იპოვე შენი გვარის ისტორია- ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ გვარებზე (ნაწილი ოთხი) | Allnews.Ge

იპოვე შენი გვარის ისტორია- ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ გვარებზე (ნაწილი ოთხი)

გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის...

ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ Allnews-ზე გამოქვეყნებული გვარების სიას დიდი დაინტერესება მოჰყვა და მკითხველებს საკუთარი გვარების ისტორია აინტერესებდათ, გთავაზობთ დამატებით სიას, რომელთა შორისაც შესაძლოა საკუთარი გვარიც იპოვოთ.

მიხანაშვილი

ამ ქართული გვარ-სახელის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიხეილი. მიხეილ ნაწარმოებია ძველი ბერძნული სახელიდან მიქელა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სწორს“. სახელს ცვლილებები განუცდია და მივიღეთ მიხეილ. მიხეილიდანაა წამოსული ფორმა მიხა. აქედან კი მიღებულია გვარი მიხანაშვილი.„მიხანაშვილი ბეჟან იყო დამწერი და მოწმე დათუნა ლატრაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისთვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იანი წლები).საქართველოში 494 მიხანაშვილი ცხოვრობს: გორში – 240, თბილისში – 173, კასპში – 50. არიან სხვაგანაც.

მირაქიშვილი

მირაქიშვილი მცირერიცხოვანი გვარია. ის გავრცელებულია თბილისში, დედოფლისწყაროსა და ყაზბეგში.„პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ მიხედვით, „მირაქა – რაიონის მეაღაპე, მოწმე ხუგაზა ადიბეგაშვილის მიერ ბოლნელისთვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა“ (1645-1677 წლები).„მირაქა – მისი მამული ენაგეთში როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა ბარათაშვილს“ (1658 წელი).„მირაქაშვილ მამულას, ზერტში მცხოვრებ ნიკოლოზ კათალიკოზმა მისი წყალობა განუახლა რევაზ მაღალაძეს, 1678 წელს“.„მირაქაშვილ ყაზარას, შულავერის მცხოვრებს, ჰყავს ძმა მირაქა, ძმისწული – მანდევაქა. ის ბაგრატ და ლევან ბატონიშვილებმა უწყალობეს ქაიხოსრო რატიშვილს, 1688 წელს“.იაკობ ახუაშვილის წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ ვკითხულობთ, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მირაქა.საქართველოში 29 მირაქიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, დედოფლისწყაროში – 5, ყაზბეგში – 4. არიან სხვაგანაც.

ხახაშვილი

გვარის ფუძეა ხახა. ადამიანის სხეულის ნაწილი ხახა გვხვდება როგორც საკუთარ სახელად, ისე მეტსახელად. ხახაშვილებს აქვთ შტო-გვარი.ხახაშვილთა ძმათა შვილები არიან ქავთარაშვილები. ხახაშვილ-ქავთარაშვილი თეთრი წყაროს სოფელ გოხნარში გადმოსულა დუშეთის რაიონის სოფელ ვაშლობიდან 1780 წელს.საქართველოში 80 ხახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.

წითელაური

სოფელ გეზერეთში მცხოვრები მწითურების გადმოცემით, მათი წინაპარი გუდამაყრიდან გადმოსულა, იქ კი წიკლაურები ყოფილან. ლუთხუბიდან არიან მათი წინაპრები. გეზერეთიდან სამთავისში გადასულა მთხრობელის პაპის ძმა და მისი შთამომავალნი წითელაურის გვარს ატარებენ. მათი კიდევ ერთი შტო გორში კი მწითურიძედ იწერება. ლუთხუბიდან გადმოსახლებულ წიკლაურთა ამ შტოს, როგორც ჩანს, თავისი ძველი გვარი – წითელაური აღუდგენია და მწითურად დაწერილან.მწითურში ორი შტო გამოიყოფა.

ქსნის ხეობის სოფელ გეზერეთიდან ისტორიულ ძაგნაკორში, სოფელ მწითურებში გადმოსახლებული ალექსი მწითური მოგვითხრობს: „მწითურების სრული თავდაპირველი გვარი არის ალხასტაისძე. ჩვენი წინაპარი ქისტეთიდან მოსულა – კაცი შემოჰკვდომიათ და ქისტეთს გამორიდებიან, ხევსურეთში დასახლებულან და ხატისთვის შეუწირავთ ხარი და საარყე ქვაბი. ესენი სამი ძმა ყოფილან. ხევსურეთში არ მოასვენეს მოსისხლე ქისტებმა და დევნა დაუწყეს. ერთ ძმას ერქვა დორე, მეორეს – სისო, მესამე ძმა კი მწითური ყოფილა და ამათგან წამოვიდა გვარები: დორეული, სისაური და მწითური. ვისაც ეს გადმოცემა ახსოვს, ერთმანეთში ქალს არ გაათხოვებს“.სხვა ეთნოგრაფიული მასალით, ძეგნაკორაში მწითურები სოფელ ალევიდან (ქსნის ხეობა) გადმოსახლებულან, რომელთა ძველი გვარი სისაური ყოფილა.

1774 წელს სოფელ გეზერეთში მოსახლე მწითურები, ორი კომლი, წითურაულის გვარით არის ცნობილი.ორი კომლი წითურაული მოხსენიებულია, ასევე, სოფელ საძეგურაში. 1781 წლის აღწერაში კი საძეგურაში 5 კომლი წითურაულია აღრიცხული. ალევში – კომლი წითურიძე.ქსნის ხეობაში კიდევ ერთი გვარია, რომელიც სისაურთა გვარიდანაა შტონაყარი. ესაა საძეგურელი ჭალისებურების გვარი. ჭალისებურების თავდაპირველ გვარად სისაური დასტურდება როგორც ეთნოგრაფიული მონაცემებით, ისე 1886 წლის საოჯახო სიებით. სისაური ყოფილა სოფელ წვერში მოსახლე სამნიაშვილების ადრინდელი გვარი.საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს: ახმეტაში – 124, თბილისში – 55, თელავში – 53. არიან სხვაგანაც.

კომახიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კომახი. კომახი, კომახიტი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა ტრაპიზონში.გადმოცემის მიხედვით, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ლესაში მცხოვრები კომახიძეები გადასახლებულნი არიან ქობულეთის რაიონიდან. მათ შორეულ წინაპარს გურიაში რაღაც დაუშავებია და ერთი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ ჯახათში ჩასახლებულა, იქიდან კი სოფელ აჭყვისთავში გადასულა. ამ გვარის ერთი წარმომადგენლისთვის, რომელიღაც გურიელს აზნაურის წოდება უბოძებია, ასევე, მიწებიც მიუცია სოფელ ჩეხედანაში და ის მიწები დღესაც კომახიძეების მიწებად იწოდება.გვარის წინაპართაგან შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, კომახიძეების წინაპრები მესხი დიდებულები ყოფილან და ტრაპიზონის იმპერიის მიდამოებში ცხოვრობდნენ, საიდანაც გამოიქცნენ ოსმალების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ.

ორი საგვარეულო – ჭანიხიდები და კომახიძეები მძლავრობდნენ და სწორედ მათგან წარმოშობილად მიიჩნევა დღეს არსებული ჭანიშვილებისა და კომახიძეების გვარი.კომახიძეებმა აჭარაში ოსმალების ბატონობის 300 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს პირვანდელი გვარი. ხახუტა კომახიძის შთამომავალნი კი დღემდე ხახუტაიშვილებად იწერებიან. ისინი სოფელ აჭყვისთავში ჩასახლებულან. ეს ადგილი ამჟამად იწოდება, როგორც კომახიძეებისა და ხახუტაიშვილების ქედი.საქართველოში 1 353 კომახიძე ცხოვრობს. ხელვაჩაურში – 354, ბათუმში – 233, თბილისში – 193. არიან სხვაგანაც.

იაგანაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი იაგანა.„იაგანაშვილი დავითა, ქალაქში მცხოვრები, დიღომში ნასყიდი ვენახით შაყუბათ ბარათაშვილმა საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს” (1493 წელი).„იაგანაშვილი თევდორე, სამშვილდეს მცხოვრები, ჰამზა იაგანაშვილთან ერთად, როსტომ მეფემ უწყალობა მოლარეთუხუცესს შიოშ ხმალაძეს” (1643 წელი).იაგანაშვილებს უცხოვრიათ ქვემო ქართლში და შემდეგ გადასულან კახეთში.საქართველოში 252 იაგანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 183, თბილისში – 38, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.

ალადაური

გვარის ფუძის დამდები ალუდა ყოფილა. ხახმატელ გამღვირაულებს ალადაურების გვარი მიუღიათ. გვარში არსებული გადმოცემით, ალადაურები იყოფიან ბაჩიქაურებად, გამღვირაულებად, მშაველებად და ალექსაურებად.1873 წელს სოფელ ხახმატში 45 კომლი ალადაური ცხოვრობდა. ასეთი გადმოცემაც არსებობს: „ჩვენი გვარი უშიშაური ყოფილა, მერე ალექსაურებზე ჩაუწერიათ, მერე კი ალადაურები გავხდით. მშაველა ფერაულნი რომ იყვნენ, იმათგან ცალკე ყოფილან უშიშაურნი, ჩვენ კი ცალკე ვიყავით მათგან. გიორგი გილაური იყო ადრე, ახლა გამღვირაულნი გახდნენ. ახლა ალადაურები ვართ ყველა, მაგრამ, სხვადასხვა მამის შვილები ალადაურებიდან მარტო ჩვენ – ალექსაურები და მშაველა-ფერაულნი ვართ ხახაბოდან“.გამღვირაულები და ბაჩიკაურები ერთი ფუძისანი არიან. გამღვირაულები გელაურები ყოფილან, ბაჩიკაურები კი თუში მწყემსიდან იღებენ სათავეს.საქართველოში 170 ალადაური ცხოვრობს: დუშეთში – 45, ახმეტაში – 43, გარდაბანში – 28. არიან სხვაგანაც.

ბატკუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ბატკუა, რომელიც შემდეგში საკუთარ სახელადაც გვხვდება.ვინმე ბატკუა მოიხსენიება ყმების გაყრილობის წიგნში 1674 წელს, რომელიც დავით იარალაშვილს ბატონისთვის მიუცია.საქართველოში 216 ბატკუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, კასპში – 56, მცხეთაში – 9. არიან სხვაგანაც.

მანველაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანველა.მანველისშვილი იფნობს მცხოვრები, მამულით, ერთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს, ქვემო ქართლში, 1537-1538 წლებში.მანველაშვილი და მანველიშვილი ერთი და იმავე გვარად ჩანს. რუსულ საბუთებში ჩაწერილი მანველოვები იგივე მანველიშვილები არიან.ისტორიულ საბუთებში ვკითხულობთ, რომ მანველიშვილმა დავითმა 1691-1712 წლებში იყიდა ოთიაშვილის ვენახი.დავით მანველაშვილი საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გატაცებული ყმაა, შემდეგ კი ერაყის გამგებელი დაუდვაშის სახელით გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში.საქართველოში 35 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, თბილისში – 5, გორში – 2. არიან სხვაგანაც.

გზირიშვილი-ხოსიაშვილი

გვარი გზირიშვილი წარმოშობილია ხელობა-თანამდებობისგან. გზირი ძველად სოფლის მოხელეს, მამასახლისის ხელქვეითს ნიშნავდა, იყო მის განკარგულებათა შემსრულებელი.მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან „გზირისშვილი-გზირიშვილი, განაკერტს მცხოვრები, ფლობს ქონებას, აქვს მამული, გაყოფისას მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს, ეს მოხდა 1537-1538 წლებში“.„თეიმურაზ მეფემ განუახლა ენისელთ ნაცვალ ხოსროსა და გზირიშვილის მამულის წყალობა“ (1662 წელი).„გზირიშვილი გოდერძი, მძოვრეთში, შიდა ქართლში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, მამულით, ერგო ედიშერს“ (1688-1703 წლები).კასპში მცხოვრები გზირიშვილი თედოს ოჯახიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).სამღერეთის მცხოვრები წითურა გზირიშვილი 1640 წელს წილად ერგო, ხოსია ბარათაშვილს. აქედანაა გაჩენილი გვარი ხოსიაშვილი.საქართველოში 1 182 გზირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 288, კასპში – 246, საგარეჯოში – 181. არიან სხვაგანაც.

დიხამინჯია

დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ კი – პატრონს, მიწის მეპატრონეს, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიასა და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.

კობიაშვილი

კობიაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა, რომელიც ქართული სახელია და იაკობის შემოკლებითი ფორმაა. კობიაშვილები ძირძველი საგვარეულოა.„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად, გამოჩენილი გმირობისთვის ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებიან კობიაშვილებად“.1714 წელს, ორდისუბანში მოიხსენიება იოსებ კობიაშვილი მოწმედ.1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე კობიაშვილი.საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.

კრაწაშვილი-ხუციშვილი

მეტსახელი კრაწა გვხვდება გვარ კრაწაშვილის ფუძედ.გვარში არსებული გადმოცემით, ადრე გვარად ხუციშვილები ყოფილან, უცხოვრიათ სოფელ მარტყოფში, შემდეგ კი, სხვაგან გადასვლისას, კრაწაშვილები გამხდარან.საქართველოში 418 კრაწაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 229, თბილისში – 88, რუსთავში – 46. არიან სხვაგანაც.

ქავთარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.„ქავთარაშვილის მანუჩარის ქალი მარიამი, 1721 წელს, აღწერით, ნაქურდევში ყიდის ერთ საკომლოს.”საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც.

ნარეკლიშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ნარეკალი.„მარაბდაში მცხოვრებმა აბრამა ნარეკლიშვილმა იქორწინა იქვე მცხოვრებ სეხნია იმერლიშვილის ქალზე, მაიაზე, გვირგვინი აკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.”საქართველოში 378 ნარეკლიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 88, საგარეჯოში – 77, თბილისში – 74. არიან სხვაგანაც.

ჩადუნაშვილი

გვარი ჩადუნაშვილი სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. ასევე, ჩადუნა საკუთარ სახელადაც გვხვდება.1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

myquiz