მსოფლიოს ყველაზე პატარა მუზეუმი საქართველოში მდებარეობს? - უცნობი ფაქტები ადგილზე, სადაც ნიკო ფიროსმანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე პატარა მუზეუმი საქართველოში მდებარეობს? - უცნობი ფაქტები ადგილზე, სადაც ნიკო ფიროსმანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა

ქართულ ვებ-გვერდებზე ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი საქართველოში მდებარეობს. სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მსგავსი ცნობა არ დასტურდება უცხოენოვან სტატიებში და სამწუხაროდ, მას ეს ტიტული ოფიციალურად ამ დრომდე არ აქვს.

თუმცა, ამის მიუხედავადაც ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის მნიშვნელობა არ მცირდება - ეს ის ადგილია, სადაც მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი არსებობს. იმის მიუხედავად, რომ ფიროსმანი ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია და მუზეუმების გარდა, მისი ნახატებით დამშვენებულ ნივთებსა და აქსესუარებს ხშირად ვხედავთ, მის მუზეუმს ნაკლებად სტუმრობენ.

20240315-142411-1711195709.jpg

ფიროსმანის მუზეუმის შესახებ ჩვენს კითხვებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი პასუხობს.

- შეგიძლიათ გვითხრათ სად მდებარეობს მუზეუმი და როდის დაარსდა ის?

- ნიკო ფიროსმანაშვილის თბილისის მუზეუმი, მირზაანის სახლ-მუზეუმის ფილიალს წარმოადგენს და თბილისში ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე (N29) მდებარეობს. მუზეუმი 1960 წელს დაარსდა შენობაში, სადაც გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დღესდღეობით მუზეუმი კიბის ქვეშ არსებული მცირე ზომის ფარდულისა და საექსპოზიციო დარბაზისგან შედგება.

- რისი ხილვა შეუძლია აქ მოსულ დამთვალიერებელს?

- დღეს, კიბის ქვეშ არსებულ პატარა ოთახში მხატვრის მირზაანიდან ჩამოტანილი პირადი ნივთებია თავმოყრილი. მის სიახლოვეს არსებულ მცირე ზომის საექსპოზიციო სივრცეში პერიოდულად თანამედროვე ქართველ მხატვართა პერიოდული გამოფენები ეწყობა. მუზეუმი ორგანიზებას უწევს მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებათა ჩატარებას.

კიბის უჯრედქვეშ მოქცეულ მცირე ოთახში მოხვედრილმა ალბათ, ყველაზე მძაფრად ვიგრძენი მასზე დაწერილი ლადო ასათიანის ლექსის სიცხადე: „მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა...“

20240315-143721-1711195745.jpg

- რამდენი ხანი ცხოვრობდა მხატვარი ამ შენობაში?

- თავდაპირველად ქირით ცხოვრობდა კიბის უჯრედქვეშ მოქცეულ პატარა ოთახში. გარკვეული ხნის შემდეგ, ქირის გადაუხდელობის გამო მეპატრონემ დაითხოვა და უსახლკაროდ დარჩენილი მხატვარი აქვე, ამ ოთახის სიახლოვეს, არსებულ სარდაფს აფარებდა თავს ღამის გასათევად. სწორედ ამ სარდაფში, სრულიად დაუძლურებული, სიბნელეში, ჭუჭყსა და სიცივეში, მარტოობაში ატარებს მხატვარი უკანასკნელ დღეებს მანამ, სანამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანენ...

20240321-162149-1711195797.jpg

- რას გვეტყვით მხატვრის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე?!

- ფიროსმანის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, 1938 წელს, არაერთი სტატია გამოქვეყნდა ერთ დროს ყველასგან მივიწყებული მხატვრის მოსაგონებლად... მათგან რამდენიმეს გამოვყოფ.

1938 წელს, ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" ბ. გორდეზიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიაა ("ნიკო ფიროსმანაშვილი"). სტატიაში ვკითხულობთ:

„ნიკოს უკანასკნელ დღეებზე არსებობს მეტად შემაძრწუნებელი მოგონება. ვინმე მეჩექმე არჩილ მაისურაძისა: „ნიკო ფიროსმანაშვილს მე წინადაც ვიცნობდი. ნიკალა აბაშიძის სირაჯხანაში ხატავდა სურათებს. უკანასკნელად სმისგან ავად გამხდარიყო და სარდაფში ჩასულიყო. იწვა ნესტიან და ბნელ იატაკზე. ორი-სამი დღის შემდეგ შემთხვევით ჩავედი და სიბნელეში მწოლიარეს წავაწყდი.

კვნესოდა მწარედ. მე ვერ ვიცანი და შევძახე:

-ვინა ხარ მეთქი?

-მე ვარო, და მაშინვე ხმაზე ვიცანი ნიკალა. მან კი ვეღარ მიცნო. მხოლოდ ეს მითხრა: ცუდად გავხდიო. სამი დღეა აქ ვწევარ და ვეღარ ავდექიო.

მე მაშინვე ეტლი მოვიყვანე და რაკი თვითონ არ მეცალა, ეტლში ჩაუჯდა განსვენებული ილია ანდრიას-ძე მგალობლიშვილი და წაიყვანა არამიანცის საავადმყოფოში. ეს კია, რომ კაცი დღენახევარში გათავდა. არავითარი ნივთი არ დარჩენია...“

20240315-143735-1711195855.jpg

ეს კი ამავე წელს გამოქვეყნებული მ. დუდუჩავას სტატიიდანაა ("ნიკო ფიროსმანიშვილი") ამონარიდი:

„სამი დღე ებრძოდა იგი სიკვდილს ბნელ სარდაფში, უპატრონოდ მიტოვებული. იქიდან იგი შემთხვევით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ „საწყალ ნიკალას“ გზა უკვე დამთავრებული აღმოჩნდა: ერთი დღის შემდეგ, 1918 წლის 22 აპრილს (5 მაისს), სარდაფების ხელოვანი გარდაიცვალა...“

მხატვრის შესახებ მეტად საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ვლ. ქიქოძემაც („ნიკო ფიროსმანიშვილი - გარდაცვალებიდან 20 წლის შესრულების გამო“):

„საზოგადოების დავალებით პროფ. გუდიაშვილი გაემართა ნიკოს სადგომისკენ ცოტაოდენი დახმარების გადასაცემად, მაგრამ გამოირკვა, რომ ნიკო უკვე გარდაცვლილიყო „ისპანკით“, სრულიად უყურადღებოდ და უპატრონოდ მიტოვებული... ნიკოს გვამი მის მეგობრებს დაუსაფლავებიათ კუკიის სასაფლაოზე. ამის შესახებ ქართველ მხატვართა საზოგადოებას არაფერი სცოდნია. ამიტომ, სამწუხაროდ, დღესაც გამოურკვეველია, თუ სად მარხია იგი...“

მხატვრის ტრაგიკულ ბედზე საუბრობს მ. დუდუჩავა წიგნში "წერილები ხელოვნებაზე" ("ნიკო ფიროსმანაშვილი". 1948 წ. გვ.181–189):

„სამი დღე ებრძოდა იგი სიკვდილს სიბინძურით ავსებულ ბნელ და ნესტიან სარდაფში. მეოთხე დღეს შემთხვევით წააწყდა მის კვნესას „სახლების მოურავი“. ცივ მიწაზე უპატრონოდ მიგდებული, ჭუჭყიანი და დაფლეთილი ტანსაცმლით შემოსილი მხატვარი საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლე უკვე დამარცხებული აღმოჩნდა: დღენახევრის შემდეგ - 1918 წლის 23 აპრილს (6 მაისს) „საწყალ ნიკალას“ უკანასკნელი ამოსუნთქვა ხვდა წილად. და უკუღმართი ბედისწერა, თითქოს, სამარეშიც თან გაჰყვა მას: უპატრონო მიცვალებულის სახელით ჩავიდა იგი მიწაში, დღემდის არავინ იცის სად ან როდის გაიჭრა მისი საფლავი.

ასე დასრულდა ახალი ქართული მხატვრობის უაღრესად თავისებური და ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის ნიკო ფიროსმანაშვილის სიცოცხლე...“

- ალბათ, ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ მუზეუმს?!

- სამწუხაროა, რომ მუზეუმს არც თუ ისე ბევრი ადამიანი სტუმრობს. ერთგვარი პარადოქსია, რომ ფიროსმანის ნამუშევრებით შთაგონებული ხელოვანები დღეს უხვად ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, „მებადურის“, „მეეზოვისა“ თუ სხვა გამოსახულებები ამშვენებს თბილისსა მის ფარგლებს გარეთ არსებულ შენობებს (მათ შორის ფიროსმანის ქუჩასაც), მაგრამ ამავდროულად, ყოველწლიურად, ძალიან ცოტა ადამიანი სტუმრობს ზემოხსენებულ მუზეუმს. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ დამთვალიერებელთა დიდ ნაწილს უცხოელები შეადგენენ...

20240321-162132-1711196781.jpg

- თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

- ვერ გეტყვით... რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არც იცის ამ მუზეუმის არსებობის შესახებ მირზაანის სახლ-მუზეუმის სანახავად ჩასვლა კი ბევრს ვერ უხერხდება... თითქოს გავურბივართ სინამდვილეს, იმ ადგილს, სადაც ყველასაგან მივიწყებულმა ნიკალამ ასე ტრაგიკულად გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები...

- როდის მიენიჭა ამ ქუჩას ფიროსმანის სახელი?

- ცნობილია რომ ქუჩა, სადაც ახლა ნიკო ფიროსანის მუზეუმი მდებარეობს 1840-50-იან წლებში წარმოიქმნა. ეს ქუჩა, თბილისის 1876 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე მოლოკნების II ქუჩის სახელით არის აღნიშნული. XX საუკუნის შუა ხანებში მას ფიროსმანის ქუჩა ეწოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბ. გორდეზიანი. "ნიკო ფიროსმანაშვილი". ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება". 1938 წ. N3, გვ. 28-32.

2. მ. დუდუჩავა. "ნიკო ფიროსმანიშვილი". გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“. 10 მაისი, 1938 წ.

3. ვლ. ქიქოძე. „ნიკო ფიროსმანიშვილი (გარდაცვალებიდან 20 წლის შესრულების გამო)“. გაზეთი „კომუნისტი“. 6 მაისი, 1938 წ.

4. ვლ. ქიქოძე. „ნიკო ფიროსმანიშვილი (გარდაცვალებიდან 20 წლის შესრულების გამო)“. გაზეთი „კომუნისტი“. 6 მაისი, 1938 წ.

5. მ. დუდუჩავა. "ნიკო ფიროსმანაშვილი". წიგნი "წერილები ხელოვნებაზე", 1948 წ. გვ.181–189

6. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“. თბ., 2008. გვ. 176.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz