ობამა, ტრამპი, სტალინი, ჩერჩილი - რამდენ ხანს სძინავთ და ეძინათ ლიდერებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს? | Allnews.Ge

ობამა, ტრამპი, სტალინი, ჩერჩილი - რამდენ ხანს სძინავთ და ეძინათ ლიდერებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს?

არაბთა გაერთიანებული საემიროების გამოცემა Al-Ain-მა (العين) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რამდენ ხანს სძინავთ პრეზიდენტებს? ორი მათგანი წამლებით მკურნალობდა...“, რომელშიც განხილულია საკმაოდ დელიკატური საკითხი - მსოფლიოს რიგი ქვეყნების მეთაურების (პოლიტიკოსების) ძილის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს, ზოგიერთი დამატებით:

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების და სახელმწიფოების ხელმძღვანელები მრავალი რთული პრობლემით არიან დაკავებულნი, მათგან ზოგიერთები კარგად გამოძინებას ახერხებენ, ზოგიერთები კი ხშირად გამოუძინებლები აგრძელებენ მუშაობას.

რამდენ საათს ეძინათ აშშ-ის პრეზიდენტებს?

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რამდენ საათს ეძინათ (სძინავთ) „ძლიერთა ამა სოფლისა“ - პრეზიდენტებს და, ზოგადად, აქტიურ პოლიტიკოსებს? ეს კითხვა დროდადრო წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ პასუხი შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება, ქვეყნიდან ქვეყნამდე, დამოკიდებულია პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების წინაშე მდგარი ამოცანების ხასიათზე და იმ ქვეყნების გეოგრაფიაზე, რომლებშიც ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან პრეზიდენტს აქვს დაკავებული პოსტი.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა ერთ მესამედს უძილობა აწუხებს (ანუ დღე-ღამეში ნორმალურ 7 საათზე ნაკლები სძინავთ). ამას ადასტურებს გამოკვლევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და მასში 440 ათასი ამერიკელი მონაწილებდა.

ეს მონაცემი, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტებსაც ეხებათ: ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის ძილის საშუალო ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 საათს შეადგენდა, როგორც პრეზიდენტობამდე (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდა იგი 2004 წელს გამოცემულ წიგნში - „იფიქრე როგორც მილიარდერმა“), ასევე - პრეზიდენტობის პერიოდში (2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე). რაც შეეხება დონალდ ტრამპის ძილის ამჟამინდელ ხანგრძლივობას, ექსპრეზიდენტმა ახლახან ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მისი მუშაობის სადღეღამისო რეჟიმი არ შეცვლილა.

დონალ ტრამპის წინამორბედის - ბარაკ ობამას (რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 2009-2017 წლებში იყო) ძილის დროის მაჩვენებლები დღეს, ადრინდელთან შედარებით, არცთუ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. როგორც ამერიკული მასმედია იუწყება, ყოფილ პრეზიდენტს სძინავს ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში. იგი ფხიზლობს ღამის პირველ, ზოგჯერ კი - ორ საათამდე, შემდეგ იძინებს და დილის 7 საათზე უკვე ფეხზეა. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, იგი 10 საათს ატარებდა და კიდევ სამ საათს - მის გარეთ.

აშშ-ის 36-ე პრეზიდენტის - ლინდონ ჯონსონის თქმით, მას, ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ყოფნისას, 1963-1969 წლებში, დღის ორი საათიდან ოთხ საათამდე ეძინა ხოლმე, სამაგიეროდ, ღამით ორ-სამ საათამდე მუშაობდა, შემდეგ იძინებდა და ექვს საათზე იღვიძებდა.

ძილის რეჟიმი არც პრეზიდენტ ჯონ კენედის (1961-1963 წლებში) და არც ჯორჯ ბუშ-უფროსს (1989-1993 წლებში) ჰქონდათ უკეთესი - ძილის ნორმალიზაციის მიზნით ორივე მედიკამენტოზურად მკურნალობდა.

რაც შეეხება აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, უცნობია, თუ ზუსტად რამდენ ხანს სძინავს, თუმცა „სი-ენ-ენის“ ერთ-ერთ ადრინდელ რეპორტაჟში ითქვა, რომ დემოკრატი პრეზიდენტი დასაძინებლად ლოგინში საკმაოდ ადრე წვება ხოლმე.

სხვა ლიდერები - ჩერჩილი, თეტჩერი, ბერლუსკონი...

დასავლური მასმედიის მონაცემებით, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ღამით მხოლოდ ორი საათი ეძინა, თუმცა დღისით დანაკლისს მეტ-ნაკლებად ინაზღაურებდა. გერმანიის ყოფილ კანცლერი ანგელა მერკელი ამბობდა, რომ რაც შეიძლება გვიან დაძინებას ცდილობდა ხოლმე. იხილეთ სრულად

myquiz