იცით, საიდან გაჩნდა კუკიის სახელწოდება და რა საერთო აქვს მას „საფრთხობელასთან“? | Allnews.Ge

იცით, საიდან გაჩნდა კუკიის სახელწოდება და რა საერთო აქვს მას „საფრთხობელასთან“?

დღესდღეობით კუკია ეწოდება უბანს, რომელიც ჩუღურეთის რაიონს მიეკუთვნება და მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მახათას მთის დასავლეთ ფერდობზეა გაშენებული.

abd06267-1692356368.jpg

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ უწინ ამ სახელწოდებით დღევანდელი აღმაშენებლისა დასაწყისში, ზაარბრუკენის მოედნის მიდამოებში (ძველად პლეხანოვის პროსპექტის დასაწყისში, მარქსის მოედნის მიდამოებში) არსებულ ტერიტორიას მოიხსენიებდნენ.

1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს დასახლება სახელწოდებით „ახალსოფელი“.

tbilisi-plan-by-prince-vakhushti-original-1692356389.jpg

იგივე ტერიტორიას ცოტა მოგვიანებით შედგენილ თბილისის გეგმებშიც „ახალი სოფლის“ სახელწოდებით იხსენიებენ. 1772 წელს, აკადემიკოსი გიულდენშტედტი აღნიშნულ ტერიტორიას უკვე „კუკიის“ სახელწოდებით იხსენიებს და აღნიშნავს რომ ძველად აქ ციხესიმაგრეც კი იყო განთავსებული.

თ. კვირკველიას ცნობებით სოფელ „კუკიის“ მაცხოვრებლები უმეტესწილად მეურნეობითა და ხელოსნობით იყვნენ დასაქმებულნი.

მისვე თქმით, 1818 წ. სოფლის ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გადმოსახლებული გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ.

დროთა განმავლობაში ეს სახელწოდება აღმაშენებლისა დასაწყისში, ზაარბრუკენის მოედნის მიდამოებში არსებულ ტერიტორიას ჩამოსცილდა და მხოლოდ „ახალი კუკიის“ ტერიტორიას შემორჩა.

საინტერესოა, საიდან მომდინარეობს ეს სახელწოდება?!

97979991-2967158430033008-5628989562681294848-n-1692356411.jpg

თ. ბერიძის ვარაუდით უბნის სახელწოდება XVIII ს.-ის 40-იან წლებში თრიალეთის სოფელ “კუკიას“ მოსახლეობის თბილისის გარეუბანში, ამ ტერიტორიაზე დასახლებას უნდა უკავშირდებოდეს. მისივე ვარაუდით სახელის ეტიმოლოგიური ახსნა თოჯინის („კუკის“) სახელწოდებას უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც აქტიურად გამოიყენებდნენ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რიტუალში.

სოფელში ყოფნისას ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ბოსტანში, ბაღში, ვენახში დადგმული ე. წ. „საფრთხობელები“. ქართლში მათ „ბოსტნის დედოფალას“, კახეთში კი — „ბოსტნის კუკის“ უწოდებდნენ. თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „კუკიის“ ტერიტორიაზე მრავლად იყო ბაღები და ბოსტნები შესაძლებელია აქაური მაცხოვრებლები ფრინველთა და ცხოველთა დასაფრთხობად სწორედ რომ თოჯინა „კუკის“ იყენებდნენ.

scarecrow-5a0073d77e085-1692356786.jpg

ავტორი: ნინო ბარნაბიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985

2. ღოღობერიძე ნინო, ქართული ხალხური დედოფალების კატალოგი, თბ.: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1968.

myquiz