იპოვე შენი გვარის ისტორია- ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ გვარებზე (ნაწილი სამი) | Allnews.Ge

იპოვე შენი გვარის ისტორია- ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ გვარებზე (ნაწილი სამი)

გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის...

ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ Allnews-ზე გამოქვეყნებული გვარების სიას დიდი დაინტერესება მოჰყვა და მკითხველებს საკუთარი გვარების ისტორია აინტერესებდათ, გთავაზობთ დამატებით სიას, რომელთა შორისაც შესაძლოა საკუთარი გვარიც იპოვოთ.

ზოიძე

ზოიძეთა გვარი საბერძნეთიდან მომდინარედაა მიჩნეული. გვარის ფუძეა ზოიდი. დი – ბერძნული სუფიქსია და ქართულ სუფიქსს – შვილს, ძეს ნიშნავს. თუმცა, არსებობს, ასევე, ქალის სახელი ზოია.

ზოიძეები ცხოვრობენ შუახევში, ხულოში და ქობულეთის რაიონში.ზოიძეთა ნაწილი ამბობს, რომ გვარი დაბაძველიდან იღებს სათავეს, ზოგი კი სოფელ აჭყვისთავს ასახელებს.სოფელ კვირიკეშია წყარო „ზოიძის საცავის“ სახელწოდებით, ქაქუთში – ადგილი „ზოიძეების კუთხე”.საქართველოში, ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ზოიძეს 82-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 4 934 ზოიძე ცხოვრობს: ქობულეთში – 1 959, შუახევში – 983, ხელვაჩაურში – 932. არიან სხვაგანაც.

ერაძე-ერიაშვილი

ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით, გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარსახელები“, წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი, ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს: თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.83 ერაშვილი: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.

ფარსადანაშვილი-ფარსადანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსადანი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ბრძენს, სწავლულს, მეცნიერს ნიშნავს. ეს სახელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.1737 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იასე როინიშვილ-ყორღანაშვილს თავის ბიძაშვილისთვის, ზაალ როსტომაშვილისთვის მიუცია, მოხსენიებულია ზურაბ ფარსადანაშვილი.ამავე ძირისაა გვარი ფარსადანიშვილიც.

საქართველოში 76 ფარსადანაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 51, თბილისში – 20, თეთრიწყაროში – 5.137 – ფარსადანიშვილი: თბილისში – 59, თელავში – 30, გურჯაანში – 28. არიან სხვაგანაც.]

მარჯანიძე

მარჯანიძე ქართლური, ქართლში წარმოშობილი გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარჯანი.„მარჯანიძეთა შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ დომენტის კათოლიკოსობის დროს, 1556-1560-იან წლებში“.საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.

ქოქოსაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი – ქოქოსა. შემდეგ კი ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანს და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.

ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და ამბობენ, რომ ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მომდინარეობს.საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.

ლაკვეხელიანი

ამ სვანურ და რთულფუძიან გვარს, ჩვენი ვარაუდით, ხელობა-საქმიანობასთან მივყავართ.

ლაკვა ჯურღმულ ნაგებზე მიგვანიშნებს, მეორე ნაწილი გვარისა კი – ხელზე. ანუ, ჯურღმული ნაგების შემქმნელი კი ხელია. გვარი შედგება: 1. ლაკვა; 2. ხელი და სუფიქსი – ანი.გვარის ადრინდელი ფორმა ყოფილა ლაკოხელიანი – ლაკაუხელიანი.„კაცია ლაკოხელიანს ჰყავს ძმა გიორგი, იყვნენ ცაგერის ღვთისმშობლის მრევლნი, მოიხსენიებიან 1656 წელს“.

საქართველოში 127 ლაკვეხელიანი ცხოვრობს: ცაგერში – 59, ქუთაისში – 40, თბილისში – 9. არიან სხვაგანაც.

ძამაშვილი

ძამაშვილი უძველესი გვარ-სახელია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ძამა, ძამია.1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათალიკოს დომენტის ამილბარ და სხვა მაღალაძეებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ბიძინა ძამაშვილი.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მორიგეთა ნუსხაში მოიხსენიება ლაზარე ძამაშვილი.ძამაშვილი მენთეშაშვილთა შტო-გვარია.ასევე, გვხვდება გვარი – ძამანაშვილი.

საქართველოში 817 ძამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, გარდაბანში – 248, რუსთავში – 52. არიან სხვაგანაც.

ბებიაშვილი

გვარი ბებიაშვილი არცთუ გავრცელებული გვარია. ის გვხვდება ზესტაფონში, თბილისსა და თერჯოლაში.მერაბ კეზევაძის „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“ – ბებიაშვილები მოიხსენიებიან თხილთაწყაროში, მარტოთუბანსა და რუფოთში.

გვარი ბებიაშვილი მოიხსენიება ასევე, „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“: „ბებიაშვილი გიორგი – მღვდელი, სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა“.„ბებიაშვილი იორამ-დეკანოზი, მოწმე ივანა და პაპუნა ქურდაძეების მიერ როსაბ მაჭავარიანისთვის მიცემულ ყმად თავდაწერილობის წიგნისა, 1612 წელს“.„ბებიაშვილ სორაზანს ჰყავს სახლიკაცები: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი“.

საქართველოში 529 ბებიაშვილი ცხოვრობს. ზესტაფონში – 255, თბილისში – 84, თერჯოლაში – 76. არიან სხვაგანაც.

პაჭკორია

გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაპაშჭკორი. მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს. საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან.

ნაპაჭკორუ არის სახნავი, მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას.1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პაჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პაჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია.საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში.საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს.ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში.

საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. არიან სხვაგანაც.

ბადალაშვილი

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ასევე, ფეოდალურ საქართველოში, ბადალი სხვის ნაცვლად ბეგრის მომხდელს ნიშნავდა. კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ, ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას.

ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. 1774 წელს, მორიგი ლაშქრის განაჩენი ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილესა და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრი წყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.

ფალიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალია.„ფალიანი გავაშელი, მოწმე სეტისა და ლაღამის ხევთა შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეები); მოურავი ლენჯერელთა და სეტიელთა შორის სანადირო ადგილებზე დავის შემდეგ შერიგების დაწერილისა“.„ფალიანი მიქაელი იყო თავმდები ქოჩორიანთა მიერ ივანე სეტიელისთვის მიცემული სათიბის ნასყიდობის დაწერილისა“ (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).

საქართველოში 417 ფალიანი ცხოვრობს: მესტიაში – 197, თბილისში – 131, გარდაბანში – 19. არიან სხვაგანაც.

მაწკეპლაძე

წინაპრებს გვარის ფუძედ წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.მაწკეპლაძეს გვარში არის წინსართი მა. გვარის გასაწყობად გამოყენებულია ართრონები: მე, მა, მო.ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.მაწკეპლაძე იმერული გვარია. ამ გვარის შესახებ, ისტორიულ საბუთებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიძებნება.საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში – 131, თბილისში – 30.

შიუკაშვილი

შიუკაშვილი მთიულური გვარია. გვარის ძირ-ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელიდან – შიოდან წარმოქმნილი მოფერებითი სახელი შიუ.ქსნის ხეობის სათავეში, ყოფილა ადგილი, რომელსაც ადრე რქმევია უკანუბანი. ახლა იქ მცხოვრებლებს შიუკაანთს ეძახიან. ეს შიუკაანი, რომლებიც შიუკაშვილებად იწერებიან, დავითურებთან სახლიკაცობენ. ისინი დავითურების სალოცავში – ადგილის დედაში გადადიოდნენ.

შიუკაანთ გარდა, აქ მოდიან სხვა სოფლებიდანაც: ბაშარნიდან, მახიარეთიდან, მაჭარეანიდან, თან კურატებიც მოჰყავდათ.ასე რომ, შიუკაშვილები და დავითურები ერთი გვარისანი არიან.სამწუხაროდ, შიუკაშვილთა ნაწილი რუსებმა შიუკაევებად ჩაწერეს.საქართველოში 1 742 შიუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 455, თელავში – 448, გორში – 272. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ბროლაძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – ბროლა.1652 წელს ბეჟიტა ბროლაძემ ბატონის მიერ ნაბოძები, უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი, დღის ნაფუძარი მიწა დეკანოზის შვილს, რამაზა ზუმბულაძეს მიჰყიდა.მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს მოიხსენიება მაზადა ბროლაძე.საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82. არიან სხვაგანაც.

აბუაშვილი

აბუ ერქვა შუმერთა ნაყოფიერების ღმერთს. ქართულ ვარიანტში აბუ საკუთარი სახელია. აბუდან მომდინარეობს საკუთარი სახელი აბო. აბოს კნინობითი ფორმებია: ამბონ, აბრო, აბუა.ყაზარა, შანაზარა და ზადიკა აბუაშვილები მოიხსენიებიან 1721 წლის ისტორიული აღწერების მასალებში.საქართველოში 1 373 აბუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, მცხეთაში – 211, კასპში – 163. არიან სხვაგანაც.

შამილიშვილი

საკუთარი სახელიდან შამილ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აჭარაში, გაჩნდა გვარი შამილიშვილი.ამ გვარის შესახებ, მცირე ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ დოკუმენტებში.საქართველოში – 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

ბერიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერია.სოფელ ქისტაურის მკვიდრთაგან ძირად მთიელებად მიიჩნევენ თავს ბერიაშვილები.

მანგლელის ყმად მანგლისში, 1721 წელს, მოიხსენიება შერმაზანა ბერიაშვილი.საქართველოში 2 929 ბერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 052, კასპში – 453, სიღნაღში – 377. არიან სხვაგანაც.

დაუთაშვილი

დაუთაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი დათუ.დავითა დაუთაშვილი მოიხსენიება 1696 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, როგორც ნაზარალიხანის კარის მდივან-მწიგნობარი ანუ მდივანი, დამწერი. მისი ხელითაა შედგენილი სოფლების – ღვევისა და ზირბითის ყმა გლეხებთან დაკავშირებული წიგნი.საქართველოში 373 დაუთაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 171, თბილისში – 130, ბოლნისში – 30. არიან სხვაგანაც.ყირიმელაშვილიგვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმია.ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წელს დიდ თონეთში, მოსახლეობის აღწერის დროს.

1885 წელს სვიმონ მჭედლიძის თავმდებად მოიხსენიება ბერუა ყირიმელაშვილი.ამავე ძირისაა გვარები ყირომელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.

გულდამაშვილი

გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას ნიშნავს. საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12. არიან სხვაგანაც.

მამუჩარაშვილი

ამ ქართულ გვარში ფუძედაა გამოყენებული მამისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი – მამუჩარი. ზოგადად, მამადან ბევრი გვარ-სახელია წარმოშობილი – მამაიშვილით დაწყებული, მამუშალვიშვილით დამთავრებული.მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, რუსებმა აღწერეს ქართული გვარები. მათ სუფიქსი – შვილი და ძე ჩამოაცილეს და რუსული ფორმატები – ოვი და იევი დაუმატეს. ამ გზით გაჩნდა: მამუჩაროვი, მამუკოვი, მამულოვი, კევლიევი და სხვა.სამწუხაროდ, გვარი მამუჩარაშვილის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ საბუთებში.საქართველოში 297 მამუჩარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 182, გორში – 66, თბილისში – 35. არიან სხვაგანაც.

ხოჯაშვილი

გვარის ფუძეა ხოჯა, ხოჯო. მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი.ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავა, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი.ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერით, ხოჯაშვილები მებატონეები იყვნენ და მათ ჰქონდათ მამულები და სოფლები.საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

სარიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სარიკა. სარეკი ურმის თვლების წინ ხელნებზე ქვემოდან, გარდიგარდმო მიკრული ლატანია, რომელიც დაღმართში ხარებს უკნიდან ედება და ურემს აჩერებს.1721 წელს, მუხათში მოიხსენიება ევანეზა სარიკაშვილი.ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში და საბუთებში საკმაოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება.საქართველოში 1 279 სარიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 336, ოზურგეთში – 251, ლანჩხუთში – 225. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

წყარო

myquiz