საიდან მოდის ტერმინი "გათხოვება" და რას ატანდნენ მზითვში ქართველ პატარძლებს? - უძველესი საქორწინო ტრადიციები საქართველოში
საქართველოს ტრადიციულ ყოფაში ქორწინება რელიგიურ ინსტიტუტებთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული. პირველ რიგში აუცილებელი იყო, როგორც ქალისა და ვაჟის, ისე მათი ოჯახების თანხმობა. ქორწინებას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც პირველ ეტაპზე ნიშნობით/დაწინდვით გვირგვინდებოდა.
ნიშნობა ვაჟის მხრიდან ქალის ოჯახში ნიშნის მიტანას გულისხმობდა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ქორწინებისთვის. ნიშანში სამკაული, ფართლეული, საოჯახო ნივთები, ვერცხლის ფული შედიოდა. საჩუქრები იყო არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ ქალის ოჯახის ყველა წევრისთვის. შეიძლებოდა წყვილი დანიშნული სამი წელიც კი ყოფილიყო, ვინაიდან ქორწილს სერიოზული მომზადება სჭირდებოდა. ქორწილი ორივე ოჯახში იმართებოდა, ჯვრისწერის რიტუალი კი ვაჟის სოფელში.
ტრადიციულად, ქორწილების სეზონად შემოდგომა მიიჩნეოდა, რადგან ამ დროს სარჩო-საბადებელი დაბინავებული იყო და ხალხს მეტი დრო ჰქონდა. ქორწილის დღეს საინტერესო სცენები თამაშდებოდა. მაგალითად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და აჭარაში, ქალის ოჯახიდან გაყვანისას, პატარძლის სტუმრები ვაჟის მაყრიონს გზაზე გადაუდგებოდა და გარკვეულ შესაწირავს ითხოვდა. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.
ქორწილი ხეთაში, 1913 წელი
სოციალური და ქონებრივი უთანასწორობა გამორიცხული იყო. წყვილები თანაბარი შესაძლებლობებისა და სტატუსის მქონე უნდა ყოფილიყვნენ. ახალდაქორწინებულ ქალს მშობლების ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა. მაგალითად, სვანეთში არის ერთი დღე (აღდგომის ციკლს მოყვება, ამიტომ კონკრეტული თარიღი არ გააჩნია), როცა მშობლების სახლში ქალს საჩუქრებს უმზადებენ და სტუმრად იწვევენ. თუ ქალი გარდაცვლილია, მის შვილებს ეპატიჟებიან და ასაჩუქრებენ.
მთაში, როცა ქალს ერთდროულად ორი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, იმას აყოლებდნენ, ვინც ხელს პირველი ითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალს მშობლების გადაწყვეტილება არ მოსწონდა და მეორე მთხოვნელი ერჩია, მაშინ იპარებოდა, მაგრამ ასეთი ამბავი ხანდახან ტრაგიკულად სრულდებოდა, რადგან მდევარს აყოლებდნენ და ორ მხარეს შორის ჩხუბი იმართებოდა. თუ მდევარს გადაურჩებოდნენ, ქალის ოჯახი მარტივად არ პატიობდა და ხშირად მხოლოდ შვილის შეძენის შემდეგ ურიგდებოდა.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქორწინება გარიგებით იყო თუ სიყვარულით, ნებისმიერ შემთხვევეაში საჭირო იყო პირი, რომელიც ქალ-ვაჟის ურთიერთობას კანონიერ ჩარჩოში მოაქცევდა. ამ პირს სხვადასხვაგან სხვადასხვა სახელი ერქვა - შუამავალი, ელჩი, მოციქული, მაჭანკალი. ეს იყო წყვილისადმი უანგარო დახმარება, მაგრამ გაჭირვების წლებში, ეს საქმე პროფესიად იქცა და შუამავალი გასამრჯელოს იღებდა. იყო შემთხვევები, როცა მაჭანკალი თავად შეარჩევდა წყვილს და ორივე მხარესთან დადიოდა მოლაპარაკებაზე.
ინგუში მაჭანკლები იუსუფ ტამბიევთან ერთად
მზითევი, რაც ქალს მშობლების სახლიდან ეძლეოდა, მისი კერძო საკუთრება იყო და კაცის მფლობელობაში არ გადადიოდა. ზოგიერთი შეძლებული ოჯახი შვილს მიწასაც ჩუქნიდა. მზითვის ქონება ქალის შვილებს რჩებოდათ. ხშირად, ნაჩუქარი ქონება ქალს, განქორწინების შემთხვევაში, ცალკე დასახლების საშუალებას აძლევდა.
ხევსური ქალი მზითევს თავისი ხელით იმზადებდა - ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა და სკივრში ალაგებდა.