"ქართველები ისე დაეცნენ, გადალახეს სირცხვილი და თავს ლაფი დაისხეს" - როგორ წარმოებდა მონებით ვაჭრობა ძველ საქართველოში და რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე?
"და ბოლოს ქართველები ისე დაეცნენ, რომ გადალახეს სირცხვილი და თავს ლაფი დაისხეს: მამები და დედები მათ შთამომავლებს თურქებზე ყიდიდნენ! - ბევრს სხვა არაფერი საქმე არ ქონდა, გარდა ბავშვების მოპარვისა თურქებისთვის გადაცემისა. ქორწინების ცერემონიებზე და ეკლესიაშიც კი იმაზე ლოცულობდნენ, რომ მეტი მოდგმა ყოლოდათ და, შესაბამისად, მეტი ვაჭრობის საშუალება მისცემოდათ. პრინცებიც კი თავიანთ ქვეშემდრომებს შვილებს მხოლოდ იმისთვის სტაცებდნენ, რომ უმწეო ყრმები ფულად ექციათ..." - ასეთ ამონარიდს ვკითხულობთ 1793 წელს ერთ-ერთ ევროპულ გამოცემაში, სადაც ქართველთა მიერ საკუთარი თანამემამულეების ყიდვაა აღწერილი.
ადამიანებით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული, ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებიდან და საქართველო და კავკასია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
ძველ დროში თბილისი მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონული ცენტრი იყო, თუმცა მომდევნო საუკუნეებში საქართველოში უკვე ქართველებით ვაჭრობდნენ. საქართველოს ისტორიაში დღემდე გამოუკვლელია შუა საუკუნეებში ქართველი მეფეების მიერ ტყვეებისა და მონების ხელში ჩაგდების საკითხი. მონების ხსენება ქართულ და აღმოსავლურ წყაროებში იმდენად ხშირია, რომ თამამად შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი: საქართველოს სამეფოში არსებობდა უამრავი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იყო ტყვეებისა და მონების ყიდვა/გაყიდვა.
საქართველოს ტერიტორიაზე მონებით ვაჭრობა ჯერ კიდევ VI საუკუნეში იყო გავრცელებული. მაგალითად, სასანიანთა დინასტიის დროინდელი ირანის დაინტერესება ლაზიკით, წმინდა სამხედრო ინტერესების გარდა, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკურ პოტენციალზე. მაგალითად, VI საუკუნეში ლაზებზე საუბრისას ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ისინი მცირე აზიაში მცხოვრებ რომაელებთან ტყავ-საფარებით, ტყავებითა და მონებით ვაჭრობდნენ.
საქართველოს ტერიტორია მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ყოფილიყო VIII-IX საუკუნეებშიც, როდესაც არაბებს თანამედროვე რუსეთის ტერიტორიიდან უამრავი მონა მოჰყავდათ.
თუმცა ქართულ ქალაქებში მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის გავრცელება დასტურდება საქართველოს გაერთიანების შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ისა და თამარ მეფის მიერ მდიდარ ქალაქებსა და გზებზე კონტროლი მყარდება. ამასთან ერთად, სამხედრო ნადავლი სახელმწიფო შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, რომელშიც ტყვეების გაყიდვით შემოსულ მოგებას საკმაოდ დიდი მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია.
საქართველოს ტერიტორიაზე მონებით/ ტყვეებით ვაჭრობა არც მომდევნო საუკუნეებში წყდება. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი. თუ მიმოხილული მონაცემების მიხედვით, გიორგი III და თამარ მეფის პერიოდში მონებით/ ტყვეებით ვაჭრობას უშუალოდ ქართველები ხელმძღვანელობდნენ, XIV-XV საუკუნეებიდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საქართველოს სამეფოს დასუსტებამ ეკონომიკური დონის დაქვეითება გამოიწვია. დაიკარგა კონტროლი მდიდარ ქალაქებზე, რომელსაც ადრე ბაგრატიონები იქვემდებარებდნენ. შედეგად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან, ზღვით, უამრავი მონა/ ტყვე გაჰყავდათ. მონების უმრავლესობას მეგრელები და დასავლეთ საქართველოს სხვა მკვიდრნი წარმოადგენდნენ.
არაერთი წყაროთი დასტურდება, რომ საქართველოში ადამიანებით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული. როგორც ჩანს, ქართველი მეფეები ფრიად დაინტერესებულები იყვნენ ახლად დაპყრობილ ქალაქებში ტყვეების აყვანით და მათი ქართულ ქალაქებში ხშირად დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდვაში. ამ კუთხით ქალაქი თბილისი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.
რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე?
1861-1863 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მონათა საერთო რაოდენობა შეადგენდა 6700 კაცს ორივე სქესისას 1672 წელს სამეგრელოში მყოფი ჟან შარდენიც ძალზე შეწუხებული ჩანს იმით, რომ მეტად „ღარიბ და უჩვეულო“ ქვეყანაში მოხვდა, „სადაც არავითარი სურსათი არ იყიდებოდა, სადაც ფულს გასავალი არ ჰქონდა და სადაც საცხოვრებელი ბინის შოვნაც არ შეიძლებოდა“.
მისი თქმით, საშინელი სანახავი ყოფილა „უამრავი ტყვე ყველა ასაკისა და ორივე სქესისა. ერთნი ბორკილგაყრილნი, მეორენი ერთმანეთზე ორ-ორად გადაჯაჭვულნი, ავაზაკური და კაცისმკვლელის სახის მქონე ზედამხედველები აუტანელი ვითარება ყოფილა გემზე, რომლითაც ჟან შარდენს უმგზავრია. მისი თქმით, „კაპიტანი, თურქი და ქრისტიანი ვაჭრები მათ (ტყვეებს _ ა.კ.) ცვლიდნენ იარაღზე, მრავალგვარ წვრილმან საქონელზე. ისინი აძლევდნენ ყველაფერს და მაინც დიდძალ მოგებას ნახულობდნენ. მამაკაცები ოცდახუთიდან ორმოცი წლის ასაკამდე ღირდა მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ, ორმოცზე მეტი ხნის - რვიდან ათამდე, ლამაზი ქალწულები ცამეტიდან თვრამეტ წლამდე _ ოცი ეკიუ. სხვები უფრო იაფად ფასობდნენ. ქალები - თორმეტად, ბავშვები - სამ ან ოთხ ეკიუდ. ერთმა ბერძენმა ვაჭარმა, რომელსაც ბინა ჩემი ოთახის გვერდით ჰქონდა, ქალი ძუძუთა ბავშვით იყიდა თორმეტ ეკიუდ: ქალი იქნებოდა ოცდახუთი წლისა, ჰქონდა ულამაზესი ნაკვთები და ნამდვილად შროშნისფერი პირისახე, არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი გულმკერდი, ასეთი მრგვალი ყელი და საოცრად ნაზი ფერხორცი. ეს ლამაზი ქალი ერთდროულად ვნებასაც და სიბრალულსაც იწვევდა“.
ტყვეების ფასი ამ დროს თურმე იმდენად დაცემულა, რომ ზღვის სანაპიროზე საშუალო ასაკის მამაკაცის ყიდვა შეიძლებოდა მაშინდელი ფულით თუმნად, ხოლო ცამეტი-თვრამეტი წლის ქალისა - ცამეტ-ნახევარ მანეთად. განუწყვეტელმა ომიანობამ, თარეშმა და ტყვის სყიდვამ ერთ დროს აყვავებული ქვეყნის ეს ნაწილი უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა.
გამოყენებული ლიტერატურა:
რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე და როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში