გრიფით "სრულიად საიდუმლოდ":მიწისქვეშა თბილისი - 1300-მეტრიანი გვირაბი, რომელიც ატომურ დარტყმას უძლებს | Allnews.Ge

გრიფით "სრულიად საიდუმლოდ":მიწისქვეშა თბილისი - 1300-მეტრიანი გვირაბი, რომელიც ატომურ დარტყმას უძლებს

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან(2020 წლის მარტი), რომელსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს.

თბილისში მიწისქვეშა გვირაბების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას დღესაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. მათი აგება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მშენებლობა 4 წელიწადს გაგრძელდა და ასობით გერმანელი ტყვე მონაწილეობდა. სხვადასხვა დროს მაღალჩინოსნები სწორედ ამ გვირაბებიდან უკავშირდებოდნენ კრემლს, აქ ინახებოდა საიდუმლო მასალებიც... ერთი გვირაბის სიგრძე 1300 მეტრია და ისე მყარად ნაშენია, რომ ატომურ დარტყმასაც გაუძლებს. დღეს ის მივიწყებულია, თუმცა არსებობენ დიგერები ("დიგერი" ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშნავს), რომლებიც მიწისქვეშა ქალაქს იკვლევენ.

თბილისის მთავარი ქუჩების ქვეშ პატარა ქალაქია სავენტილაციო შახტებითა და გვირაბებით, რომლებიც საგანგებო ვითარებაში თავშესაფრისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა არის თავშესაფრები, რომლებიც გასაიდუმლოებულია და შესვლა აკრძალულია. ინფორმაცია ამ თავშესაფრების შესახებ არ მოიპოვება...

ალექსი (გვარს არ ასახელებს) ათი წელია დიგერია. ამბობს, რომ თბილისში 500-ზე მეტი მიწისქვეშა თავშესაფარია და მათი დიდი ნაწილი გაძარცულია. მოპარულია ჰერმეტული კარიც, რომელიც 20 ტონას იწონიდა.

ავიღე ზურგჩანთა, ფარანი და ალექსისთან ერთად გავეშურე მიტოვებული ობიექტისკენ.

სიბნელეში შევდივართ, სიცივე უფრო და უფრო მატულობს. მე და ალექსი გზას კიბით ქვემოთ მივუყვებით. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ და გვხვდება შესასვლელი, სადაც ერთ დროს ჰერმეტული კარი იყო, დღეს კი მოპარულია. ალექსი გამოცდილი დიგერია და არ ნერვიულობს, მე კი უცნაური განცდა მეუფლება, ალბათ, შიში, მაგრამ რისი მეშინია, ვერ ვხვდები. გვირაბში პირველი ალექსი შედის, მეც უკან მივყვები. გვირაბი თანდათან ვიწროვდება და სიცივეც მატულობს. ალექსი მცირე ინფორმაციას მაწვდის თავშესაფარზე, რომელიც 200 კაცზე იყო გათვლილი. მას 2 შესასვლელი აქვს. ერთი დღეს დაკეტილია. ბუნკერში შემორჩენილია სავენტილაციო მილები, წყლის რეზერვუარები, ჰაერის ფილტრები, წყლის მილები და ორი დიზელ-გენერატორი. ობიექტი მშრალია და ნიავდება, რის გამოც მისი ფუნქციის აღდგენა მარტივია.

დერეფანი გავიარეთ და მთავარ დარბაზში მოვხვდით. აქ რამდენიმე გვირაბია, რომლებსაც მოსასვენებელ ოთახებში შევყავართ. სულ ოცამდე ოთახია - სველი წერტილებითა და საშხაპეებით. არცთუ ისე პატარა ოთახებში შემორჩენილია ორსართულიანი საწოლები, ე.წ. შპონკები. ოთახები კარგად ნიავდება. მოსასვენებელი ოთახების ნახვის შემდეგ სასადილო და პროდუქტების შემნახველი სათავსი დავათვალიერეთ... ჩემი ყურადღება ოთახებში მიმოფანტულმა აირწინაღებმა მიიქცია. ავარიული გასასვლელი გვირაბის ბოლოში კიბით სავენტილაციო შახტს უკავშირდება და პირდაპირ იმ შენობაში გადის, რომელიც გვირაბის თავზეა დაშენებული.

ალექსი: - მიწისქვეშა ობიექტებზე ბევრი ვერსია არსებობს. მაგალითად, "მეტრო 2" თბილისში (სამთავრობო მეტრო, რომელსაც ქალაქგარეთ უნდა გაეყვანა მთავრობის წევრები, გვირაბები, რომლებსაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე პარლამენტის შენობის გავლით მივყავართ). ამ საიდუმლოებით მოცულმა ობიექტებმა დამაინტერესა. საოცარი გრძნობაა, როდესაც ისეთ ადგილას ჩადიხარ, სადაც შეიძლება ჩარჩე, სადმე ჩავარდე, რამე დაგეცეს... საინტერესოა, როგორ იყო სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა დროს. ამის გასაგებად საუკეთესო ობიექტებია საქართველოში. დროთა განმავლობაში ეს ობიექტები აუცილებლად განადგურდება, ამიტომ გვინდა ისტორიას დავუტოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, საქართველოს არქივის დიდი ნაწილი განადგურებულია და ჩვენ ვცდილობთ მცირე წვლილი შევიტანოთ მის გადარჩენაში. ყველაზე პატარა თავშესაფრად 50-კაციანი ბუნკერი ითვლება, ხოლო ყველაზე დიდ ოთახში დაახლოებით 1 500 კაცი ეტეოდა. თავშესაფრის მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრია, მინიმალური - 2.

- ამ გვირაბების ტურისტული თვალსაზრისით გამოყენება თუ არის შესაძლებელი?

- ცოტა რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დიდი დრო გავიდა. 90-იან წლებში ეს ობიექტები გაიძარცვა. ფილტრაციის სისტემების გაუმართაობამ სინესტის დონე გაზარდა და ობიექტის კონსტრუქცია დააზიანა. პირვანდელი სახით ალბათ, რთული იქნება ყველაფრის აღდგენა, ბუტაფორიული ინვენტარით კი შესაძლებელია. იხილეთ სრულად

myquiz