იცით, საიდან გაჩნდა სახელწოდება "მალაკნების ბაზარი" და ვინ არიან მალაკნები?
"მალაკნების ბაზარი,“ "მალაკნების ხიდი,“ "მალაკნების უბანი“ - ამ ფრაზებს თბილისელების მეტყველებაში დღესაც მოისმენთ... რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან მალაკნები, რა კავშირი აქვთ თუნდაც ბაზართან თუ ხიდთან, ეს ბევრმა არ იცის.
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში რუსეთიდან რელიგიური ჯგუფის წევრების - მალაკნების გადმოსახლება დაიწყო. თავდაპირველად, ისინი რიყეზე სახლდებოდნენ, მოგვიანებით მათი დასახლება ახალი კუკიის ტერიტორიაზე გაჩნდა, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი ჰქონდათ. ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა, რომელიც რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და "საბჭოს ქუჩის“ შესაყართან მდებარეობდა. ის "მალაკნების საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და 1860-იან წლებში იყო დაარსებული.
მალაკნები ძირითადად მედროგეები და მეეტლეები იყვნენ. ბაზარში თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და რძით ვაჭრობდნენ. თბილისელი მალაკნები, ძირითადად, ხელოსნობას მისდევდნენ, რაიონში დასახლებულები კი - სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეფუტკრეობას.
როგორც უკვე ვთქვით, "მალაკნების ბაზრის" სახელი ადგილს, სადაც ის არსებობდა, დღემდე შემორჩა, ხოლო "მალაკნების ხიდს“ კი იმ ტერიტორიის სიახლოვეს არსებულ სარკინიგზო ხიდს უწოდებენ.
პრეისტორია
რუსეთის ხელისუფლების მიერ, 1830 წელს გამოცემული სამთავრობო განკარგულებით, "მალაკნები“ ამიერკავკასიაში გადაასახლეს. საქართველოში თბილისის გარდა, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკასა (ილიაწმინდა) და საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნოგორკაში (სათაფლე) დასახლდნენ. დღეს მათი რიცხვი საქართველოში ძალიან შემცირდა.
უმეტესი მათგანი საცხოვრებლად რუსეთში, სარატოვის ოლქში გადავიდა, საიდანაც მათი წინაპრები 1876-1878 წლებში რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ გამოაძევა.
დევნის მიზეზიმალაკნები იმპერატორს ღვთისგან ცხებულ მეფედ არ აღიარებდნენ, თუმცა მორჩილებას უცხადებდნენ და მის მიმართ ლოცვებსაც აღავლენდნენ. ამას თან დაერთო ცნობილი საეკლესიო განხეთქილებაც. XVII საუკუნეში რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა საეკლესიო რეფორმა გაატარა, მალაკნები რუსეთის პატრიარქს არ დაემორჩილნენ.
ამ რელიგიური მიმდინარეობის წინამორბედად "დუხობორებს“ მიიჩნევენ, ჩამოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად და იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისგან დაცარიელებული იყო. მათი სოფლები რუსეთის ცენტრალური გუბერნიებისთვის დამახასიათებელი სოფლებისა და დაბების ასლს წარმოადგენდა. იხილეთ სრულად