იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საიდუმლო - რატომ გაამართლა მხოლოდ მისმა "დედა ენამ" და არ იმუშავა სხვების სახელმძღვანელოებმა
სკოლებში "დედა ენის" დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ბავშვებისთვის წერა-კითხვის შემსწავლელი უნიკალური წიგნია და ალტერნატივა არ აქვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "დედა ენა" მოძველდა და ახალ თაობას სულ სხვა რესურსი სჭირდება.
"დედა ენის" სკოლებში დაბრუნებას ტრენერი კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში, კოტე იანტბელიძე "ფეისბუქზე" ეხმიანება.
"ასპირანტურაში დისერტაცია ვწერე "დედა ენაზე", წერა-კითხვის სწავლების მეთოდებზე და ზოგადად, სწავლების ქვეცნობიერ მეთოდებზე.
იმ პერიოდშივე შესწავლილი მაქვს ანბანის აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელო, რაც კი გვქონია იაკობამდეც და მერეც.
რა გავიგე:
ჩვენ არ ვიცით, რა არის საკითხის ფუნდამენტური შესწავლა და ეს გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ნამდვილად იცოდა იაკობმა. ჩვენ არ ვიცით, რა იცოდა იაკობმა, რადგან როგორც გითხარით, არ ვიცით საკითხის ფუნდამენტური შესწავლა.
იაკობამდეც და მერეც იყო ბევრი ავტორი (ბოცვაძე, ბურჯანაძე, ისარლიშვილი, იოსელიანი და ა.შ.) და არც ერთ ავტორს იაკობივით არ გახსენებია, რომ მთელ ამ ამბებში მთავარი გმირი იყო ბავშვი! აი, როგორც ახლა ხდება: ვიღაცას იმიტომ მოსწონს, რომ გოგებაშვილის ჰქვია და გოგებაშვილზე კი ბევრი არც არაფერი იცის სინამდვილეში. ვიღაცას იმიტომ არ მოსწონს, რომ სხვას არ ჩაეთვალოს საქმეში. ობიექტურ, ალალ, საღი მიდგომის და ბავშვზე ორიენტირებული დამოკიდებულების ადამიანს იშვიათად შეხვდებით ამ ორომტრიალში.
"იაკობის დედა ენა" ან "იაკობის მეთოდი" არის ძალიან ზოგადი ფორმულირება. 33-ჯერ გამოიცა და ყოველ წელს ცვლიდა, აუმჯობესებდა, ახალისებდა და აახლებდა სახელმძღვანელოს. აკითხებდა ბავშვებს და აზრს იგებდა, მათ შენიშვნებს ითვალისწინებდა! საკუთარ იდეებს იწუნებდა, შემდეგ რაღაც ახალს გამოიკვლევდა და მიხვდებოდა, რომ ის დაწუნებული კარგი იდეა იყო და აბრუნებდა. ისევ ბავშვებს ეკითხებოდა.
სახელმძღვანელო ბევრჯერ შეცვალა და კიდევ რომ ეცოცხლა, კიდევ ბევრჯერ შეცვლიდა... უფრო სწორად, ყოველ წელს შეცვლიდა! დღემდე როგორი სახით მოიტანდა, კაცმა არ იცის. ჩვენც არ ვიცით, რადგან ჩვენ ხომ ფუნდამენტურად არაფერს ვსწავლობთ. აი, იაკობმა იცოდა, მაგრამ უკვდავი არ იყო სამწუხაროდ.
ხო, რაც შეეხება მეთოდს. იაკობის მეთოდი იყო ის, რომ ყველაფერი ძალიან ახლობელი, სახალისო და იოლი ყოფილიყო ბავშვისთვის. ბავშვი, ბავშვმა, ბავშვს, ბავშვის და ა.შ. ცენტრი იყო ბავშვი. მათ უნდა მოწონებოდათ, მათ უნდა დაედასტურებინათ... ანბანის გაცნობის რიგი ძალიან მაგარი რამე მოიფიქრა, რომელი ასო-ბგერის მერე რომელი უნდა ესწავლა ბავშვს. ეს რიგი დაცულია ახლანდელ სახელმძღვანელოებშიც. "აი ია" იყო გენიალური! როგორც ვთქვი, თავისი ძალიან მაგარი იდეების მიუხედავად, იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი", რითიც სრულიად საქართველოს ბავშვებს ერთ მშვენიერ დღეს წერა-კითხვა ასწავლა, იყო - სწორება იმაზე თუ რა უნდა ბავშვს? რა აინტერესებს ბავშვს? რა ეხალისება ბავშვს? მისი იდეები პასუხები იყო სწორედ ამ კითხვებზე!
ანბანის სწავლების რიგიც, "აი ია", საწერი ბადე და სხვა უამრავი იდეა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოიფიქრა. ამ კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა. ამიტომ შეუყვარდათ "დედა ენა" და ვერ მიიღეს სხვა.
რომ შევაჯამოთ, აი, ასეთი სურათია:
გოგებაშვილის მეთოდი = მუდმივ განახლებას.
გოგებაშვილის მეთოდი = თბილისელი თუ რეგიონელი ბავშვების შენიშვნების, შთაბეჭდილებების, აზრების მოსმენა და გათვალისწინებას ყოველწლიურად. დიახ, ყოველწლიურად.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის გასაგებს.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის სახალისოს.
და ა.შ.
P.S. ისე, რას იტყვით, ძნელი ყოფილა გოგებაშვილობა?"