როგორ ხდება მშობლისთვის უფლებების ჩამორთმევა და რამდენი შეიძლება იყოს ალიმენტი? - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე | Allnews.Ge

როგორ ხდება მშობლისთვის უფლებების ჩამორთმევა და რამდენი შეიძლება იყოს ალიმენტი? - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი მკითხველის შეკითხვებს კომპეტენტურ პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- ვარ ოფიციალურ ქორწინებაში, მაგრამ მეუღლესთან წლებია არ ვცხოვრობ. გვყავს სრულწლოვანი ვაჟი. ვართ დევნილები, ერთად ცხოვრების დროს მოგვცეს ბინა დევნილთა დასახლებაში, თუმცა ჩემს შვილთან ერთად წამოსვლამ მომიწია. სასამართლოს რომ მივმართო, მისცემენ თუ არა წილს ჩემს შვილს? ქონება ქმრის სახელზეა.

- ძალიან ზოგადი კითხვაა, ზოგადი გარემოების აღწერით, თუ საცხოვრებელი გადმოგეცათ როგორც დევნილებს, მხოლოდ ერთ პირს არ გადაეცემოდა, უნდა ყოფილიყო აღწერა, თუ ვისზე იყო გათვლილი კონკრეტული საცხოვრებელი, ვინაიდან ისე გამოდის, რომ თქვენ ისევ დაუბინავებელი რჩებით და საცხოვრისით მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს. როგორც წესი, აღნიშნული ბინის თანამესაკუთრეებად უნდა ასახულიყავით თქვენც და თქვენი შვილიც.

- მყავს 13 წლის შვილი, 12 წელია ქმარს გავშორდი, არასდროს აქცევდა ყურადღებას ბავშვს. თუ დარეკავდა, ისიც ათასში ერთხელ. 5 წელია საერთოდ გაქრა, არც ალიმენტი გადაუხდია არასდროს. მინდა მამობის უფლების ჩამორთმევა, ვის მივმართო, ან რა არის ამისთვის საჭირო?

- მშობლის უფლების ჩამორთმევის წინა პირობები განსაზღვრულია კანონით და ხდება მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა კანონით დადგენილი წინა პირობები, რის გამოც მშობელს უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება. უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მამობის ჩამორთმევა. თუმცა პრაქტიკაში უფრო მიღებულია მშობლის უფლების შეზღუდვა, რომელიც ასევე სასამართლოს გზით ხდება. მშობლის უფლების შეზღუდვა არ გართმევთ ალიმენტის მოთხოვნის უფლებასაც.

- რამდენიმე წლის წინ მეუღლეს სასამართლოს გზით გავშორდი, ოფიციალურად განვქორწინდით და უძრავი ქონებაც გავიყავით. სასამართლო გადაწყვეტილებით მე ჩემი წილი მივყიდე ყოფილ მეუღლეს, ხოლო ბავშვის წილი, რომელიც მაშინ მცირეწლოვანი იყო, ხელშეუხებელი დარჩა მის სრულწლოვანებამდე. ახლა ვიგებ, რომ ჩემს ყოფილ ქმარს გაუყიდია სახლი და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ჩემი შვილის მონაცემებით არაფერი იძებნება. რა ბედი ელის ასეთ დროს ჩემი შვილის კუთვნილ წილს? როგორ მოვიქცე?

- თუ არასრულწლოვანი შვილი იყო უძრავი ქონების თანამესაკუთრე და აღნიშნული ნასყიდობის შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, ანუ როდესაც არასრულწლოვანს ეკუთვნის ქონების რაღაც წილი, მისი გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით. სასამართლომ უნდა დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ქონების გასხვისებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნასყიდობა ვერ შედგება. თუ მსგავსი წესის საწინააღმდეგოდ იმოქმედა მშობელმა, ნასყიდობის ხელშეკრულება არასრულწლოვნის წილის ნაწილში ბათილი იქნება, როგორც კანონსაწინააღმდეგოდ დადებული გარიგება.

- ოფიციალურ ქორწინებაში ვიყავი მეუღლესთან, რომელიც გარდაიცვალა. მას ჰქონდა ქონება, რომელიც მიღებული ჰქონდა სამკვიდროთი. ასეთ შემთხვევაში მე ვარ თუ არა ამ ქონების კანონიერი მემკვიდრე და მივმართო თუ არა ნოტარიუსს? კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქონებაზე პრეტენზია?

- მნიშვნელობა არა აქვს, მამკვიდრებელს ქონება აჩუქეს თუ მემკვიდრეობით მიიღო, გარდაცვალების დროისთვის რა ქონების მესაკუთრეც იყო მამკვიდრებელი, კანონით ის ქონება გადადის პირველი რიგის მემკვიდრეებზე, ხოლო პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები და მშობლები. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეიძლება ასევე მოითხოვოს სამკვიდრო, მეუღლის გარდა შეიძლება მოითხოვონ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იხილეთ სრულად

myquiz