რა საიდუმლოებები წაიღო იმ ქვეყნად შევარდნაძემ?! - CIA-ს აგენტის მკვლელობა და მთავრობის სკანდალური სხდომა | Allnews.Ge

რა საიდუმლოებები წაიღო იმ ქვეყნად შევარდნაძემ?! - CIA-ს აგენტის მკვლელობა და მთავრობის სკანდალური სხდომა

ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კარიერამ ედუარდ შევარდნაძე მუდმივ უნდობლობას და ეჭვს მიაჩვია. იყო კიდევ ერთი, "პარტიულ ტერარიუმში" შეძენილი თვისება: კონსპირაცია და სიმართლის დამალვა. ეს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, ბოლოს კი უამრავი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ქვეყნად წაიღო. ამიტომაც, ახლა ხშირად სიმართლის დადგენა გვიჭირს იმ პერიოდის მოვლენების ანალიზის დროს. ედუარდ შევარდნაძეს მემუარებში ( "ფიქრი წარსულსა და მომავალზე") ლენინი თორმეტჯერ, სტალინი ოცდათხუთმეტჯერ, ხოლო ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია . . . .

მხოლოდ თითოჯერ ჰყავს მოხსენიებული. სამწუხაროდ ამ, თითქმის ხუთასგვერდიან წიგნში, შევარდნაძემ "ოსტატურად" აუარა გვერდი 1992–2003 წლებში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ან მხოლოდ ოფიციალური ვერსია გაიმეორა. ეს თუნდაც მასზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხება. შევარდნაძეზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა: 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი (МИ-24) სახიფათო მანევრებით ცდილობდა იმ სამოქალაქო ვერტმფრენის (МИ-8) ჩამოგდებას, რომლითაც შევარდნაძე და სხვა ოფიციალური პირები სოხუმში ბრუნდებოდნენ. ქართველი პილოტების წყალობით ავიაკატასტროფა აცილებული იქნა.

eduard-1694117708-1694239711.jpg

1992 წლის 3 ოქტომბერის რეისი, რომელიც შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო

მეორე თავდასხმა–ტერაქტი 1995 წლის 29 აგვისტოს განხორციელდა. "იმელის" შენობის (სადაც მაშინ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი მუშაობდა) ეზოში გაჩერებული დანაღმული "ნივა" აფეთქდა და შევარდნაძემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მესამე თავდასხმა–ტერაქტი 1998 წლის 9 თებერვალს ორთაჭალაში, 300 არაგველების ძეგლთან მოუწყვეს. საბედნიეროდ, შევარდნაძე კვლავ უვნებელი გადარჩა. პირველი შემთხვევის გარდა, როდესაც შევარდნაძის დაცვას მომხდარზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო, მეორე და მესამე ტერაქტები უშუალოდ დაცვის პასუხისმგებლობა იყო. აქ ძირითადი თემიდან მცირე გადახვევა დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რგოლის – უშიშროების სისტემის ფაქტიური არარსებობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც 1991 წლიდან დღემდე საქართველოს თავს დასტყდომია. ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში დაბრუნებისას არა მარტო "სამხედრო ხუნტა–საბჭო" დახვდა იოსელიანი–კიტოვანი–სიგუას შემადგენლობით, არამედ მთლიანად მოშლილი სახელმწიფო–ადმინისტრაციული სისტემა.

საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო სრულ კოლაფსში იმყოფებოდა: 1992 წლის დასაწყისამდე ის სტრუქტურულად და ფინანსურად საკავშირო კა–გე–ბეზე იყო დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველოში ჯაბა იოსელიანის "მხედრიონისა" და თენგიზ კიტოვანის "ეროვნული გვარდიის" ოთხწლიანი ანარქიის პერიოდი დაიწყო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი გაურკველობაში იმყოფებოდა: ერთბაშად დაეცა ერთ დროს ელიტური კლანის პრესტიჟი და გავლენა, მათი უკვე არავის არ ეშინოდა – პირიქით: კა–გე–ბეშნიკებს უხდებოდათ თავისგადარჩენისთვის ბრძოლა. იყო კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე რთული პრობლემა: საქართველოს უშიშროების მაშინდელმა თანამშრომლებმა თავად არ იცოდნენ, ვისი დავალებები უნდა შეესრულებინათ. ამ პირობებში შევარდნაძის უსაფრთხოების დაცვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

eduardiiiiiiiiiiiiiiiii-1694117924-1694239769.jpg

უშიშროების სამინისტროს (შემდეგ: საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური) სტრუქტურაში არსებული სამთავრობო დაცვის სამმართველო (რომელსაც უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს პირველი პირის – ედუარდ შევარდნაძის სადღეღამისო დაცვის ორგანიზება და კონტროლი), მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებდა ამ ფუნქციების ეფექტიან შესრულებას. მთავარი საფრთხე მოსკოვიდან მოდიოდა. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში დიდი დასაყრდენი ჰყავდათ, უპირველესად პოლიტიკურ პარტიებში, სპეცსამსახურებსა და სხვა ძალოვან უწყებებში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა რუდუნებით ზრდიდნენ ისინი კომკავშირული ასაკიდან მომავალ "გავლენის აგენტებს", ოპერთანამშრომლებს და რეზიდენტებს, რამდენი დრო, ენერგია და ფულია დახარჯული მათზე, მათ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერაზე, ბიზნეს წარმატებებზე. ამიტომ საქართველოში კვლავ ძალზე ძლიერი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის/რუსეთის, სპეცსამსახურების (კა-გე-ბე და გე-ერ-უ) პოზიციები.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები მათი აგენტურით ოყო გადავსებული. საქმე იქამდე იყო მისული, რომ ისინი უკვე, მოსკოვის ("ცენტრის") დავალებით, ერთმანეთის საიმედოობას აკონტროლებდნენ. ამავე დროს იყო ძალზე მძაფრი ფარული დაპირისპირება რუსეთის საგარეო დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეფ-ეს-ბეს ქართველ აგენტებს შორის. ყველა ცდილობდა კრემლისთვის კონკურენტზე მეტად მოეწონებინა თავი და საქართველოში უფრო მაღალი პოსტი "დაეთრია". ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებისთანავე აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა "შევის" უშიშროების თანამედროვე სისტემის შექმნაში, რადგანაც იმ პერიოდში "თეთრი მელა" ყველაზე პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს პოლიტიკურ სივრცეში. იხილეთ სრულად

myquiz