"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს, რომელმაც მაშველები გამოიძახა" - მაშველის კურიოზები
"ჩვენი გმირი", - ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს. იგი 12 წელზე მეტია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს და პროფესიონალიზმით, თავდადებითა და საქმისადმი ერთგულებით, ბევრჯერ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. 18 წლის იყო, ამ სისტემაში მუშაობა რომ დაიწყო, მას მერე ბევრჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრჯერ რისკზეც წასულა. ის ჟურნალ “გზასთან“ სახიფათო ამბებთან ერთად, სახალისო ისტორიასაც იხსენებს:
- სამორიგეოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ბინაში ახალგაზრდა ქალი იყო ჩაკეტილი და დახმარებას ითხოვდნენ. მივედით შემთხვევის ადგილზე, კართან დგას ამ ქალის მეუღლე და შველას ითხოვს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თურმე მან დარეკა 112-ში. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, მაშველმა ზედა სართულიდან შეაღწია ბინაში და ვხედავ, კარს არ აღებს. ვურეკავ და გაკვირვებული ვეკითხები, რა ხდება? რატომ არ აღებ კარს? კართან ვდგავართ მე და მისი მეუღლე. ჩემი კოლეგა მეუბნება, მიდი, ცოტა გვერდზე გაიწიე, შენთან რაღაც სალაპარაკო მაქვსო. - რა ხდება? ისევ ვეკითხები. აქ, ამ გოგოსთან ერთად ბინაში კაციაო. თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავს მოყვანილი და ამიტომ არ უღებდა კარს და ვერც მაშველი აღებდა ამის გამო კარს.
- მაშველის ფორმა ხომ არ ჩააცვით ქალის საყვარელს? - დიახ, ნამდვილად ჩავაცვით ჩვენი ფორმა და გადავუშვით თოკით აივნიდან და იქიდან გადავაპარეთ. მიწაზე როგორც კი დადგა ფეხი კაცმა, იქიდან ელვის სისწრაფით გაქრა. იქ აღარ გამოჩენილა. ამის მერე მაშველმა გააღო კარი და დასრულდა ოპერაცია. ბოლოს ემოციური შეხვედრაც ვნახეთ, ქმარი ჩაეხუტა თავის ცოლს და უთხრა, - ვაიმე, როგორ ვინერვიულეო. ერთად დავტოვეთ ისინი და წამოვედით ისე, რომ ქმარს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია.