ომები, კონფლიქტები, სტიქია, კორონაცია - 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები (სპეცპროექტი)
2023 მნიშვნელოვანი მსოფლიო გეოპოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენებით დატვირთული წელი იყო. გთავაზობთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოლენებს, რომლებიც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.
კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე წელი მძიმე აღმოჩნდა ისრაელისთვის. 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა. შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ 240-მდე ისრაელელი ტყვედ აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. თავდასხმიდან მეორე დღეს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანამ ღაზის სექტორიდან სარაკეტო დარტყმების საპასუხო ქმედებები დაიწყო.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთ-ერთ მთავარ აქტორად ირანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ჰესბოლაც“ მოგვევლინა, რამაც კონფლიქტის ესკალაციის რისკები კიდევ უფრო გაზარდა. მალევე ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია. კონფლიქტის მეოცე დღეს კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
„ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 130-ზე მეტი ადამიანი რჩება. ისრაელს არაერთი საერთაშორისო ლიდერი, მათშორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მილიარდერი ილონ მასკიც კი ეწვია. საერთაშორისო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ.
რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთ-უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო. საჰაერო თავდასხმები, შეტაკებები და დაღუპული ათასობით ადამიანი რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურობა იყო.
2023 წლის 14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპროს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მასშტაბური თავდასხმის კადრებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა და მსოფლიოს რუსეთის სისასტიკე შეახსენა.
6 ივნისს რუსეთმა უკრაინის კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა, რამაც ომში მყოფ ქვეყანას უდიდესი ფინანსური და ეკოლოგიური ზარალი მიაყენა. დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი და დაიტბორა ასობით სოფელი.
რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კერძო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის მიერ კრემლის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება იყო. 23 ივნისს პრიგოჟინის ე.წ. „სამართლიანობის მარში“ მოსკოვის მიმართულებით დაიძრა და რუსეთში ხელისუფლების შეცვლას ისახავდა მიზნად. მარში მომდევნო დღეს ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობის შედეგად შეჩერდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცების მიზნის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით 27 ქვეყანას ეწვია.
2023 წელს უკრაინას ქვეყანას ათობით ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის გამორჩეული აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ომში მყოფ უკრაინას პირველად ეწვია. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, უკრაინამ 2023 წელს რუსული ოკუპაციის დასრულება ვერ შეძლო.
ვითარება ყარაბარში
2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვისაც. მხარეებს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში სერიოზული გარდატეხა მოხდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და კრემლის მხრიდან ოფიციალური ერევნის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება საკმაოდ კარგად გამოიყენა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. 20 სექტემბერს ე.წ.მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სამხედრო შენაერთებმა და ფორმირებებმა იარაღი დამყარეს და საბრძოლო პოზიციები დატოვეს. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანი მშვიდობაა, რეგიონი ეთნიკური სომხების უმრავლესობამ დატოვა და სომხეთში გაემგზავრა.
არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა 28 სექტემბერს 2-პუნქტიან ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებედა. შესაბამისად დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და ე.წ.„რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი" იგივე არცახი არსებობას შეწყვეტს.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა
წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ევროსაბჭომ საქართველოს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირი წევრობაზე მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც დაიწყებს, თუმცა მას შემდეგ რაც ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს გაატარებს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ხანგრძლივი და კომპლექსურია, ის 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მრავალი რეფორმის განხორციელებას მოიცავს, თუმცა ნათელია, ალიანსმა მძლავრი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი ჯერი აღნიშნულ ქვეყნებზეა.
თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრა
გასულ წელს თურქეთ-სირიის საზღვარზე დაფიქსირებულმა ყველაზე ძლიერმა და დამანგრეველმა მიწისძვრამ მსოფლიო შეძრა. პირველი, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელსაც თურქეთსა და სირიაში მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად, გამთენიისას დაფიქსირდა და მე-9 დონის - „მრისხანე“ მიწისძვრად შეფასდა.
თურქეთის დაზარალებული 17 პროვინციიდან 11-ში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 107 ათასზე მეტი დაშავდა, 297 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ათასობით დაღუპულ მოქალაქეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მაშველთა ჯგუფები თურქ კოლეგებთან ერთად, ათობით დღის განმავლობაში ეძებდნენ. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთმა უძლიერესმა მიწისძვრამ ჯამში 4 მილიონი შენობა დააზიანა. დაახლოებით 345 ათასი ბინა კი სრულად გაანადგურა.
მიწისძვრების სერიას თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში წყალდიდობა მოჰყვა, რამაც ისედაც მძიმე პირობებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები
კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შედეგების გააქტიურების ფონზე 2023 წელს საკმაოდ ბევრი სტიქიური კატასტროფა დაფიქსირდა. აშშ-სა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდულად ცხელი ზაფხული იყო, რაც ტყის ხანძრების გაჩენისა და ასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ძლიერმა ტროპიკულმა ქარიშხლებმა, ტაიფუნებმა, ციკლონებმა და წყალდიდობებმა მსოფლიოს არაერთ წერტილში დიდი ადამიანური მსხვერპლი და უზარმაზარი ფინანსური ზარალი გამოიწვიეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელია და ჰაერის საშუალო წლიურმა ტემპერატურამ გასულ საუკუნესთან შედარებით 1.4 გრადუს ცელსიუსით მოიმატა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
ჩარლზ III-ის კორონაცია
2023 წელი გამორჩეული იყო გაერთიანებული სამეფოსთვისაც, სადაც ბოლო 70 წლის განმავლობაში ბრიტანეთის მონარქის კორონაციის ცერემონია პირველად გაიმართა. ჩარლზ მესამე სამეფოს მეფე დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 2022 წლის 8 სექტემბრიდან გახდა, თუმცა მონარქად კურთხევის საზეიმო ცერემონია 2023 წლის 6 მაისს გაიმართა.
კორონაციის კულმინაცია უესტმინისტერის სააბატოში შედგა, სადაც კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის სულიერი წინამძღოლია, მეფე ჩარლზს წმინდა ედვარდის 360 წლის გვირგვინი დაადგა. ისტორიული ცერემონია, რომელიც სათავეს 1066 წლიდან იღებს, 2 საათს გაგრძელდა. დედოფალ კონსორტად ჩარლზის ცოლი კამილა აკურთხეს.
კორონაციას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მილიონობით ადამიანი კი თვალყურს ეკრანებიდან ადევნებდა.
ავტორები:
ბექა ბერიაშვილი
ნატალი თვაური