„საქართველოს ტყეების 35% დეგრადირებულია, 28% - ეროზირებული... მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ - რა იხსნის ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეს - ექსპერტის შეფასებები | Allnews.Ge

„საქართველოს ტყეების 35% დეგრადირებულია, 28% - ეროზირებული... მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ - რა იხსნის ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეს - ექსპერტის შეფასებები

„ჩვენი უნიკალური ლანდშაფტი, საუკეთესო კლიმატი, წყალი, ჰაერი, სასიცოცხლო რესურსები და ბუნებრივი წონასწორობა, რითიც შეგვიძლია მშვიდად, უსაფრთხოდ და ალბათ, შეძლებულადაც ვიცხოვროთ და ტურისტებიც მოვიზიდოთ, ეს ყველაფერი ტყეებზე დგას. ტყეების გარეშე ჩვენი ლამაზი მთები ქვიშა-ხრეშით სავსე პირმოხსნილ ტომრებად გადაიქცევა და ჩვენი საამაყო ხეობებიდან გაუთავებელი სტიქიები წამოვა, რამაც ჩვენი ისტორიული დასახლებები შეიძლება საცხოვრებლად უვარგისი გახადოს“ - გვეუბნება რეზო გეთიაშვილი, „სენის“ პროექტების კოორდინატორი. მისი თქმით, ტყეების არამდგრადი სარგებლობა ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს სიღარიბის ფაქტორად აქცევს.

415041052-393920939717056-1181872752069380760-n-1705564279.jpg

მართლაც საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის არა მარტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო სარგებლის და რესურსის მიწოდებას. განაპირობებს ადამიანების კეთილდღეობას.

რეალურად რა ხდება და რასთან გვაქვს საერთოდ საქმე, რა მდგომარეობაშია ეს უნიკალური სიმდიდრე, ამას რეზო გეთიაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ სულ ახლახან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კვლევებით დგინდება, საქართველოს ტყეების 35% დეგრადირებულია, 28% კი - ეროზირებული. ჩვენი ტყეების მდგომარეობის შესახებ ახლა უკვე ოფიციალური მაჩვენებლებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თორემ ტყეებს რომ ვკარგავთ, ეს ყველამ ვიცით და ამაში დასარწმუნებლად ტყეში შესვლაც არაა საჭირო, სოფლის ეზოებში შეხედვაც საკმარისია.

თუ 30 წლის წინ, როცა ტყეების ენერგეტიკული ათვისება მასობრივად დავიწყეთ, ჩვენს ეზოებში უზარმაზარი ხის გადანაჭრები ეყარა. ჩვენი ტყეები ენერგეტიკულ კრიზისს საკმაოდ კარგად მომზადებული შეხვდა და შეშის მოტანისას ვარჩევდით კიდეც - რცხილა სჯობდა თუ წიფელი;

ახლა იმავე ადგილას პატარ-პატარა გადანაჭრები ყრია და ყველაფერი ერთად - მუხა, ჯაგრცხილა, ბალამწარა, პანტა, მოკლედ, რაც ტყეში იყო დარჩენილი.

414738025-767400461870352-6374842881306177265-n-1705564302.jpg

_ გამოდის, რომ ტყეში ყველა ხე მოვჭერით, რაც 30 წლის წინ იდგა.

_ თითქმის ყველა, სადამდეც გზამ მიგვიყვანა და საიდანაც ხის გამოტანა შესაძლებელი იყო... ძველი და ასაკოვანი კორომები რომ ამოიწურა, ახალზეც გადავედით. ბევრგან, განსაკუთრებით კი სოფლისა და სატყეო გზების სიახლოვეს, მოსაჭრელი ხეები ნამდვილად აღარ დარჩა. ამიტომ, ადრე თუ ერთი ხე მთელი ზამთარი გვყოფნიდა, ახლა ხუთი-ათი ახალგაზრდა ხის მოჭრა გვიწევს, ზამთრისთვის სამყოფი შეშა როგორმე რომ შეგროვდეს. შემცირდა ტყის სიხშირე. იმ ადგილებს კიდევ არა უშავრს, სადაც ამონაყარი მეორადი ტყეებია, მაგრამ იქ უფრო რთულადაა საქმე, სადაც სახეობები შეიცვალა და გაკაფულ ტყეებზე გაუვალი ქვეტყე წამოვიდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის მაყვლის ბარდები, უფრო ზევით - როდოდენდრონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყემ აღდგენის უნარი დაკარგა - ბუნებრივად ვეღარ აღდგება. კიდევ უარესადაა საქმე, სადაც ეროზიული პროცესები განვითარდა. ეს უკვე მეორადი და გაცილებით მძიმე პროცესია. მთის ტყეებიც გაჩეხვამ მათი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის შესუსტება გამოიწვია. დაიწყო ნიადაგების წარეცხვა და ღვარცოფული პროცესების განვითარება. სადაც უფრო მგრძნობიარე გრუნტია, მეწყრული სხეულები ჩამოყალიბდა და სტიქიების კერები გაჩნდა. როცა ეროზიების 28 %-იან მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სატყეო ტერიტორიების თითქმის მესამედი ამისკენაა მიდრეკილი.

გაეროს ეროვნულ სააგენტოსთან და „სატყეოსთან“ ერთად გასულ წლებში სტიქიების რისკების კუთხით მდინარეთა აუზებს ვსწავლობდით. უმძიმესი სურათია. მდინარეთა აუზები დეგრადირებულია თითქმის მთელ პერიმეტრზე. ქვეაუზების დონეზე არათუ ტყეზე ხელის ხლება აღარ შეიძლება, სასწრაფო ზომებია მისაღები ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმების აღსადგენად და ნიადაგების წარეცხვის შესაკავებლად. განსაკუთრებით - დასახლებების სიახლოვეს, სადაც ტყის დეგრადაციას გადაძოვება ემატება და მდინარის სათავეებთან, სადაც ყველაზე მგრძნობიარე ეკოსისტემები დავაზიანეთ. აქ ჰიდროლოგია ახლოც აღარაა ბუნებრივთან. ეს ჩვენი უნიკალური ხეობები ბევრ ადგილას „დაძრულია“, პირდაპირი მნიშვნელობით და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე, მუნიციპალურ და რეგიონულ ცენტრებზე. მთელი ეს მექანიზმი შეიძლება ერთ რიგით გაწვიმებაზე ამოქმედდეს.

387483248-1287601411912440-923366705992363599-n-1705564321.jpg

_ აქამდე როგორ მოვედით და ამის კონტროლი დღეს რატომ ვერ ხერხდება?

_ ეს ნაწილობრივ 30-წლიანი მემკვიდრეობაა, მაგრამ არანაკლები დოზით - დღვანდელი პროცესებისა და მიმდინარე ძლიერი ანთროპოგენური ზეწოლის შედეგი. თავად სატყეო დარგი მუდმივად ექსპერიმენტების მსხვერპლი იყო და დაუგეგმავი, უსისტემო და უმართავი ტყითსარგებლობაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. 2013 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რაც იყო პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება სატყეო დარგის თანმიმდევრული რეფორმირების შესახებ. სულ რაღაც სამი წლის წინ დამტკიცდა ტყის ახალი კოდექსიც, რომელმაც შექმნა საკმაოდ რთული და ამბიციური სამართლებრივი ჩარჩო, არა მარტო სატყეო დარგისთვის, არამედ ენერგეტიკის, ბუნებრივი კატასტროფების მართვის, სოფლის განვითარების, ეკონომიკის და სხვა სექტორებისთვის. პირველ რიგში, უარი ითქვა, ე.წ. სოციალურ ჭრაზე.

_ სოციალური ჭრა მხოლოდ საქართველოშია, ხომ?

_ სატყეო საქმეში ეს მართლაც „უნიკალური“ მოვლენაა. ჭრა სამეურნეო ღონისძიებაა და „სოციალური ჭრა“ ისეთივე აბსურდია, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, „სოციალური ხვნა“, ან „სოციალური თესვა“. საბედნიეროდ, 2026 წლის 1-ელ იანვრიდან ეს პრაქტიკა აღარ იარსებებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ქვეყანაში საკმაოდ მძლავრი სატყეო რეფორმა მიმდინარეობს, რომელსაც აქვს სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერა. თუმცა, რეფორმის წარმატება და ტყის კოდექსით დამტკიცებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულება ერთი უწყების კომპეტენციას ცდება და სამწუხაროდ, არ ჩანს შემხვედრი მოქმედებები სოციალურ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

_ ისევ შეშამდე და ენერგეტიკამდე მივდივართ.

_ ასეა. ვიცით, რომ შეშას რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიხმარს. სხვადასხვა კვლევებით, ეს არის მოსახლეობის 60-დან 90 %-მდე. საშეშე ხე-ტყეზე არსებული მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე ის ენერგეტიკული რესურსი, რისი მოცემაც ტყეს შეუძლია. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ და ოფიციალური სტატისტიკისთვის ჯეოსტატს მოვიშველიებთ, მაგალითად, 2021 წელს მოსახლეობამ 1.800.000-მდე კუბური მეტრი შეშა მოიხმარა. ამავე წელიწადს სახელმწიფომ გასცა ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ 277.000 კუბური მეტრი, ანუ 6-ჯერ ნაკლები. ამ მარტივი ანალიზით, 2021 წელს ბაზარზე არსებული შეშის ხუთი მეექვსედი იყო გაურკვეველი წარმოშობის.

ახლა ამას მეტყევის თვალით შევხედოთ: თუ წლის განმავლობაში ჩატარებულმა ჭრებმა აღდგენის პოტენციალს რამდენჯერმე გადააჭარბა, მეორე წელს ეს პოტენციალი, მარტივად, ნულთან ახლოს იქნება და ვერაფრის მოჭრას ვეღარ შევძლებთ. თუმცა, თუ გათბობის სხვა ალტერნატივებს ვერ შევქმნით და მოთხოვნას იგივეს დავტოვებთ, მთელ ზეწოლა ისევ იგივე ტყეებისკენ იქნება მიმართული და ნორმის გადაჭარბება არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდება. ეს ფაქტორი უკვე აუცილებელ გაუტყეურებამდე მიგვიყვანს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ტყეში ხეები აღარაა, ჩვენს ეზოებში კი მუხის, ჯაგცხრილის და ზღმარტლის პატარა კუნძებიღა ყრია. ეს სწორედ გაუტყეურების პროცესის ინდიკატორია.

_ გამოდის, რომ ეკოლოგიური კატასტროფაზე ვსაუბრობთ.

_ არა მარტო. ასევე უნდა ვისაუბროთ „ენერგეტიკულ შიმშილზეც“, როცა ტრადიციული ენერგორესურსები ამოწურულია, მოსახლეობას კი არ აქვს შესაძლებლობა, გადავიდეს ალტერნატიულ ენერგიაზე, რაც ქმნის სასიცოცხლო რესურსის გარეშე ოჯახების დარჩენის საფრთხეს.

_ თუ ასეა, რეფორმის წარმატება-წარუმატებლობა რაში გამოიხატება?

_ ახალი ტყის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღებით, სახელმწიფომ, მსოფლიოს სხვადასხვა პრაქტიკებიდან ერთ-ერთი მოდელი შეარჩია და მთელი ძალისხმევა ამისკენ მიმართა. ეს კარგია. შედეგად, იქმნება სახელმწიფო სატყეო მეურნეობა, შენდება „საქმიანი ეზოები“, რამაც 2026 წლიდან სოციალური ჭრა უნდა ჩაანაცვლოს და შეშაზე არსებული მოთხოვნა ტყითსარგებლობის მდგრადი მეთოდებით დააკმაყოფილოს. ეს ყველაფერი - დამაიმედებელია, მაგრამ როგორც კი ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში ვიხედებით და ენერგომოხმარებაში შეშის წილის არსებულ მონაცემებს ვაანალიზებთ, ძალიან პესიმისტურ დასკვნებამდე მივდივართ.

საქმიანი ეზოების ქსელი, იდეალური ფუნქციონირების შემთხვევაშიც კი, სათბობ რესურსებზე არსებული მოთხოვნის ძალიან მცირე ნაწილს დააკმაყოფილებს და საუკეთესო შემთხვევაში, დღევანდელი სოციალური ჭრების მოცულობის ფარგლებში დარჩება. ისიც დიდი მიღწევა იქნება, თუ 277,000 კუბურ მეტრ სოციალურ შეშას მდგრადი სატყეო ბიომასით ჩავანაცვლებთ, მაგრამ რა პასუხი გვაქვს დარჩენილ მოთხოვნაზე, რომელიც, შემცირების საუკეთესო დინამიკის გათვალისწინებითაც ისევ მილიონი მეტრ-კუბის ფარგლებში რჩება?

ამაზე პასუხი უკვე გარემოს დაცვისა და სატყეო სექტორში არ უდნა ვეძებოთ. ეს არის სათბობი რესურსების დეფიციტი, ენერგეტიკული კრიზისი და მასზე ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. დღევანდელი სატყეო რეფორმა არის ერთგვარი შეთანხმება იმაზე, რომ ტყიდან გამოტანილმა შეშამ აღარ უნდა გადააჭარბოს ტყის პოტენციალს. მაშინ რითი უნდა ჩანაცვლდეს დარჩენილი მილიონი მეტრ-კუბი? და მეორეც: იმ შემთხვევაში, თუ „საქმიან ეზოებს“ სოციალურ ტვირთს დავაკისრებთ და მისგან სოციალური ფასების დადგენას, ანუ წაგებაზე მუშაობას მოვითხოვთ, მაშინ წინასწარ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სახელმწიფო სატყეო მეურნეობა პირველივე წელს გაკოტრდება და მძლავრი სუბსიდირების გარეშე ვერ იფუნქციონირებს.

აქ უკვე საქმე გვაქვს სახელმწიფო ფუნქციების აღრევასთან. სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია ტყეების მართვაზე და არ უნდა იღებდეს ვალდებულებებს სოციალური პოლიტიკის გატარებაზე, ან ენერგეტიკული კრიზისის დაძლევზე. პირველი ფუქნციის შესრულებისთვის ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, მეორესთვის კი - ეკონომიკის სამინისტროები, სადაც ამ მხრივ რეალურად არაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში, არანაირი გეგმა არ არსებობს არც 2026 და არც 2030 წლისთვის.

416425373-277633081999030-1450467498106008305-n-1705564400.jpg

_ კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება, თუნდაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ან ჯანდაცვის სამინისტროში?

_ თუ სოციალურ სერვისებზეა საუბარი, ეს ფუნქცია სწორედ შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებას უნდა დაეკისროს და თუნდაც შეშის სოციალურ და კომერციულ ფასს შორის სხვაობა მის მიერ დასუბსიდირდეს. სატყეო სააგენტოს ამით მიეცემა თვითკმარი სახელმწიფო მეურნეობის განვითარების საშუალება, რაც მდგრად ტყითსარგებლობასთან ერთად, მის დაცვას და მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს. ელემენტარულად, შეძლებს მეტყევეებისთვის ღირსეული ანაზღაურების გადახდას, რაც ნამდვილად აუცილებელი პირობაა ამ დარგის გამართული ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება ენერგეტიკული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ამაზე პასუხი ნაწილობრივ ნაპოვნი და სახელმწიფო მიერ აღიარებულიცაა. ესაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ ინიცირებული და სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების თანამონაწილეობით მიმდინარე სატყეო პროგრამა, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებს და სახელმწიფო სატყეო მეურნეობის გამართვასთან ერთად, ენერგეტიკულ რეფორმასაც ახორციელებს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა და მეორე მხრივ, მცირდება ტყის დეგრადაციის მთავარი ფაქტორი - ენერგეტიკული ზეწოლა ტყეებზე. ამისთვის შერჩეულია მარტივი, მაგრამ სწრაფი შედეგის მომტანი მეთოდი - არსებულ ღუმელებს ვანაცვლებთ ბევრად უკეთესით, რომელიც, სხვათა შორის, უკვე საქართველოში იწარმოება. ესაა 10,000-ობით ღუმელი, რამაც შეშის მოხმარება უნდა გაანახევროს. ოღონდ ეს ხდება მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში.

სატყეო ნაწილში ეს პროცესი ადეკვატურადაა ასახული - საქმიანი ეზოების ქსელი ეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო ბიუჯეტირების გარდა, სხვადასხვა დონორები აფინანსებენ სატყეო მეურნეობებს სხვადასხვა რეგიონში. ფაქტობრივად, სახელწიფო და საერთაშორისო ფინანსური რესურსები გადანაწილებულია იმ პრინციპით, რომ ახლო მომავალში მოხერხდეს მთელი ქვეყნის დაფარვა.

შესაბამისად, მთავარი კითხვებიც არა გარემოსდაცვით, არამედ ენერგეტიკულ სექტორზე მოდის: თუ გადაწყვეტის გზები უკვე ნაპოვნია და ამაზე ყველა თანხმდება - მთავრობა, პარლამენტი, ფინანსთა სამინისტრო, დონორები, მაშინ რატომ არ ვიწყებთ სათბობი რესურსების შემცირების ანალოგიურ ღონისძიებებს დარჩენილ 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში და რას იზამს ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, თუ სოციალური ჭრების აკრძალვის შემდეგ საკმარისი მოცულობის შეშას ვერ მიიღებს?

_ ამ პერსპექტივით, რა იქნება 2026 წელს?

_ დავუშვათ, რომ 8 მუნიციპალიტეტში პროგრამულად მიმდინარე პროცესები დასრულდა წარმატებით. შეზღუდული გეოგრაფიის პირობებში, მისი შედეგი იქნება ტყეებზე ზეწოლის შემცირება სულ რაღაც 10-20 %-ის ფარგლებში. ეს სურათს პრაქტიკულად არ შეცვლის, რადგან ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება დრამატული სხვაობა შეშის მოხმარებასა და მიწოდებას შორის.

- ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პროგრამის მთელი ქვეყნის მასტაბით განხორციელება დიდ საბიუჯეტო სახსრებთანაა დაკავშირებული, ახალი ფინანსური ტვირთების აღებას კი ხელისუფლება ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდება.

- შეგვიძლია ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სწორედ შეზღუდული დაფინანსება ჩავთვალოთ. რეფორმა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც დაწყებულია და ბოლო წლებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თუ სხვა საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, არაერთი სტრატეგიული თუ მარეგულირებელი დოკუმენტია მიღებული. ამავდორულად, აღსრულების ნაწილში ნაბიჯები ძალიან ფრთხილად იდგმება და ამის მიზეზი შეიძლება სწორედ ფინანსური ტვირთების შიშია. თუმცა, მარტივი ფინანსური ანალიზითაც, ეს შიში უსაფუძვლო და გადაჭარბებული გამოვა.

ენერგეტიკის სექტორი გაზის სუბსიდირებაში ყოველწლიურად სულ ცოტა 750 მილიონ ლარს ხარჯავს. თუ შეშის დეფიციტის გამო ასი ათასობით ოჯახს ახლო მომავალში შეშიდან ბუნებრივ აირზე გადასვლა მოუწევს, დამატებითი, დეფიციტური გაზის მოხმარების სუბსიდირება კიდევ ათეულობით მილიონით გაიზრდება. ამის ზუსტი დათვლა ხელისუფლებისთვის საკმაოდ ადვილია.

ახლა უხეშად დავთვალოთ, რა დაჯდება ღუმელების პროგრამა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ერთი ღუმელის თანადაფინანსება 200 ლარამდეა. 100,000 ღუმელი 5 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს თანხა წელიწადში 4 მილიონი ლარია. შეიძლება სოლიდური თანხაა, მაგრამ მართლა ძალიან ცოტაა 750 მილიონთან შედარებით, რამაც, „ენერგეტიკული შიმშილის“ პირობებში, შეიძლება მილიარდსაც გადააჭარბოს.

კარგი იქნება, თუ უფრო კვალიფიციური ფინანსური ანალიზის გაკეთების დროს დავამატებთ იმ ხარჯებსაც, რაც სახელმწიფოს და მოსახლეობას ტყის დეგრადიაციით გამოწვეული სტიქიების შედეგად ადგება. აქაც ასობით მილიონზეა საუბარი. ასევე შეგვიძლია დავამატოთ ჯანმრთელობის ხარჯებიც, რასაც ჩვენი მოძველებული ღუმელებიდან გამოსული კვამლი და ჭვარტლი იწვევს და რის გამოც რამდენიმე წლის წინ საქართველო პირველ ადგილზე იყო ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით. მოსახლეობამაც რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს მითი, რომ „ჯანმრთელი ბავშვი ჭვარტლიან ღუმელთან უნდა იზრდებოდეს“. ტრადიციული გათბობის საშუალებები უდიდესი რისკია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე არაერთხელ გამოაქვეყნა მისგან გამოწვეული უმძიმესი დაავადებების სია.

მთელ ამ ხარჯებს თუ გავაერთიანებთ, ღუმელების პროგრამა არაპროპორციულად იაფი აღმოჩნდება.

_ ალბათ, არაპროპორციულად მცირე აღმოჩნდება სატყეო სექტორის დაფინანსებაც, სადაც უკიდურესად მცირე ანაზღაურებებია.

_ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესია, როცა სატყეო რეფორმის ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს დაფინანსება ყოველწლიურად 50-60 %-ით იზრდება. თუმცა, ეს რამდენიმე მილიონიც მართლა ძალიან ცოტაა ჩვენ მიერ მოყვანილ ციფრებთან შედარებით და აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

ავტორი: ლალი ფაცია

myquiz