუთვნილი ნახევარსარდაფის მშენებლობის პროცესი.

20240307-131100-1711450639.jpg

არალეგალურ სტამბაში დაბეჭდილი ლიტერატურის გავრცეცელების არეალი

საბოლოოდ, აიგო ოროთახიანი სახლი აივნითა და სამზარეულოსთვის განკუთვნილი ნახევარსარდაფით. მიწისქვეშა სტამბაში ჩასასვლელიცა და დიდი ტვირთის ჩასაზიდად მოწყობილი მიწით დაფარული ხვრელიც იმგვარად მოაწყვეს რომ შენობაში ან მის გარშემო ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანი ვერც კი იეჭვებდა აქ მიწისქვეშა არალეგალური სტამბის არსებობას.

- ძირითადად რას ბეჭდავდნენ სტამბაში?

- დარბევამდე სტამბა აქტიურად მუშაობდა. აქ (სტამბაში) სამ ენაზე, ქართულად, რუსულად და სომხურად, იბეჭდებოდა გაზეთები, ბროშურები, პროკლამაციები. მაგალითად, ცნობილია, რომ 1905 წლის მაისისა და ივნისის თვეში სტალინის ბროშურის („გაკვრით პარტიულ უთანხმოებაზე“) 5000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. მათგან ქართულად - 2000 ეგზ., რუსულად - 1500 ეგზ., სომხურად - 1500 ეგზ.

20240307-125907-1711450378.jpg

გაზეთები, ბროშურები და პროკლამაციები სამ ენაზე იბეჭდებოდა

- ძალიან საინტერესოა თავად ამ სტამბის აღმოჩენის ისტორია. ხომ ვერ გვეტყვით როგორ, რა ვითარებაში მიაკვლიეს მიწისქვეშა არალეგალურ სტამბას?

- 1906 წლის აპრილის თვეში, შენობა თითქოსდა მასობრივი ჩხრეკის ფარგლებში მოჰყვა. როსტომაშვილების ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულმა ერთ-ერთმა ჟანდარმმა შემოწმების მიზნით, ჭაში ცეცხლმოკიდებული ქაღალდი ჩააგდო, რომელიც წყალში ჩავარდნის ნაცვლად, ნიავმა მიწისქვეშა სტამბაში შემავალი გვირაბისკენ გაიტაცა.

როგორც ცნობილია ავლაბრის არალეგალური სტამბის დარბევის დროს თავად იოსებ სტალინი და შაუმიანი სტოკჰოლმში იყვნენ, ისინი რსდმპ-ს IV ყრილობაში იღებდნენ მონაწილეობას.

20240307-130715-1711450442.jpg

ასე გამოყურება მუზეუმის ზედა სივრცე დღეს

-რა ბედი ეწია სტამბას აღმოჩენის შემდგომ?

- ჩხრეკის შემდეგ სტამბა ააფეთქეს, სახლი კი გადაწვეს. ე.წ. „ნივთიერი საბუთები“ კი თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს გადაეცა.

სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი 1937 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. მუზეუმის გახსნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სტალინის არალეგალურმა სტამბა-მუზეუმმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. არაერთ წერილობით წყაროში დასტურდება, რომ გახსნიდან პირველი 15-20 წლის მანძილზე მას მილიონნახევარზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.

სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი ყოველწლიურად ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს მასპინძლობს. ადგილობრივთა მხრიდან დაინტერესება შედარებით ნაკლებია.

20240307-130233-1711450467.jpg

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზ. გეგეშიძე. „ავლაბრის არალეგალური სტამბა 1903-1906 წწ.“. ისტორიული ნარკვევები. სახელგამი. 1954 წ.

2. ზ. გეგეშიძე. “ქართული საბჭოთა ენციკლოპედია”. ტ. 1, თბ., 1975. გვ. 129.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz