"ქართველებსა და ინგუშებს შორის მეგობრობა კი არა, ძმობა იყო" - რას იხსენებს ინგუში ისტორიკოსი ისა კოძოევი ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებზე? | Allnews.Ge

"ქართველებსა და ინგუშებს შორის მეგობრობა კი არა, ძმობა იყო" - რას იხსენებს ინგუში ისტორიკოსი ისა კოძოევი ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებზე?

მასზე არაერთი ვიდეო და დოკუმენტური ჩანაწერი მინახავს, თუ როგორ მოწიწებითა და სიყვარულით საუბრობს ქართველებზე, საქართველოზე... იხსენებს იმ წლებს, როდესაც საბჭოთა სისტემა ერებს შორის შუღლის ფარულად გაღვივებას ცდილობდა, უმეტესად მიაღწია ჩანაფიქრს, მაგრამ ქართველებისა და ინგუშების შემთხვევაში - ვერ, რაზეც ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი - ისა კოძოევი (კოაძოი) სიამაყით ამბობს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც წლების წინ ყველაზე მყარი კირქვით, გულწრფელი სიყვარულითა და მადლიერებით ნაშენები ურთიერთობა იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ საბჭოთა სისტემამაც კი ვერ დაანგრია.

საუბრის დაწყებამდე მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ქართველთან ურთიერთობისთვის ძალას ყოველთვის პოულობს... ჟურნალი "გზა" მას ინგუშეთში დაუკავშირდა.

screenshot-2023-11-04-105337-1699080835-1699082286.png

- ქართველებსა და ინგუშებს შორის მეგობრობა კი არა, ძმობა იყო. მეგობრობა მაინც, ზერელედ ნათქვამი მგონია - ჩვენმა ძმობამ საუკუნეების ქარტეხილებს, უამრავ პროვოკაციასა და განზრახ ჩამოგდებულ შუღლს გაუძლო. ორივე ერმა უმძიმე გზა გამოიარა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც შემოგვრჩა, ის სუფთა წარსული, ურთიერთობები და სიყვარულია.

ჩვენ ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, სხვადასხვა რელიგიით, მაგრამ ერთნაირი სულითა და თვისებებით. ინგუშებმა წინაპრებისგან ვიცით, რომ ადრეულ წლებში, საუკუნეების წინ, საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ვცხოვრობდით.

გვიანდელი, თამარ მეფის დროინდელი ისტორია ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაზე უფრო მეტს გვიყვება. ინგუშებში ასეთი გამოთქმა არსებობს, თამარ მეფე ჩვენი ნათესავიაო. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ ნებისმიერ ომში, რომელიც საქართველოში ან საქართველოსთან იყო, ინგუშები მონაწილეობდნენ. მეომართა ჯგუფი იკვრებოდა და ქართველ მებრძოლებს უერთდებოდნენ, ასე გრძელდებოდა მე-17 საუკუნემდე.

ამიტომაც ამბობენ ინგუშები, - საქართველოში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სამშობლოშიო. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ოღონდ ზოგადი კი არა, გულითადი, მშობლიური. ისეთი, შენგან მოშორებით მცხოვრებ საკუთარი ოჯახის წევრს რომ მოიკითხავ... როდესაც მტერი თავს გვესხმოდა და გასასვლელებს გვიკეტავდა, მხოლოდ საქართველოსკენ გასასვლელი გზა გვრჩებოდა - ეს კი გადარჩენას ნიშნავდა, რადგან ქართველები ყოველთვის გვიწვდიდნენ დახმარების ხელს, მხარს გვიჭერდნენ ომსა და მშვიდობაში.

როდესაც ინგუშები თავდამსხმელებისგან თავიანთ მიწას ათავისუფლებდნენ, დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენების ერთ-ერთი მეთაური ხევსურეთში გადასულა და ადგილობრივები არა მარტო შეიარაღებით დაეხმარნენ, არამედ ცოცხალი ძალითაც... ეს ყველაფერი ახსოვთ ინგუშებს, ქართველებს "სისხლით გადარჩენილებს" ვეძახით.

screenshot-2023-11-04-105346-1699080836-1699082308.png

- რას ნიშნავს ეს?

- მათ, ვინც ჩვენ გამო სისხლი დაღვარა და არც ჩვენ გვენანება მათთვის სიცოცხლე. ამიტომ ვთქვი, ჩვენი ურთიერთობა დრომ გამოცადა, საუკუნეებითაა გამყარებული.

ახლა ისეთ რამეს გეტყვით, შესაძლოა იფიქროთ, ეს ბერიკაცი რას ამბობსო? მაგრამ ქართველებსა და ინგუშებს, განსხვავებული რელიგიის მიუხედავად, ერთნაირად უყვართ ღმერთი. კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ - ქართველები და ინგუშები ვართ. ერთნაირად გამოვიყურებით, ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენს ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი ჩქეფს. ალბათ, ღმერთი, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა, რასაც აკეთებდა.

ინგუშები ქრისტიანულ რელიგიას ქართველების გავლენით, მათი სიყვარულით სცემენ პატივს. ჩრდილოეთ კავკასიის გაქრისტიანებას გამუდმებით ცდილობდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა, სამაგიეროდ, მუსლიმან და ქრისტიან ერებს შორის სიყვარული და ნდობა ვერ მოშალეს.

- ამბობენ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს, დაბრუნების შემდეგ, ქართველებმა მათ მოვლილი სახლ-კარი დაახვედრეს და უსიტყვოდ დაუთმესო.

- დიახ, ინგუში ხალხი 1944 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, მათ სახლებში კი ქართველები, დაღესტნელები, ოსები და სხვა ერის წარმომადგენლები შეასახლეს. ჩასახლებული ქართველებიდან, უმეტესად ხევსურები იყვნენ. ინგუშეთის მაღალმთიანი ნაწილი, ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონთან ერთად, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შეიყვანეს და ახალხევის რაიონი უწოდეს... ის პერიოდი ჩვენი ხალხისთვის ცალკე ტრაგედია იყო. თუმცა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1956 წლიდან ჩვენმა ხალხმა შუა აზიიდან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ უსახლკაროდ დარჩნენ. მათ სახლებში ხომ სხვები ცხოვრობდნენ და ვინმეს ძალით გამოსახლება აკრძალული ჰქონდათ. საერთო საცხოვრებლებსა და რაღაც შენობებში გამოუყვეს ფართობები. სხვებმა ძალიან რთულად, იარაღის მუქარის შედეგად დაგვიბრუნეს სახლები. ოსებმა, ფაქტობრივად, რამდენიმე რაიონი მიითვისეს. მახსოვს, ცხენოსანთა არმიით დაგვხვდნენ, - ხელისუფლებამ გვიბრძანა, სოფელში არ შემოგიშვათ. საიდანაც ჩამოხვედით, იქ დაბრუნდითო. თან მღეროდნენ... მაინც შევედით სოფელში, ჩვენს სახლებში. იხილეთ სრულად

myquiz