ვინ არის კაცი, რომელიც 15 წელია ფულის გარეშე ცხოვრობს? - რატომ თქვა უარი მარკ ბოილმა სახლზე, ინტერნეტზე, ფულსა და ყველა თანამედროვე გამოგონებაზე? | Allnews.Ge

ვინ არის კაცი, რომელიც 15 წელია ფულის გარეშე ცხოვრობს? - რატომ თქვა უარი მარკ ბოილმა სახლზე, ინტერნეტზე, ფულსა და ყველა თანამედროვე გამოგონებაზე?

ფული, ხელფასი, კრედიტი, განვადება, ვალი, სესხი... - ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ხშირად არის მომენტები, როდესაც ძალიან მოსაბეზრებელი ხდება და ცუდ განწყობაზე გვაყენებს. ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რატომ ვისტრესავთ თავს ამდენი ფინანსური ანაგარიშსწორებით და როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მათ გარეშე.

დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე მოგიყვებით, რომელიც XXI საუკუნეში არც მეტი, არც ნაკლები ფულის გარეშე ცხოვრობს!

ირლანდიელი მარკ ბოილი 2008 წლიდან ფულს აღარ იყენებს და ამის შესახებ წიგნებს წერს.

telemmglpict000192374532-1-trans-nvbqzqnjv4bq6j-ss6xxsfn3thgskce5hpoa9j9-gt-q85jahlfdy1g-1698051642.jpeg

ბოილი განათლებით ეკონომისტია და 6 წელი ორგანული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის მენეჯერად მუშაობდა. მისი ცხოვრება 2007 წლის შემოდგომაზე შეიცვალა, როცა ის მეგობართან ღვინოს სვამდა და მსოფლიო პრობლემებსა და მათი გადაჭრის მეთოდებზე მსჯელობდა. სწორედ მაშინ მიხვდა კაცი, რომ პრობლემების უმეტესობის საფუძველს სწორედ ფული წარმოადგენს. მალევე მას მაჰათმა განდის ციტატაც გაახსენდა „იყავი ის ცვლილება, რომლის ნახვაც გსურს“.

ირლანდიელმა გადაწყვიტა საკუთარ მაგალითზე გაერკვია როგორია ფულის გარეშე ცხოვრება. მან საკუთარი სახლი გაყიდა და ფურგონში დასახლდა, რომელიც უფასოდ მისცეს, მას შემდეგ რაც მან თავისი გეგმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ბოილს ასევე მზის ბატარეები აქვს, შხაპი კი ქუჩაში, ხეზე პაკეტის დაკიდებით მოაწყო. საკვების მოსამზადებლად მან პრიმიტიული ღუმელიც მოაწყო და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ამის შემდეგ ის მხოლოდ იმას ჭამდა, რასაც ბუნებაში თვითონვე პოულობდა. მუშაობდა ფერმაზე, ოღონდ ხელფასის ნაცვლად იქვე ბოსტნეულის მოყვანის უფლებას იღებდა. 2010 წელს ბოილმა თავისი პირველი წიგნიც გამოაქვეყნა „ადამიანი ფულის გარეშე – თავისუფალი ეკონომიკური ცხოვრების ერთი წელი“, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.

mark-boyle-2009-cropped2-1698051664.jpg

„ახლა მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ოდესმე მყოლია. რაც ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, ავად არ გავმხდარვარ. მივხვდი, რომ ნამდვილი უსაფრთხოება მეგობრებია და არა ფული. სიღარიბის უმეტესი შემთხვევა დედამიწაზე ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ნამდვილი დამოუკიდებლობა ურთიერთდამოკიდებულებაა“, – ამბობს ბოილი.

mark-boyle-moneyless-man-lead-1698051687.jpg

2017 წელს მან ასევე „ინდუსტრიალიზაციის ნივთებზე“ თქვა უარი. თავს არიდებს თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეულ გაჯეტებს, ელექტროენერგიას, ინტერნეტს, რადიოს. ირლანდიელი აღიარებს, რომ ცხოვრების ეს სტილი ყველასთვის არ არის, მაგრამ იმედი აქვს, რომ თავისი მაგალითით რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთაგონებას შეძლებს უარი თქვან „ფულზე დამოკიდებულებაზე“.

mark-boyle-the-moneyless-008-1698051712.webp

გთავაზობთ ამონარიდებს 2018 წელს Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც მარკ ბოილი საკუთარ ხედვებს გვიზიარებს:

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე, რომელმაც ტექნოლოგიები ნაადრევად ავითვისე, ასევე ნაადრევად ვიტყოდი მათზე უარს. უკვე წლებია, რაც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ტელეფონით არ მისაუბრია, ანტისოციალურ ქსელებში არ შევსულვარ, ტექსტური შეტყობინება არ გამიგზავნია, ელფოსტა არ შემიმოწმებია, ინტერნეტში არაფერი მიძებნია, ფოტო არ გადამიღია და ელექტრონული მუსიკა არ მომისმენია. ვცხოვრობ და ვმუშაობ პატარა ფერმაზე ელექტროობის, წიაღისეული საწვავისა და წყალგაყვანილობის გარეშე და ამ ერთმა წელმა ბევრი რამ დამანახა - ბუნების, სამყაროს, საზოგადოების, ჩვენი საერთო კულტურისა და იმის შესახებ, რასაც ადამიანად ყოფნა ჰქვია ეპოქაში, სადაც მასსა და მანქანას შორის ზღვარი იშლება.

12981006-6982991-mark-boyle-39-in-his-cabin-with-a-ladder-leading-to-the-mezzanin-a-2-1556811176422-1698051731.jpg

ამ მუდმივად მზარდი ინდუსტრიალიზაციის შედეგები ცხადია: ჩვენი შემოსავლების საყოველთაო კონტროლი; ყველაფრის სტანდარტიზაცია; ველური ბუნების, ადგილობრივი მიწებისა და ჩვენი გონების დაპყრობა; კულტურული იმპერიალიზმი; სახეობათა მასობრივი გადაშენება; საზოგადოების დანაწევრება; მასობრივი ურბანიზაცია; ყველაფრის მოწამვლა, რაც კი ჯანმრთელი ცხოვრების წესს უკავშირდება; ომები რესურსებისათვის და მიწების მიტაცება;

ერთი შეხედვით, „ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე“ პირქუში და მკაცრი განაჩენია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სარგებელი ზიანს აჭარბებს. როდესაც Wi-Fi-ს უერთდები, ეთიშები - სიცოცხლეს. ესაა არჩევანი მექანიზებულ და ცოცხალ, მსუნთქავ სამყაროს შორის. არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მე ფიზიკურად და მორალურად მაჯანსაღებს.

happy-pig-2-1026x683-1698051747.png

აჯანყდი. თუ არ მოგწონს წიაღისეული საწვავის, ტყეების განადგურების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გეო-სოციალურ-ეკო-პოლიტიკური შედეგები, შეეწინააღმდეგე ინდუსტრიულ სისტემას, რომელიც ამ ყველაფერს ეფუძნება.

მიყვარს მარტივი, რთული ცხოვრება. შესაძლოა, დღეს ის არ წარმოადგენდეს რელისტურ გამოსავალს ადამიანთა უმრავლესობისათვის, მაგრამ თუკი არ მოვთოკავთ ჩვენს ვნებას ნივთების, ზრდის, დეჰუმანიზების და ტექნოლოგიების მიმართ - ჩვენი შთამომავლებისთვის „მარტივი“ ცხოვრება შესაძლოა ერთადერთ გამოსავლად იქცეს."- წერს ის.

myquiz