რა ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს? - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე
სქესობრივი ცხოვრების დროს წყვილს შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას, რაც მათ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასევე, გასათვალისწინებელია უამრავი მითი, არასწორი წარმოდგენა, რაც ადამიანებს ხელს უშლის, რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეთ.
ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია გვიყვება, ძირითადად, რა ჩივილებით მიმართავენ პაციენტები, რა პრობლემებია გამოკვეთილი, როგორ ახერხებს პაციენტების დახმარებას და რა ხდება სექსუალური დისფუნქციების მიზეზი:
- ექიმი-სექსოლოგის მუშაობის სპეციფიკა ანდროლოგისა და გინეკოლოგის საქმიანობისგან განსხვავდება. ანდროლოგი, როგორც წესი, მამაკაცებთან არსებული პრობლემების შესახებ მუშაობს, გინეკოლოგი კი, პირიქით. ექიმი-სექსოლოგი მკურნალობს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. მომართვიანობა ძალიან დიდია და სხვადასხვა პრობლემაა გამოკვეთილი.
თუ ქალის სექსუალურ დისფუნქციებს ავიღებთ, ბევრი პაციენტი მყავს ვაგინიზმით, როცა სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია, ასევე ანორგაზმიით, ანუ ქალის მიერ ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა, ან ხშირი გაძნელება.
სამწუხაროდ, ქალებში ხშირია სხვა სექსუალური დისფუნქციებიც. მაგალითად, როგორებიცაა სექსუალური ლტოლვის, ანუ ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური აგზნებადობის დაქვეითება. საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა დისპარეუნია, ანუ მტკივნეული სქესობრივი აქტი. ასევე, ლუბრიკაციის ნაკლებობა, როდესაც ქალის ორგანიზმი სქესობრივი აქტის დროს საკმარისი რაოდენობის ლუბრიკანტს ვერ გამოიმუშავებს, რომლის მეშვეობითაც აქტი კომფორტულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამასაც გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა აქვს.
რაც შეეხება მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებს, აქ უდავოდ ლიდერი ერექციული დისფუნქცია, ანუ ერექციის დარღვევაა, რომლის უამრავი მიზეზის შედეგად შეიძლება არსებობდეს და კლინიკური მიმდინარეობაც განსხვავებული აქვს. გამომწვევი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მამაკაცებში ხშირი პრობლემაა ნაადრევი ეაკულაცია, ანუ სპერმის გამოყოფის იმდენად აჩქარება, რომ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის. დისკომფორტი კი დისტრესის მიზეზი ხდება. მამაკაცების შემთხვევაშიც ლიბიდოს დაქვეითება ხშირი პრობლემაა. ასევე, ეაუკულაციის გაძნელება, ან საერთოდ ორგაზმის მიუღწევლობა. ამიტომ, მომართვიანობა მსგავსი დარღვევებით ხშირია, რასაც სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა სჭირდება.
- ხშირად წყვილები პრობლემის დროს გინეკოლოგს, უროლოგს, ფსიქოლოგს მიმართავენ - კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მკითხველს, რა ტიპის პრობლემის დროს უნდა მივიდნენ ექიმ-სექსოლოგთან?
- პაციენტებისაგან ხშირად გვესმის, რომ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, არ იციან, სად, ვისთან მივიდნენ და ასე შემდეგ. ამავდროულად, ძალიან ლეგიტიმური ინტერესია, როგორი სპეციალისტია კონკრეტული ექიმი, რა ტიპის გამოცდილება, შედეგები აქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს ზოგჯერ ფიქრი ეზარებათ. როცა ადამიანს სექსუალური დისფუნქცია აქვს, რატომ უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ან უროლოგთან, არ მესმის, თუ კიდევ რაიმე სხვა არ აწუხებს. თუ შარდვაა დარღვეული, ან ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უროლოგთან, გინეკოლოგთან უნდა მიხვიდე და მერე მიმართო სექსოლოგს.
ჯერ გინეკოლოგიური, უროლოგიური დაავადებები უნდა იყოს განკურნებული და მხოლოდ მომდევნო ეტაპზე შეუდგეს სექსუალური დისფუნქციის მოგვარებას. მაგრამ, როცა პაციენტს სექსუალური დისფუნქციაა აქვს და ამ თვალსაზრისით ექმნება პრობლემა, რატომ უნდა წავიდეს სხვა სპეციალისტთან? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, ბევრი უროლოგი, გინეკოლოგი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი ექიმები არიან და განსაკუთრებით მიყვარს. მაგრამ ნებისმიერ სფეროზე საუბრისას უნდა გაგვახსენდეს, რომ "პურს მეპურე აცხობს". ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მის კომპეტენციაში შედის. სამწუხაროდ, ხშირია არაკვალიფიცირებული მიდგომები და ამიტომ გვაქვს ამდენი გართულებული შემთხვევა. როდესაც ექიმი ხედავს, რომ პრობლემა სხვა პროფილისაა, კოლეგას დახმარება უნდა სთხოვოს და პაციენტი დააკვალიანოს, ვისთან შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა. პაციენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვინც სექსუალური პრობლემის სამკურნალოდ ფსიქოლოგს მიმართავს, არასწორად იქცევა.
- რას ნიშნავს წყვილს შორის სქესობრივი შეუთავსებლობა და ძირითადად, რა იწვევს ხოლმე მას?
- ამ პროცესს პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია ჰქვია. ქალისა და მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, თავისთავად, დისჰარმონიას იწვევს. უფრო ზუსტად კი, ეს სექსუალური დისფუნქციის შედეგია. მაგრამ, საინტერესოა შემთხვევები, როდესაც არც ქალს აქვს სექსუალური დისფუნქცია და არც მამაკაცს, მაგრამ დისჰარმონია მაინც არსებობს. ასეთ დროს სექსოლოგის ჩარევა აუცილებელია. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში კლინიკური სექსოლოგიის მიმართულებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეს იშვიათი გამონაკლისებია: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. შესაბამისად, პრობლემები გადაუჭრელად რჩება. განაგრძეთ კითხვა