როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა გერმანიაში ქართულ-ინდური ოჯახი? | Allnews.Ge

როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა გერმანიაში ქართულ-ინდური ოჯახი?

მე და ჩემი რესპონდენტი ერთ დღეს, 27 თებერვალს ვართ დაბადებული, ჰოროსკოპით თევზებია. ეს კი უკვე იმას "ნიშნავს" და განსაზღვრავს, რომ ხელოვნება, პედაგოგიკა მისი მოწოდებაა. ასეც არის: მისი პირველადი პროფესია მხატვრობაა. თბილისში ჯერ სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში - ტექსტილის დიზაინის განხრით. შემდეგ საშუალება მიეცა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გამგზავრებულიყო და ბერლინის აკადემიაში თანამედროვე ტექსტილის მიმართულების განხრით კურსი გაევლო. მალევე ბერლინიდან შტუტგარტის უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ორიოდე წლის წინ ოჯახი შექმნა და დღეს ის შტუტგარტის ერთ-ერთი ბაღში აღმზრდელი პედაგოგია.

თეა ჭყონია:

- გერმანიაში 2013 წლის ზაფხულში ჩამოვედი. ბერლინში სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდი. თან სტიპენდიაც დამიმთავრდა და ვეღარც მოვახერხებდი დარჩენას, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა შტუტგარტში გადასვლა შემომთავაზეს. ვიფიქრე, ცოტა ხნით დავრჩები, სამსახურს ვიშოვი და თან ენას ვისწავლი-მეთქი. სამსახურს დიდხანს ვეძებდი. ვინაიდან ენა არ ვიცოდი, ეს დიდი ბარიერი აღმოჩნდა. ახლა ყველას ვურჩევ, საზღვარგარეთ რა მიზნითაც უნდა დაგეგმონ გამგზავრება, მანამდე აუცილებლად ისწავლონ ენა. 2015-2016 წლიდან გერმანული ენის შესწავლის ინტენსიურ კურსს გავდიოდი. პარალელურად ორ სამსახურში დავსაქმდი, ტანსაცმელების მაღაზიასა და წიგნების ქარხანაში. 2015 წლის მაისში, ენის კურსებზე ჩემი ახლანდელი მეუღლე სატიაკამ ბარუა გავიცანი. თუ მანამდე საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაშინ უკვე გეგმები შემეცვალა. ჩემი მეგობარი ვალდორფის პედაგოგიკას სწავლობდა. სწავლების მეთოდოლოგიით, არსითა და სისტემით მეც დავინტერესდი. ჩავაბარე, მაგისტრატურა გავიარე და დღეს ვალდორფის ხელოვნებისა და ხატვის უფროსი მასწავლებელი ვარ - შემიძლია აბიტურიენტების ასაკის მოსწავლეების მომზადება, 8-დან-13 კლასის ჩათვლით. ამ ეტაპზე ვმუშაობ და ვსწავლობ - ამჯერად პატარების, 0-6 წლამდე ვალდორფის პედაგოგიკის განხრით ვიმაღლებ კვალიფიკაციას და აღებული მაქვს ერთწლიანი კურსი, როგორიცაა ხელის ჟესტებით თამაში, რაც კომუნიკაციას როგორც ვერბალურად, ისე ხელების დახმარებით ითვალისწინებს.

india-2-1694285004-1694417984.jpg

- დღესდღეობით სად მუშაობთ?

- სწავლამ დიდი ხნის განმავლობაში მომიწია. გერმანიაში პედაგოგიკის შესწავლა არ არის მარტივი და თან, ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. სწავლის პერიოდში სკოლაში ბევრი პრაქტიკა მქონდა და ვფიქრობდი, რომ მუშაობას რომელიმე სკოლაში დავიწყებდი, მაგრამ საამისო მოტივაცია მას შემდეგ დავკარგე, რაც სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდორფის ერთ-ერთ ბაღში მოვხვდი. დღემდე ბავშვებთან ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. არადა, ბავშვობიდან დედას პროტესტით ვეუბნებოდი, მასწავლებელი არასდროს ვიქნები-მეთქი. თურმე მართალი ყოფილა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს! ჩემი საქმე რომ ძალიან მომწონს. ალბათ მიზეზი ისიც არის, რომ მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, ეს დიდ ბედნერებას მანიჭებს. ვფიქრობ, ის სირთულეები, რაც გამოვიარე, ღირდა იმისთვის, სადაც ახლა ვარ. პატარებთან, ჩემს 25 ბავშვთან ვმუშაობ და ვარ ძალიან ბედნიერი (იღიმის). შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პოზიტიური ენერგია მაქვს და ბავშვებიც ასეთივე ენერგიას გადმომცემენ, რაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმყვება. ძალიან ვავსებთ ერთმანეთს.

- ორიოდ სიტყვით, ისიც ვთქვათ, როგორია ყოველდღიურობა და სამუშაო განრიგი?

- ვალდორფის პედაგოგიკა ძალიან სპეციფიკურია. თუ ჩვენთან კონკრეტულ საათებში უფროსი უზის და ასწავლის, აქ ბავშვს ყოველდღიურად შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ოთახში არსებულ სტენდთან, აიღოს სახატავი საშუალებები, ფანქრები, ფურცლები და თავისი ფანტაზიით ხატოს. თუ ბავშვი მოვა და თავის ნახატზე მკითხავს, ლამაზიაო? ტექნიკურ მხარეს კი არ ვუფასებ, არამედ ვეუბნები, რომ ლამაზი ფერები გამოუყენებია.

გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება, რომელსაც ფესტივალებს ვეძახით. აქ არ იგულისხმება ბავშვების ნახატების გამოფენა ან რამე მსგავსი. ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა თამაშში უნდა ჩაერთო ბავშვებთან ერთად, მოდიან მშობლები, იშლება ა-ლა-ფურშეტი და ა.შ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ბავშვი სკოლამდე ასაკში რომელიმე წრეზე ატარო. უმჯობესია, თავად განვითარდეს და უკვე მერე გამოავლინოს იმ რომელიმე კონკრეტული სფეროს თუ სფეროებისადმი ინტერესი. ბაღში სრული განაკვეთით ვმუშაობ, 3-დან 7 წლამდე ბავშვებთან. დღეები ყოველთვის დატვირთულია, დავდივართ ტყეში, რომელიც ბაღის გარშემოა და იქაც სხვადასხვა თამაშით ვართ დაკავებული.

- ჩვენთან და არა მხოლოდ, ბავშვების ტექნიკასთან ურთიერთობა დიდი პრობლემაა, ბაღში პატარებს ტელეფონის გამოყენების საშუალება თუ აქვთ?

- არა. ჩვენი ბავშვები მობილურებით არ სარგებლობენ. და საერთოდ, აქ 3 და 7 წლის ბავშვს ტელეფონები არ აქვთ. ბაღში რომ მივდივარ, მობილურს ჩანთაში ვტოვებ. ტელეფონები სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ, ის ბავშვის განვითარებას ძალიან აფერხებს. იხილეთ სრულად

myquiz